მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“მშენებლობის დაზღვევა საბანკო ანგარიშით უფრო მძიმე პატარა კომპანიებისთვის იქნება” - “არსი”

604266260003c
ანუკა ჯოხაძე
05.03.21 22:00
1028
2021 წელს მთავრობა სამშენებლო პროექტით გათვალისწინებული საცხოვრებელი ფართის არანაკლებ 20%-ის Escrow ანგარიშზე განთავსების ვალდებულებას განიხილავს. Escrow - ეს არის საბანკო ანგარიში, რომლის გამოყენებითაც პირი ერთგვარ გარანტიას იღებს, რომ მშენებლობა დასრულდება. Escrow ანგარიშის ამოქმედების შემდეგ თანხა ანგარიშზე ინახება და მშენებელს მხოლოდ მშენებლობის პარალელურად, ან მისი დასრულების შემდეგ შეუძლია ამ თანხის გამოყენება. კერძო სექტორი სიახლით კმაყოფილი არაა. ბიზნესი ამბობს, რომ აღნიშნული ცვლილება დამატებით ფინანსურ წნეხთან არის დაკავშირებული.

როგორც კომპანია “არსის” გენერალური დირექტორი ამბობს, ჯერ სრულფასოვანი შეხვედრა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არ ყოფილა, თუმცა ბოლო შეხვედრაზე, რომელიც თბილისის მერიაში გაიმართა, Escrow ანგარიშებთან მიმართებით კონკრეტული შენიშვნები გაჩნდა. მისი თქმით, თავდაპირველად თუ აღნიშნული ცვლილება მხოლოდ პირველი და მეორე კატეგორიის კომპანიებზე უნდა გავრცელებულიყო, დღეს Escrow-ს ანგარიშზე თანხის განთავსება ყველა იმ კომპანიას მოუწევს, ვინც დეველოპერულ პროექტებს ახორციელებს. ორთოიძის განმარტებით, განსაკუთრებით მცირე კომპანიების შემთხვევაში ეს მექანიზმი იქნება გარანტია იმისა, რომ კომპანია სამშენებლო პროექტის განხორციელებას არ დაიწყებს თუ შესაბამისი ფინანსური რესურსი მობილიზებული არ ექნება.

“სახეცვლილია ის იდეა, რაც თავდაპირველად იყო გაჟღერებული. ის რომ ცვლილებები უნდა შეხებოდა მხოლოდ პირველი და მეორე კატეგორიის კომპანიებს შეცვლილია, ამ შემთხვევაში უკვე საუბარი ყველა იმ კომპანიაზეა, რომელიც საცხოვრებელ უძრავ ქონებას აშენებს. დიდ კომპანიებთან შედარებით აღნიშნული ცვლილებები უფრო მძიმე პატარა კომპანიებისთვის იქნება, ანუ იმათთვის, ვისთვისაც ძირითადი საქმიანობა არ არის უძრავი ქონება. სამწუხაროდ, გარკვეულწილად პოპულარულია და ხშირადაც ვხვდებით ისეთ ფაქტებს, როცა გაქვს მიწის ნაკვეთი და უცებ კორპუსის აშენების გადაწყვეტილებას იღებ. ამის წინააღმდეგ არის აღნიშნული გარანტია. ამით იზრდება პასუხისმგებლობა, რომ თუ შესაბამისი ფინანსური რესურსი არ გაქვს, ამ საქმიანობას ვერ წამოიწყებ. უბრალოდ ისაა, რომ კომპანიები, რომლებიც სექტორში დიდი ხანია მუშაობენ და კრიზისის ქვეშ არიან ეს მათთვის დამატებითი ფინანსური ტვირთი იქნება", - აცხადებს კომპანია “არსის” გენერალური დირექტორი ბესო ორთოიძე.