მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EBRD და FAO საქართველოს აგროტურიზმის განვითარებაში დაეხმარებიან - რას გულისხმობს ინიციატივა?

5f6db31d998c3
ინგა მურუსიძე
25.09.20 13:23
2247
EBRD და FAO ქართული ტურიზმის მხარდასაჭერად ახალი ინიციატივით გამოდიან, რომლის თანახმადაც, აგროტურიზმი და ტრადიციული ქართული აგროპროდუქტები ტურისტების მოზიდვის მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდება.

კერძოდ, ახალი ინიციატივა განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ავთენტურ ქართულ პროდუქტებზე, რომელთა დაგემოვნება შესაძლებელია მხოლოდ ლოკალურად. მაგალითისთვის, უნიკალური პროდუქტია თუშური გუდა, რომელიც ტრადიციული ქართული მეთოდით და მხოლოდ ადგილობრივი სახეობის ცხვრისგან მიღებული რძით მზადდება.

„აღნიშნული ინიციატივა EBRD/FAO-ს, უკვე განხორციელებულ, გეოგრაფიული აღნიშვნების (GI) პროექტს ეფუძნება. GI არის ეტიკეტი, რომელიც ქართულ, უნიკალურ პროდუქტს ენიჭება. მისი, როგორც სამარკო ნიშნის გამოყენება, საქართველოს საშუალებას მისცემს ფალსიფიცირებისგან დაიცვას ისეთი პროდუქტები როგორიცაა: სულგუნი, ჩეჩილი ყველი ან ჩურჩხელა. გეოგრაფიული აღნიშვნები, როგორც პროდუქტებისთვის მინიჭებული მაღალი ხარისხის სიმბოლო, მნიშვნელოვნად ზრდის ადგილობრივ დონეზე წარმოებული პროდუქტების ღირებულებას და მწარმოებელი ფერმერების შემოსავლებს. ასევე, ათავსებს საქართველოს მსოფლიო აგროტურიზმის რუკაზე.

მდგრადი აგროტურიზმი ერთი მხრივ, მცირე ბიზნესოპერატორებს დაეხმარება, გახდნენ უფრო მედეგები კრიზისების მიმართ, ხოლო მეორეს მხრივ, გააძლიერებს ქართულ ტრადიციულ სასურსათო წარმოებას“, - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც ორგანიზაციები ავრცელებენ.

ინიციატივის ფარგლებშივე, EBRD და FAO ადგილობრივ, მცირე ზომის, თუმცა მაღალი ხარისხის პროდუქციის მწარმოებლებს დაეხმარებიან ისეთი ახალი ბაზრების ათვისებაში, როგორებიცაა ადგილობრივი სასტუმროები, რესტორნები და კაფეები.

ინფორმაციისთვის: EBRD/FAO-ის ახალი პროექტი განხორციელდება საქართველოს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დავის სამინისტროსთან, WWF კავკასიასთან, ელკანასთან, Slow Food-თან, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან და საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად.