მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვისთვის აღდგა სამართლიანობა? - ბიზნესი წართმეული ქონების დაბრუნებას მე-8 წელია ელის

5ecd2987c4a05
ელენე გოგბერაშვილი
26.05.20 19:40
1765
„ქართული ოცნების“ სამართლიანობის აღდგენის წინასაარჩევნო დაპირება ქონებაწართმეული ბიზნესების უმრავლესობისთვის დღემდე დაპირებად დარჩა.

2015 წელს პროკურატურაში სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოსაძიებლად სპეციალური დეპარტამენტი შეიქმნა, თუმცა აღნიშნული უწყება უფლებამოსილია მხოლოდ სახელმწიფოს ბალანსზე არსებული ქონების დაბრუნების შესახებ მიიღოს გადაწყვეტილება.

ცოტა ხნის წინ პროკურატურამ პარლამენტს საქმიანობის ანგარიში წარუდგინა, საიდანაც შევიტყვეთ, რომ წართმეული ქონების დაბრუნების მიზნით შექმნილმა დეპარტამენტმა 2015-2019 წლებში ჯამში 256 პირს (მათი ვინაობა საჯარო არ არის) 53.5 მილიონი ლარის ქონება დაუბრუნა.

დაბრუნებულ უძრავ და მოძრავ ქონების ჩამონათვალში ვერ მოხვდა რიგი წართემული ქონებები, რომელთაც ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ვაშუქებდით.

ერთ-ერთი ასეთი "ალბატროსის" საქმეა, რომლის მფლობელი წართმეული ქონების დაბრუნებას დღემდე უშედეგოდ ელის ეკონომიკის სამინისტროსგან. შეთანხმება აღნიშნულ უწყებასთან გიორგი კვირიკაშვილის პრემიერობის დროს შედგა, თუმცა იურიდიულად ქონების დაბრუნება დღემდე არ მომხდარა. დავით ბეგიაშვილი სამართლიანობის აღსადგენად ბრძოლაში დიპლომატიური კორპუსის ჩართვას განიხილავს.

“ამ დეპარტამენტში იხილება ჩემი საქმეც. არც ძიება მიმდინარეობს ფაქტობრივად და არც არანაირი დასკვნა მიღებულა ჩვენი საქმის გარშემო. ელემენტარულად დაზარალებულადაც კი არ გვცნეს ამ საქმეზე.

ხელშეკრულება გაფორმებული გვაქვს ქონების გადმოცემის შესახებ, არსებობს მთავრობის დადგენილებაც და რატომღაც ეკონომიკის სამინისტრომ არ გადმოგვცა ქონება.

ამის ბოლო მიზეზი იყო ის, რომ მთავრობის შეთანხმებას საჭიროებდა ეს ქეისი თითქოსდა მთავრობის კანცელარიაში დევს, მაგრამ პრემიერები შეიცვალა და საკითხი არ დაძრულა“-აცხადებს დავით ბეგიაშვილი.

კიდევ ერთი, საკმაოდ მსხვილი ქონება, რომელიც დღეს სახელმწიფო ბალანსზეა და რომლის დაბრუნებასაც მისი კანონიერი მესაკუთრეები დღემდე უშედეგოდ ცდილობენ, თბილავიამშენის ქონებაა. კომპანიის აქციონერებს ეს შენობა 2010 წელს ეკონომიკის სამინისტროში იძულების გზით გააჩუქებინეს. როგორც აქციონერების უფლებადამცველი გვეუბნება, ის, რომ თბილავიამშენის ქონება წართმეულია, სახელმწიფო სტრუქტურებშიც აღიარებენ, თუმცა დღევანდელ ხელისფულებას ამ ქონების კანონიერი მესაკუთრეებისთვის დაბრუნება არ აწყობთ.

„თბილავიამშენის საქმე არის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი. ის, რომ ქონება წართმეულია, ამაზე არავინ არ დაობს, ამას აღიარებს პრაქტიკულად ყველა, კულუარულ საუბრებში და პირად საუბრებში არც ხელისუფლება არ გაურბის. თუმცა როცა საქმე საქმეზე მიდგება და ქონების კანონიერ მესაკუთრეებზე დაბრუნება დგება დღის წესრიგში, იქ პროცესი ჩერდება. ამას ვერ მიაღწიეს კანონიერმა მესაკუთრეებმა ვერც სასამართლოს საშუალებით, ვერც პროკურატურის საშუალებით.

