მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვმუშაობთ სტრატეგიაზე, რომელიც ახალი ტიპის კომპანიების მოზიდვას გაგვიმარტივებს – Payze

64576016d344a
სალომე ხიდურელი
07.05.23 13:10
742
ქართული ფინტექ კომპანია Payze ახალი ინდუსტრიის ათვისებისათვის ემზადება. ამის შესახებ კომპანიის ერთ-ერთმა თანადამფუძნებელმა, გეგა წურწუმიამ BMGTV-ს გადაცემა Drive-ში ისაუბრა.

„ძალიან საინტერესო ცვლილებები გვაქვს. ახალ სტრატეგიაზე ვმუშაობთ, რაც საქართველოდან ახალი ტიპის კომპანიების მოზიდვას გაგვიმარტივებს. ეს სტრატეგია დამუშავების ეტაპზეა და საჯაროდ მალე გამოვაცხადებთ.

საქართველოში ძალიან კარგად განვითარდა ონლაინ კაზინოებისა და აზარტული თამაშების ინდუსტრია. ადგილობრივი კომპანიები საქართველოს ფარგლებს გარეთ ემსახურებიან მომხმარებელს და ამან ქვეყანაში ძალიან ძლიერი ტექნიკური და ინტელექტუალური რესურსი შექმნა. ისინი ქმნიან ისეთ პროდუქტს, რომლის შესახებაც საქართველოში ბევრმა არ იცის, უცხოეთში კი ბევრი მოიხმარს. ამ კომპანიებთან თანამშრომლობით შეგვიძლია საერთო საინტერესო პროდუქტი გამოვიტანოთ საერთაშორისო ბაზარზე“, - ამბობს წურწუმია.

Payze-ს დამფუძნებელი კომპანიის გასული წლის შედეგებსაც აჯამებს და აღნიშნავს, რომ 800-მდე კომპანიასთან თანამშრომლობენ.

„საქართველოსა და უზბეკეთში უკვე 800-მდე კომპანიასთან ვთანამშრომლობთ, რომლებიც ჩვენს სერვისს იყენებენ. ბოლო დიდი სიახლე Shopify და Wix პლატფორმებთან პარტნიორობა იყო, რაც საქართველოსთვის ძალიან კარგი ამბავია. ეს პლატფორმები აქამდეც იყო ხელმისაწვდომი, თუმცა მხოლოდ ქართული ბარათის გამოყენებით. Payze განსაკუთრებით ხელს უწყობს მცირე და საშუალო ბიზნესს, რომლებსაც ტექნიკური რესურსის დაქირავების და ვებგვერდის თავიდან აწყობის საშუალება შესაძლოა, არ ჰქონდეთ. ამ პლატფორმებზე შეეძლებათ უკვე მზა მაგალითებზე შექმნან საკუთარი მაღაზია, უცხოურ ბაზარზე გავიდნენ და ნებისმიერი არასანქცირებული ქვეყნიდან გადახდები მიიღონ“, - აცხადებს გეგა წურწუმია.

სამომავლო გეგმებზე საუბრისას, Payze-ს თანადამფუძნებელი რეგიონის პოტენციალსაც ეხება და აღნიშნავს, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ელექტრონული კომერცია ჯერ ახლა ვითარდება.

„თავიდან ჩვენი მთავარი მაგალითი გადახდების „გიგანტი“ ამერიკული კომპანია Stripe იყო, რომელიც უკვე ევროპაშიც არის და შუა აზიაშიც, თუმცა არ არის პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. ეს ბაზარი სრულიად აუთვისებელი იყო, რადგან ამ ქვეყნებში ბაზრის განვითარება ახლა მიდის, განსაკუთრებით ციფრული მიმართულებით და ძალიან დაბალ დონეზეა ელექტრონული კომერცია. ვაპირებთ, რომ, უზბეკეთის შემდეგ, უკრაინაშიც შევიდეთ.

პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობისას ჩვენი ტიპის კომპანიებისთვის მრავალი ბარიერი არსებობს. ჩვენ ლიცენზია გვჭირდება ყველა ქვეყანაში, ამიტომ საკმაოდ დიდ შრომასა და რესურსთან არის დაკავშირებული, რომ ყველა ქვეყანაში ეროვნული ბანკის მხრიდან ლიცენზია მოვიპოვოთ. გარდა ამისა, თუ ამერიკაში ელექტრონული კომერციის წილი ჯამურ საცალო ვაჭრობაში 20%-ს მოიცავს, ჩვენს რეგიონში ეს პროცენტი 2-4%-ს შორის მერყეობს, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია, თუმცა განვითარების რესურსი აქვს“, - აღნიშნავს გეგა წურწუმია.

Payze, როგორც სტარტაპი, ქართულ ბაზარზე 2020 წელს გამოჩნდა. ის ტრანზაქციების ინოვაციური ციფრული პლატფორმაა, რომელიც პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ნებისმიერი ტიპის ბიზნესს გადახდების ონლაინ მიღების მრავალფუნქციური პლატფორმით უზრუნველყოფს.