მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

vivus.ge: შევამცირეთ თანამშრომლები და დავხურეთ ფილიალები, დაპაუზებულები ვართ...

5d839cc87b764
სალომე მეცხვარიშვილი
20.09.19 09:00
11920
"შევამცირეთ თანამშრომლები და დავხურეთ ფილიალები, დაპაუზებულები ვართ", - ამის შესახებ bm.ge-სთან მიკროსაფინანსო ორგანიზაცია 4 Finance-ის(vivus.ge) დირექტორი ლაშა ერედელი აცხადებს.

მისი თქმით, ეს ეროვნული ბანკის მიერ შემოღებული რეგულაციების "დამსახურებაა", რომელმაც ბაზარი საკმაოდ მძიმე მარწუხებში მოაქცია.

ლაშა ერედელი ამბობს, რომ მათ შემთხვევაშიც, როგორც ბაზრის სხვა მოთამაშეებთან, 2019 წლის პირველი ნახევარი ზარალიანი იყო.

"ვმუშაობთ ახალ მოდელზე, რომელიც შეიძლება, იყოს გამძლე მიმდინარე რეგულაციებთან მიმართებით, თუმცა ამჟამად აქტიურ საქმიანობას არ ვეწევით", - აცხადებს კომპანიის გენერალური დირექტორი და აღნიშნავს, რომ ამჟამად თბილისში სესხების გაცემა პრაქტიკულად შეჩერებული აქვთ.

"ვფიქრობთ, რომ თავისუფალი საბაზრო პრინციპები არის ამოსავალი წერტილი. კონკურენცია ბადებს ყველაზე კარგ პირობებს. ძლიერი მოთამაშეები რჩებიან ბაზარზე, შედარებით სუსტები - გადიან. რეგულაციები არ უწყობს ხელს მოქალაქეებისთვის საუკეთესო პირობების შეთავაზებას. დიდი ხანია ადვოკატირებას ვუწევთ RIA-ს (რეგულაციის გავლენის შეფასება) პროექტს, რადგანაც შესწავლილი იყოს რეგულაციის ეფექტი საფინანსო ბაზარზე. იმ არგუმენტს, რომ დღეს უფრო ჯანსაღია საფინანსო სისტემა, არ დავეთანხმებოდი", - აცხადებს ლაშა ერედელი.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ბოლო 2 წელში მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის სებ-ის მიერ დაწესებული რეგულაციებიდან განსაკუთრებით მტკივნეული, ეფექტური საპროცენტო ზედა ზღვრის დაწესება იყო.

"განსაკუთრებით გამოსაყოფია საპროცენტო ზღვარი, ზედა ჭერი, რადგან განვითარებულ ქვეყნებშიც მოქალაქეს უმტკიცდება სესხი თავისი გადახდისუნარიანობიდან გამომდინარე. ზედა ჭერი ჩვენთან დაწესებულია საკმაოდ დაბლა. ასევე, არის შემოსავლებისა და გასავლების პროცენტი. შესაძლებელი იყო ევროპული რეგულაციების შემოტანა შედარებით რბილად, მაგრამ მათ ნაჯახისებური ეფექტით, ყველაზე მკაცრი რეგულაციები შესთავაზეს ბაზარს", - აცხადებს კომპანიის ხელმძღვანელი.