მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ვიზრუნებთ ტურიზმის საკანონმდებლო ბაზის ფორმირებაზე" - ქვრივიშვილი

5f958bebc04af
თათია კაკიაშვილი
25.10.20 21:12
939
„ჩვენ ვიზრუნებთ ტურიზმის საკანონმდებლო ბაზის ფორმირებაზე, რაც გულისხმობს მოგზაურების უსაფრთხოებას და მომსახურების სექტორის უფლებების დაცვას, რითაც კერძო სექტორს გავაძლიერებთ“, - ამის შესახებ მმართველი პარტიის 2020 წლის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა და „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა, მარიამ ქვრივიშვილმა მომდევნო 4 წლის გეგმაზე საუბრისას განაცხადა.

ქვრივიშვილის თქმით, სახელმწიფო განაგრძობს, იყოს ძალიან აქტიური და გააფართოვოს ის მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც გულისხმობს გადამზადების პროგრამას ტურიზმის სექტორში დასაქმებულებისთვის, სტუდენტებისთვის, ან მათთვის, ვინც ამ სექტორში დასაქმებას აპირებს.

„შედეგად, 2024 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით ჩავატარებთ სატრეინინგო კურსებს და გვეყოლება დამატებით 8000 კვალიფიკაციური ადამიანი დასაქმებული ტურიზმის სექტორში“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ტურიზმის სექტორის 4-წლიან გეგმაში ტურისტული პროდუქტების დივერსიფიკაციაც შედის.
 
„ვაგრძელებთ ტურისტული პროდუქტების დივერსიფიკაციას და გამოვყოფ ისეთ მნიშვნელოვან პროდუქტებს, როგორიცაა გასტრონომიული და ღვინის ტურიზმი, ეკოტურიზმი, სამედიცინო და ბალნეოლოგიური ტურიზმი, საქმიანი ტურიზმი, პილიგრიმული ტურიზმი და რა თქმა უნდა, სათავგადასავლო ტურიზმი. ჩვენ ვამაყობთ იმ ტურიზმით, რომელიც ევროპული სტანდარტების მცირე ტურისტულ ინფრასტრუქტურას ეხება და ასევე გამოვყოფთ იმ პროექტს, რომელმაც დიდი ღირებულება მოუტანა მეწარმეებს, რაც ეხება ღვინის გზის გაფართოვებას“-აცხადებს ქვრივიშვილი.

მან დააანონსა, რომ იგეგმება ათასობით ტურისტის ისეთ სოფლებში მოგზაურობა, სადაც როგორც წესი, ტურისტები არ ჩადიან.

„ვაგრძელებთ სოფლებსა და რეგიონებში ისეთი ინფრასტრუქტურის მოწყობას, როგორიც არის საპიკნიკე ზონები და გადმოსახედი ადგილები. ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო ოთხსეზონურობა და ამიტომ ვაგრძელებთ, ვიყოთ აქტიურები და განვავითაროთ ინფრასტრუქტურა, რომელიც ხელს უწყობს ზამთრის კურორტების განვითარებას. შეიქმნება კურორტის მართვის ახალი სისტემა, რომელიც კიდევ უფრო მეტად კომფორტულ გარემოს უზრუნველყოფს როგორც შიდა მოგზაურებისთვის, ასევე საერთაშორისო სტუმრებისთვის. 2023 წელს ჩვენი ქვეყანა უმასპინძლებს მსოფლიო ჩემპიონატს, რაც იქნება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი, რადგან ჩემპიონატის ფარგლებში ჩვენს ქვეყანას ესტუმრება ათასობით საერთაშორისო მოგზაური და სტუმარი და ყველაზე გავლენიანი მედიასაშუალებები, რომლებიც აქტიურად და ეფექტურად გააშუქებენ ჩვენს ტურისტულ პოტენციალს“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.