07.მაისი .2020 17:44

ვლაპარაკობთ "ჯორჯიან ეარვეისთან"- საჭიროების შემთხვევაში მათაც მხარდაჭერის პაკეტს შევთავაზებთ-მინისტრი

views 390
უკან

მთავრობა ფრენების შესახებ კონკრეტულ გეგმას მაისის თვეში წარადგენს. ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ დღეს ტურიზმის პოსტკრიზისული გეგმის წარდგენის შემდეგ განმარტა, რომ 1 ივლისამდე პერიოდს პარტნიორ ავიაკომპანიებთან მოლაპარაკებებისთვის და იმ მიმართულებების განსასაზღვრად გამოიყენებენ, საიდანაც ტურისტები პირველ ეტაპზე შემოვლენ.

კონკრეტულ მიმართულებებზე საუბრისას ეკონომიკის მინისტრი აღნიშნავს, რომ პირველ ეტაპზე გაცილებით მარტივია ფრენები აღდგეს იმ ტრადიციული მიმართულებით, რაც ქვეყანას პანდემიამდე ჰქონდა.

ნათია თურნავას განცხადებიდან ირკვევა, რომ მთავრობა საავიაციო სექტორის მხარდამჭერ ღონისძიებებსაც განიხილავს.

"ვლაპარაკობთ „ჯორჯიამ ეარვეისთან“, რომ სულ მცირე 2 მიმართულებით რეგულარული ფრენები განახლდეს და ჩვენ საჭიროების შემთხვევაში მათაც მხარდაჭერის პაკეტს შევთავაზებთ, იმიტომ, რომ ახლა მთავრობა და საავიაციო სექტორი ერთმანეთს გვერდში თუ არ დაუდგა, გაჭირდება სწრაფად აღდგენა ფრენების და ჩვენ ეს გეგმაც გვაქვს. კონკრეტიკას მოგახსენებთ უახლოეს პერიოდში"-თქვა თურნავამ.

მინისტრის განცხადებით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს ყველა იმ კომპანიასთან, ვინც აქამდე დაფრინავდა საქართველოდან;მათ შორის აქტიურ კომუნიკაციაში არიან „WizzAir-თან, რომ დაინახონ ავიაკომპანიის მზაობა, შეასრულონ ყველა ის საერთაშორისო უსაფრთხოების სტანდარტი, რაც იქნება ამ დღეებში დაწესებული მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მხრიდან.

"კონკრეტული გეგმა იქნება მაისის განმავლობაში და ვმუშაობთ იმ მიმართულებების შორთლისტზე, რომლის მომსახურებაზე მზადყოფნას გამოთქვამს იგივე WizzAir, სადაც უფრო მეტი პერსპექტივაა, რომ მეტი ტურისტი მოიზიდოს თავიდანვე. ასევე ვმუშაობთ იმ ქვეყნებთან, დიპლომატიური არხების მეშვეობით, რომ ჩვენ შევქმნათ უსაფრთხო დერეფნები. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვიყოთ მონაწილეები ყველა მრავალმხრივი ინიციატივის, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნების ინიციატივის, რაც შეეხება საზღვრების ეტაპობრივ გახსნას.


ჩვენ აქამდე საკმაოდ წარმატებულ პოლიტიკას ვახორციელებდით ავიაციის სფეროში, მათ შორის მარკეტინგული მხარდაჭერასახ გულისხმობდა ეს პოლიტიკა და ამ პოლიტიკის წყალობით ჩვენ გავაორმაგეთ „WizzAir-ის“ ფრენები, ასევე „რაინეარი“ შემოვიყვანეთ, სხვა საავიაციო მიმართულებები გავხსენით. ჩვენ ამ პოლიტიკას გავაგრძლებთ, უბრალო მოვარგებთ მას ახალ რეალობას“, - განაცხადა ნათია თურნავამ.