მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ვნახეთ ქორწილი სადედოფლო კაბის გარეშე“ - „ხრიკები“ რეგულაციებზე გვერდის ასავლელად

5f5f587cd5e50
ინგა მურუსიძე
14.09.20 15:47
4612
"დაჯარიმდა სარიტუალო დარბაზი, სადაც ქორწილი სადედოფლო კაბის გარეშე იმართებოდა", - ამის შესახებ შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ მთავრობის უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ზოგადი ტენდენცია პოზიტიურია, ვინაიდან სულ უფრო და უფრო ნაკლები ბიზნეს-ობიექტის დაჯარიმება ხდება საჭირო, რადგან ისინი რეგულაციების გათვალისწინებას იწყებენ.

„აჭარის რეგიონში 6 სარიტუალო დარბაზის დაჯარიმება დაგვჭირდა მას შემდეგ, რაც რეკომენდაციების გავრცელების და გაფრთხილების მიუხედავად, კვლავ განახორციელეს სარიტუალო ღონისძიება. ჯამში, ქვეყნის მასშტაბით დაჯარიმებულია 20 ბიზნეს-სუბიექტი, სარიტუალო დარბაზი იმისთვის, რომ მათ შეზღუდვების მიუხედავად, აკრძალული ღონისძიება განახორციელეს. ღონისძიებები მოდიფიცირებას განიცდის და ადამიანების ნაწილი ცდილობს, რეგულაციების გვერდის ავლით განახორციელოს სხვადასხვა ღონისძიება. მაგალითად, ჩვენ ვნახეთ, რომ ქორწილი ტარდებოდა სადედოფლო კაბის გარეშე. არის ასევე სხვადასხვა მოდიფიკაციები. ეს საკითხები უწყებათშორისმა საბჭომ შეისწავლა და შესაბამისი რეაგირებაც მოვახდინეთ“, - განაცხადა ბექა ფერაძემ.

ის საზოგადოებას კიდევ ერთხელ განუმარტავს, რომ ქორწილი არ არის ამოსავალი წერტილი და საქმე ეხება სოციალურ ღონისძიებას, რომელიც ვირუსის გავრცელების საქმეში მომატებულ რისკს წარმოადგენს.

შეგახსენებთ: covid-19-ის გავრცელების რისკების გამო, ქვეყანაში ქორწილები, ქელეხები და სხვა სოციალური ღონისძიებები აკრძალულია, გარდა საარჩევნო კამპანიისა, სადაც შეკრებისას ჯანდაცვის ყველა რეკომენდაცია უნდა იყოს გათვალისწინებული.