მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვისია კომპანია "ბროლი", რომელსაც პროკურატურა ათეულობით მილიონის გათეთრებას ედავება

5f85aaba86df8
შოთა ტყეშელაშვილი
13.10.20 17:27
2848
საქართველოს გენერალური პროკურატურა ქვეყანაში "ათეულობით მილიონის" უცხოური ვალუტის ფულის გათეთრების საქმეზე ავრცელებს განცხადებას. უწყების ინფორმაციით, დღეს სპეცრაზმის დახმარებით ჩხრეკა რამდენიმე ობიექტზე ჩატარდა. პროკურატურის განცხადებით, საგამოძიებო მოქმედებები კომპანია "ბროლში" ჩატარდა, რომლის ოფისიც ლილოში მდებარეობს. ბიზნეს-რეესტრის მონაცემებით, კომპანია „ბროლი“ 2010 წელს არის რეგისტრირებული და მისი 100%-იანი წილის მფლობელი ირანის მოქალაქე ჯამშიდ სორხქუჰია. კომპანიას საკუთარი ფინანსური მაჩვენებლები გამოქვეყნებული არ აქვს. სორხქუჰის სხვა ბიზნესიც ეკუთვნის, ეს 2018 წლის სექტემბერში რეგისტრირებული კომპანია "ჯიმეტალია" სორხქუჰი კომპანიის დირექტორი და ერთადერთი მეწილეა.

"საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, ჯგუფურად განხორციელებული უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობის შემოსავლის მიღება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

საქმე ეხება ტრანსნაციონალური ხასიათის, ათეულობით მილიონი სხვადასხვა ვალუტის თანხების შესაძლო გათეთრებას.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტაციის და ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობების, ასევე დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხების მოძიება-ამოღების მიზნით, 2020 წლის 13 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში მდებარე რამოდენიმე ობიექტში ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება - ჩხრეკა, რა დროსაც გამოძიებისთვის მნიშვნელოვან დოკუმენტაციასთან ერთად ამოღებული იქნა განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხები.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული ფასეულობების უსაფრთხო ტრანსპორტირების უზრუნველყოფის მიზნით, გამოყენებული იქნა სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლები.

საქმეზე გრძელდება გამოძიება. საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს პროკურატურა პერიოდულად მოახდენს საზოგადოების ინფორმირებას გამოძიების შედეგების თაობაზე," - ნათქვამია განცხადებაში.

საგამოძიებო უწყების წარმომადგნელის, დავით ბაინდურაშვილის განცხადებით სპეციალური დანიშნულების რაზმი გამოძიებამ კომპანიის ოფისიდან ამოღებული ნივთების ტრანსპორტირების მიზნით დაიხმარა. 

„დანაშაული წარმოადგენს ტრანსნაციონალური ხასიათის ფულის გათეთრების საქმეს. აღნიშული საქმის ფარგლებში რამდენიმე ობიექტზე, მათ შორის, საცხოვრებელ სახლში ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება ჩხრეკა. ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია ორგანიზაციის და ასევე ელექტრონული მატარებლების სხვადასხვა სახის დოკუმენტაცია. იმისთვის, რომ შესაძლო ამოღებული ნივთები დაქვემდებარებოდა უსაფრთხო ტრანსპორტირებას, დანიშნულების ადგილზე მიტანას, ასევე ჩხრეკის მიმდინარეობის უსაფრთხო განხორციელებისთვის დაგვჭირდა საქმეში ჩართული ყოფილიყო სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლები. დაკავებული ამ ეტაპისთვის არავინ არ არის, მიმდინარეობს გამოძიება“, – განაცხადა დათო ბაინდურაშვილმა.

ამ დროისთვის საქმეთან დაკავშირებით სხვა დეტალები ცნობილი არაა.