მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთში, McDonald's-ის რესტორნებს ახალი ქსელი «Вкусно и точка» ჩაანაცვლებს

62a5bfc8c3991
თამთა ჯიჯავაძე
12.06.22 14:27
2004
რუსეთში, McDonald's-ის რესტორნებს ახალი ქსელი «Вкусно и точка» ჩაანაცვლებს. პირველი რესტორანი მოსკოვში დღეს იხსნება.

როგორც Forbes Russia წერს, ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა ოლეგ პაროევმა განაცხადა.

მისი თქმით, დღეს განახლებული სახელით 15 რესტორანი დაიწყებს მუშაობას, თუმცა მას McDonald's-ის მსგავსი მენიუ და დიზაინი ექნება. კიდევ 50 რესტორანი კი ხვალ, 13 ივნისს გაიხსნება. ამის შემდეგ, ეტაპობრივად კომპანია კვირაში უკვე ყოფილი McDonald's-ის 50-100 რესტორნის მუშაობას განაახლებს.

რუსული McDonald's-ის ახალი მფლობელი მიმწოდებლებთან პარტნიორობას შეინარჩუნებს. რაც შეეხება მენიუს, ახალი ქსელის მენიუში Big Mac და McFlurry არ იქნება, თუმცა იქნება მომხმარებლისთვის ბევრი ნაცნობი პროდუქტი, მათ შორის, ჩიზბურგერი, ცეზარ როლი, ჩიკენბურგერი და ნაგეთსი. ამასთან, ახალ რესტორნებში McDonald's-ის დეკორის ბევრი დეტალი შენარჩუნდება. თუმცა პეროევის თქმით, კორპორაციული M ბრენდის დიზაინიდან გაქრება.

გარდა ამისა, კომპანიამ გამოაცხადა ტენდერი, რათა „კოკა-კოლა“ სხვა სასმელით ჩანაცვლდეს, ვინაიდან „კოკა-კოლამ“ რუსეთში ბიზნესი მარტში შეწყვიტა, ხოლო მისი CEO ჯეიმს ქუინსი არ გამორიცხავს, რომ რუსეთიდან სრულად გავიდეს. ამასთან, McDonald's-ის რუსული ბიზნესის ახალმა მფლობელმა, ალექსანდრ გოვორმა განაცხადა, რომ განახლებული რესტორნების მენიუში ალკოჰოლური სასმელები არ იქნება. 

ცნობილია, რომ რუსული McDonald's-ის განახლებული ბიზნესის ფარგლებში დასაქმებულების სრულად შენარჩუნება იგეგმება.

„ჩვენ მოვახერხეთ, რომ თითოეული დასაქმებული შეგვენარჩუნებინა. საუბარია დაახლოებით 51 000 ადამიანზე. ყველა მათგანი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ხელფასს იღებდა. უფრო მეტიც, მარტში ჩვენ ხელფასი გავზარდეთ კიდეც“, - აცხადებენ კომპანიის მმართველ რგოლში.

კომპანია რუსეთის მასშტაბით მდებარე ყოფილი McDonald's-ის 850-ივე რესტორნის მუშაობის განახლებას გეგმავს. უფრო მეტიც, მმართველები ამბობენ, რომ 5-6 წლის განმავლობაში რესტორნების რაოდენობის 1000-მდე ზრდას აპირებენ.

შეგახსენებთ, McDonald's-მა რუსეთში ბიზნესის გაყიდვის და რუსეთის ბაზრიდან გასვლის შესახებ მაისის შუა რიცხვებში განაცხადა. 19 მაისს ცნობილი გახდა, რომ ამ ბიზნესს ბიზნესმენი ალექსანდრ გოვორი ყიდულობდა. გოვორი 2015 წლიდან McDonald's-ის პარტნიორი იყო რუსეთში. მან ციმბირში 25 ფრანჩაიზი გახსნა. აღსანიშნავია, რომ McDonald's-მა მომდევნო 15 წლის მანძილზე ბიზნესის გამოსყიდვის უფლება დაიტოვა.