22.მაისი .2020 17:52

ვითხოვთ რეგულაციების ამოქმედების 2022 წლამდე გადავადებას - ანზორ მელია

views 554
უკან

ვითხოვთ რეგულაციების ამოქმედების 2022 წლამდე გადავადებას - ამის შესახებ bm.ge-ს კლინიკა "გულის" გენერალურმა დირექტორმა ანზორ მელიამ განუცხადა.

მელიას თქმით, კლინიკები მოთხოვნების შესრულებაზე უარს არ ამბობენ, უბრალოდ დრო სჭირდებათ. მან დეტალურად ისაუბრა იმ მიმართვაზე, რომელიც 9 კლინიკამ გაავრცელა.

"ახლა არის ეპიდემია, აბსოლუტურად შეჩერებულია მუშაობა 80%-ით, რადგან მანქანები არ მოძრაობენ, მარშუტკები არ მოძრაობენ, არც მეტრო. ექიმები და ექთნები შევამცირეთ, ორი კვირა ისვენებენ, ორი კვირა დადიან. მარშუტკები ვიქირავეთ, რომ ადამიანები სამსახურში მოვიყვანოთ და დავეხმაროთ პაციენტებს, შავ დღეში ვართ ფინანსურად. კი, სამინისტრო დაგვპირდა, რომ იმ 6-თვიან და 7-თვიან დავალიანებებს ჩამოწერდა აბსოლუტურად, სიტყვა მოგვცა და შეასრულა, მაგრამ ჩემი კლინიკა არის მონოპროფილური, თვეში ვაკეთებდით 20-25 ოპერაციას, თავისუფლად მყოფნიდა ერთი საოპერაციო, რადგან ოპერაცია ყოველ დღე არ ტარდება, ან ტარდება ორი, სიმძიმის მიხედვით.

ჯერ ბოლომდე ვერ გავერკვიე, მაგრამ ითხოვენ მეორე საოპერაციოსაც, ითხოვენ ხელოვნური  გულის მეორე აპარატს, რომელიც 60 ათას დოლარად ვიყიდე და ჩემი დაკვირვებით, მეორე აპარატი არ მჭირდება. ასევე, ერთ მისამართზე მყოფ კლინიკასთან შესაძლებელი იყო ხელშეკრულების გაფორმება იმისთვის, რომ პაციენტს საჭიროების შემთხვევაში კომპიუტერული ტომოგრაფია ჩაუტარო. ჩემთან მარჯვენა მხარეს, 40 მეტრში და მარცხენა მხარეს 50 მეტრში არის ორი კომპიუტერული ტომოგრაფია. ახლა ახალი რეგულაციებით ითხოვენ, რომ კლინიკას თავად ჰქონდეს ტომოგრაფიის აპარატი, არანაკლებ 64 შრიანი, რომელიც მინიმუმ 150 ათასი დოლარი ღირს, თუ მეტი არა. ამ ოთახის მომზადება, სადაც აპარატი უნდა დაიდოს, ისეთ ხარჯებთან არის დაკავშირებული, რომ ფუნქციონირებას ვერ შევძლებთ", - განაცხადა ანზორ მელიამ.

მელიას აზრით, ეს ცვლილებები კონკრეტულ ინტერესებს ემსახურება. 

"მაგათ პაციენტები არ ჰყავთ და თუ მელიას კლინიკა დაიხურება, თუ ჩუხრუკიძის კლინიკა დაიხურება და კიდევ სხვა
კლინიკები, ეს ავადმყოფები მაგათ კლინიკებში წავლენ. ჩვენი მოთხოვნა არის, რომ ახლა, გამომდინარე პანდემიიდან, სატრანსპორტო შეზღუდვისგან და სხვა მდგომარეობიდან, 2022 წლამდე გადავადდეს ამ გადაწყვეტილების მომზადება. ვითხოვთ გადავადებას, მეტს არაფერს, გვახრჩობენ ფაქტიურად. ძალიან ცუდად იქცევიან. ავტორიტეტულია ჩემი კლინიკა, მთელი საქართველო იცნობს და დასახურად ვერ მომაწვებიან, ამიტომ ასეთი ნაბიჯებით ცდილობენ დაგვხურონ, მაგრამ ვალს ავიღებ და მაინც ვიყიდი მაგ აპარატს, უბრალოდ დრო არის საჭირო", - განაცხადა ანზორ მელიამ.

რაც შეეხება ამჟამინდელ მდგომარეობას, ანზორ მელიას თქმით, კლინიკას ფინანსური პრობლემები აქვს, თუმცა თანამშრომლებს სამსახურიდან ვერ გაუშვებს და არც გეგმავს, რადგან "ექიმები ოჯახებს არჩენენ".

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა