მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვითხოვთ იმას, რაც არის კონტრაქტში - TAV Georgia ფორსმაჟორის გამოცხადებაზე

6075bcaf3054e
სალომე მეცხვარიშვილი
13.04.21 20:44
1198
თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მმართველი კომპანია TAV Georgia საქართველოს ხელისუფლებას 2020-2021 წლების ფორსმაჟორად გამოცხადებას და კონტრაქტის ორი წლით გახანგრძლივებას სთხოვს. როგორც TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერის მოადგილე თეა ზაქარაძე bm.ge-სთან აცხადებს, მოლაპარაკებების პირველი რაუნდი უკვე გაიმართა.

ეს არ არის განსაკუთრებული პირობა, ვითხოვთ იმას, რაც არის კონტრაქტში - აცხადებს თეა ზაქარაძე.

მისი თქმით, მოლაპარაკებების პირველ რაუნდში კომპანიამ ხელისუფლების წარმომადგენლებს შესაბამისი დოკუმენტაცია წარუდგინა, მომდევნო ეტაპი კი უკვე დეტალური განხილვაა.

“2020 წელი ავიაციიდან არის ამოვარდნილი, რადგან ამ პერიოდში ბათუმის აეროპორტი აბსოლუტურად დაკეტილი იყო, თბილისშიც 98%-ით შეგვიმცირდა მგზავრთნაკადი.

საქმე ისაა, რომ ფორსმაჟორი ახლაც გრძელდება, რადგან ყველა ქვეყნისთვის არ არის გახსნილი საზღვრები, შესაბამისად, ესეც ნაწილობრივ ფორსმაჟორული სიტუაციაა. სწორედ ამიტომ ვითხოვთ ამ ვადით (2 წლით) კონტრაქტის გაგრძელებას”,- აცხადებს ზაქარაძე.

როგორც ცნობილია, სახელმწიფოსა და TAV Georgia-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, TAV-ს თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მართვის უფლება 2027 წლამდე აქვს.

„პანდემიის გამო მთელ მსოფლიოში ჩვენს აეროპორტებში მართვის ხელშეკრულების ორი წლით გახანგრძლივების შეთანხმება უკვე გვაქვს. თურქეთში ჩვენს ყველა აეროპორტში ორი წლით გაგრძელდა შეთანხმების მოქმედება, ჩრდილოეთ მაკედონიაში ჩვენ მივიღეთ გაგრძელების უფლება, ასევე ტუნისში, საუდის არაბეთში, მედინაში ჩვენი ხელშეკრულება ოთხი წლით გახანგრძლივდა. შესაბამისად ვადები განსხვავებულია, თუმცა ყველა ქვეყანაში ეს მინიმუმ ორ წელს შეადგენს. ჩვენ მივმართეთ თქვენს მთავრობას და COVID-19-ის პანდემიის გამო ვადის ორი წლით გახანგრძლივებას მოველით. რატომ? იმიტომ, რომ ამას მთავრობასთან დადებული შეთანხმების ფორსმაჟორის მუხლები ითვალისწინებს. ფორსმაჟორთა შორის კი ნომერ პირველი არის პანდემია. შესაბამისად, ამ გაგრძელების მიღებას ველით”,- განაცხადა TAV Airports-ის პრეზიდენტმა.