მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ვისურვებდი, რომ პრემიერი ითვალისწინებდეს NCDC-ის და ჯანდაცვის ექსპერტების აზრსაც” - ბიძინა კულუმბეგოვი

620bdb6c59377
მარიამ ადამია
15.02.22 23:17
510
“ვისურვებდი, რომ პრემიერის მსგავსად, ასეთი ტიპის განცხადებებს პოლიტიკური თანამდებობის პირები არ აკეთებდნენ, ეს არ ხდება არცერთ ევროპულ ქვეყანაში”,- ასე ეხმაურება ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომელმაც მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ ვაქცინაცია „ომიკრონისგან“ არ იცავს და ამის მაგალითია თავად, რომელიც „ფაიზერით“ აიცრა, თუმცა მაინც დაინფიცირდა.

“იმ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, როგორიც ქვეყანაში გვაქვს, მნიშვნელოვანია, რომ ყველა ადამიანმა და განსაკუთრებით არასამედიცინო პირმა, მსგავსი ტიპის განცხადებები, ძალიან დიდი სიფრთხილით გააკეთოს, რადგან ეს აისახება ადამიანების განწყობაზე. ანუ ვიღაცას უფრო უმყარებს იმ გადაწყვეტილებას, რომ კარგად მოიქცა, როდესაც არ აიცრა. საბოლოო ჯამში კი, ეს ყველაფერი ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე აისახება,” - განაცხადა კულუმბეგოვმა.

მისივე თქმით, თუ სამედიცინო თვალსაზრისით შევხედავთ მდგომარეობას, ვაქცინების ეფექტიანობა ინფიცირების დაცვის კუთხით, მკვეთრად შემცირებულია და არაფერი უცხო არ უთქვამს პრემიერს, მაგრამ იქვე უნდა ყოფილიყო განმარტება ნებისმიერ შემთხვევაში, რომ მიუხედავად ინფიცირებისგან დაცვის მაჩვენებლის შემცირებისა, ორჯერ აცრილ ადამიანს, თუ ბოლო დოზით აცრიდან, ექვს თვეზე მეტი არაა გასული, 80%-ით მაინც გარანტია აქვს რომ მძიმე დაავადებისგან და ჰოსპიტალიზაციისგან დაცულია, ხოლო ბუსტერის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 90%-მდე იზრდება.

“თუ ვირუსს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ზეგავლენას გამოვაცლით და პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადებების მსგავსი საუბრები დასრულდება, შესაბამისად, როდესაც დარჩება მხოლოდ სამედიცინო ასპექტი, აი მაშინ დასრულდება პანდემიაც. ეს არის ერთადერთი გზა რომ ჩვენ, ქვეყანაში მძიმე პაციენტები არ გვყავდეს, მეტი გამოსავალი არ არსებობს. თავად პრემიერი კი, არ ვიცი მისი გადაწყვეტილებები და განცხადება რას ეყრდნობა, თუმცა ვისურვებდი, რომ ითვალისწინებდეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და ჯანდაცვის ექსპერტების აზრსაც", - განაცხადა კულუმბეგოვმა.