ჩვენი რეალობის გათვალისწინებით, ეს ყველაზე დიდი ქონებაა პრაქტიკულად, რაც საქართველოში არსებობდა ეს ერთი, მეორეც - ეს არის მომგებიანი ბიზნესი თავისი არსით- სამხედრო და საავიაციო თემატიკასთან არის დაკავშირებული და მესამე-არის ის, რომ ვიღაცას არ უნდა მსუყე ლუკმის ხელიდან გაშვება“-აცხადებს სულხან სალაძე.

სიტუაცია არც იმ შემთხვევაშია განსხვავებული, როცა იძულებით ჩამორთმეული ქონება არა სახელმწფოს, არამედ რომელიმე კერძო კომპანიის საკუთრებაა. ამის ერთ-ერთი მაგალითია "სენტა პეტროლიუმის" საქმე, რომლის მფლობელები ქონების იძულებით დათმობაში თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს ადანაშაულებენ. მათი თქმით, სენტას საქმე ნათელი მაგალითია იმისა, რომ დღევანდელ ხელისუფლებას პოლიტიკური ნება არ აქვს წართმეული ქონებები მათ კანონიერ მესაკუთრეებს დაუბრუნოს.

„ჩვენ ქონება იძულების გზით 2010 წლის ბოლოს, 2011 წლის დასაწყისში დაგვათმობინეს. როდესაც დადგა 2012 წელი, გაგვიჩნდა იმედი, რომ შესაძლებელი იქნებოდა ჩამორთმეული ქონების უკან დაბრუნება. ჯერ იყო პროკურატურაში სარჩელი და შემდგომ სასამართლოში. პროკურატურაში საქმე დაიწყო, თუმცა შემდგომ შეჩერდა და დღემდე შეჩერებულია. რაც შეეხება სასამართლოს, საქმე დამთავრდა 2018 წელს. სამივე ინსტანცია გავიარეთ და შედეგად მივიღეთ ის, რომ არათუ სამართალი ვიპოვეთ, არამედ ჩვენი მოწინააღმდეგე, კეზერშვილის კომპანიის "სან პეტროლიუმ ჯორჯიას" სასარგებლოდ დამთავრდა საქმე და ასევე გადაგვახდევინეს ჯარიმა 350 ათასი ლარი. ეს არის მათი ექსპრტების იურისტების და სხვა ხარჯების ასანაზღაურებლად. ასე სავალალოდ დამთავრდა ეს პროცესი სასამართლოში.

ყველასთვის ცნობილი ამბავია, რომ სასამართლო და პროკურატურა არ არის თავისუფალი, თორემ ეს საქმე ძალიან ნათელი გამოსაძიებელი იყო, ეს ქონება არსად წასულა, არ ყოფილა მესამე პირი და შემდგომი გადაყიდვები, ისევ იმ კომპანიას ეკუთვნის დღემდე, რომელმაც თავის დროზე მიითვისა და ყველაფერი ძალიან მარტივად იყო შესასრულებელი, მაგრამ არ იყო ნება და თავის დროზე ძალიან ბევრს ვეცადეთ როგორმე ხმა მიგვეწვდინა ისეთი ადამიანებისთვის, რომ ჩარეულიყვნენ და სამართალი გვეპოვა, მაგრამ ეს არ მოხდა“-აცხადებს ზაალ იაკობიძე.

სამართლიანობის აღდგენის ტემპით არათუ წინა ხელისუფლების დროს დაზარალებული ბიზნესი, არამედ თავად პრემიერი გიორგი გახარიაც არ იყო კმაყოფილი. გასული წელის სექტემბერში გიორგი გახარიამ პარლამენტის ტრიბუნიდან ღიად თქვა, რომ ქონებების დაბრუნების პროცესი ნელი ტემპით მიდის და ამ საკითხზე კონცენტრირებული მუშაობაა საჭირო.