მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვისგან იყიდა მთავრობამ $4.2 მილიონის ზეთი, მაკარონი და შაქარი - TI კორუფციის რისკებს ხედავს

5f0492cd73d4d
ინგა მურუსიძე
07.07.20 20:00
1387
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში განხორციელებული გამარტივებული შესყიდვები და ამ პერიოდში გაფორმებული კონტრაქტები შეისწავლა. როგორც კვლევაშია ნათქვამი, გამოვლინდა, რომ „ქართული ოცნების“ შემომწირველებთან დაკავშირებულმა 25-მა კომპანიამ საგანგებო მდგომარეობის დროს გამარტივებული შესყიდვის გზით ჯამში 45 მლნ ლარამდე ღირებულების 68 კონტრაქტი მიიღო. ამასთან, აღნიშნული 25 კომპანიის მფლობელებმა 2016-2020 წლებში „ქართულ ოცნებას“ ჯამში 2,3 მლნ ლარზე მეტი შეწირეს. "კვლევაში ცალკე გამოვყავით ის შესყიდვები, რომლებმაც ყურადღება მიიქციეს სხვადასხვა საეჭვო გარემოებების გამო. ძირითადად, ეს გარემოებები მმართველი პარტიის და მისი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის შემომწირველების სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობასთანაა დაკავშირებული", - ნათქვამია კვლევაში.

მაგალითად, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტომ 4,232,800 აშშ დოლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტები გაუფორმა შპს „მზიურს“ და შპს „ალფას“.

შპს „მზიურთან“ გაფორმებული 1,424,400 აშშ დოლარის (4,531,444 ლარი) ხელშეკრულება 1,5 მილიონი ლიტრი ზეთის რუსეთის ფედერაციიდან შესყიდვას, ხოლო შპს „ალფასთან“ დადებული ხელშეკრულება 2,808,400 აშშ დოლარის (8,934,363 ლარი) ღირებულების 5 ათასი ტონა შაქრისა და 400 ტონა მაკარონის რუსეთის ფედერაციიდან და ბელარუსიდან შესყიდვას ითვალისწინებს. საგანგებო მდგომარეობის პირობებში მსხვილი პირდაპირი შესყიდვის მიღებამდე შპს „მზიურს” სახელმწიფო შესყიდვების დიდი გამოცდილება არ ჰქონდა – მას არც ერთ ელექტრონულ ტენდერში არ აქვს მონაწილეობა მიღებული და 2012 წლიდან დღემდე მხოლოდ 13 მცირე პირდაპირი კონტრაქტი აქვს გაფორმებული.

კომპანია „მზიურის“ დირექტორმა შოთა ბასილაშვილმა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა დიმიტრი რამიშვილმა „ქართულ ოცნებას“ ერთი და იმავე ოდენობის თანხა, ფაქტობრივად, ერთდროულად შესწირეს. 2018 წლის 13 დეკემბერს სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ თითოეულმა 30,000 ლარი გაიღო, ხოლო 2017 წლის 11-12 სექტემბერს თითოეულმა 50,000 ლარი შესწირა „ქართულ ოცნებას”.

გამარტივებული შესყიდვით შერჩეულმა მეორე კომპანიამ შპს „ალფამ“ 2016 წელს 120,000 ლარი შესწირა „ქართულ ოცნებას“. შპს „მზიურის” მსგავსად, შპს „ალფასაც“ სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის დიდი გამოცდილება არ აქვს, კერძოდ, 2014-2019 წლებში მას ოთხი მცირე პირდაპირი კონტრაქტი ჰქონდა გაფორმებული.

გამარტივებულ შესყიდვებთან დაკავშირებით კვლევა სრულად