მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომუნიკაციების კომისია მსხვილ კომპანიებს დამატებით დროს აძლევს - რა ხდება MVNO-ების ბაზარზე?

618a92a2d0924
სალომე მეცხვარიშვილი
09.11.21 23:17
2579
ქართულ ბაზარზე მობილური ვირტუალური ოპერატორების შემოსვლა, დიდი ალბათობით, ისევ გადაიდება. მობილური ვირტუალური ოპერატორი, იგივე MVNO - ეს არის კომპანია, რომელსაც საკუთარი ინფრასტრუქტურა არ გააჩნია, მაგრამ მობილურ ბაზარზე შემოდის და ისეთივე მომსახურებას სთავაზობს მომხმარებელს, როგორსაც სხვა მობილური ოპერატორები. საკუთარი სერვისის მისაწოდებლად კი MVNO-ები იყენებენ მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე კომპანიების ინფრასტრუქტურას, საქართველოს შემთხვევაში ასეთებია: “მაგთი”, “სილქნეტი” და “ვიონი”.

იმისთვის, რომ ბაზარზე ახალი მოთამაშეები გამოჩნდნენ, მსხვილ კომპანიებსა და ვირტუალურ ოპერატორებს შორის შეთანხმება უნდა შედგეს. მოლაპარაკებების პირველ ეტაპზე "მაგთიკომმა", "სილქნეტმა" და "ბილაინმა" MVNO-ებს საკუთარი პირობები - იგივე ოფერტები - უნდა წარუდგინონ. ამისთვის მათ ვადა 2020 წლის ნოემბრის ბოლომდე ჰქონდათ. მსხვილი კომპანიების ნაწილმა პირველადი წინადადებები წარადგინა, ნაწილმა კი დამატებითი დრო ითხოვა. მიმდინარე კვირას კომუნიკაციების კომისია ამ მოთხოვნას დიდი ალბათობით მორიგ ჯერზე დააკმაყოფილებს. უკვე მომზადებულია გადაწყვეტილების პროექტი, რომელიც "მაგთის", "ბილაინსა" და "სილქნეტს" წინადადებების მოსამზადებლად დამატებით დროს 2022 წლის ბოლომდე აძლევს.

“კომისია, მიზანშეწონილად მიიჩნევს, მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორებს ("მაგთი", "სილქნეტი", "ვიონი საქართველო") შეთავაზებების დაზუსტებისა და წარმოდგენისთვის დამატებითი ვადა განუსაზღვროს. იმისათვის, რომ ერთი მხრივ, მხარეებს ჰქონდეთ საკმარისი დრო კომერციულ საწყისებზე მოლაპარაკებების წარმოებისთვის. მეორე მხრივ, მიზანშეწონილია, რომ მიცემული დამატებითი ვადა იყოს გონივრული, რათა უტყუარი დასკვნების გაკეთება შესაძლებელი იყოს”,- ნათქვამია მარეგულირებლის გადაწყვეტილების პროექტში.

მცირე და საშუალო ოპერატორებს მიაჩნიათ, რომ კომუნიკაციების კომისია მსხვილ ოპერატორებს ზედმეტ დროს აძლევს, რაც ბაზარზე ახალი, ვირტუალური ოპერატორების შემოსვლას აფერხებს. მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ასოციაციის ხელმძღვანელი უჩა სეთური “საქმის კურსთან” აცხადებს, რომ ე.წ ოფერტის შეთავაზებას დრო ნამდვილად სჭირდება, თუმცა არა ამდენი.

“ის ვადა, რომელიც მსხვილ ოპერატორებს ჰქონდათ მიცემული, რომ თავისივე ნებით მოემზადებინათ მოწვევის ოფერტა, მათ არ გამოიყენეს. ამიტომ ახლა ვხედავთ ამ საკითხში კომუნიკაციების კომისიის მხრიდან უფრო მეტ ჩარევას. ეს თავისთავად კარგია, თუმცა პრობლემაა ძალიან ხანგრძლივი ვადები, ერთი წელია პრაქტიკულად ამისთვის გამოყოფილი. გასაგებია, რომ ოფერტა ერთ თვეში და ორ კვირაში ვერ მომზადდება, თუმცა სასურველი იყო, ყოფილიყო 6-თვიანი ვადა და თუ რომელიმე ოპერატორი ამ დროში ვერ ჩაეტეოდა, მათთვის დამატებით მიეცათ ერთი ან ორი თვე”,- აცხადებს უჩა სეთური.

ამის პარალელურად კი მსხვილ და მცირე ოპერატორებს შორის დაწყებული მოლაპარაკებები წინ ვერ მიდის - აღნიშნულის შესახებ “საქმის კურსს” MY Phone-ში განუცხადეს. კომპანია ერთ-ერთია, ვისაც ვირტუალური ოპერატორობა სურს, თუმცა, დირექტორი სანდრო ცირეკიძე “საქმის კურსთან” ამბობს, რომ მსხვილი კომპანიები პროცესს ხელოვნურად აჭიანურებენ. ამიტომ კომუნიკაციების კომისიის მიერ დაანონსებულ ცვლილებებს უკან გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს.

“მოლაპარაკება სამივე ოპერატორთან გვაქვს დაწყებული. სამწუხაროდ, სამივესთან გაყინული ვართ ერთსა და იმავე ადგილზე - "ბილაინში" ამბობენ, რომ ბირთვის განახლება მიმდინარეობს და ტექნიკურად ქსელზე დაერთების შესაძლებლობა არ აქვთ. "მაგთის" და "სილქნეტს" არც კი გადაუხედავთ, ბიზნესის თვალსაზრისით როგორ შეიძლება თანამშრომლობა. ტექნიკურ დეტალებამდე არც კი მივსულვართ, ტარიფებიც კი არ განგვიხილავს. უბრალოდ ვხვდებით და ისევ ერთსა და იმავე ადგილას ვტკეპნით მიწას"- ამბობს სანდრო ცირეკიძე.

კითხვაზე იჩივლეს თუ არა “ხელოვნურ დაბრკოლებებთან” დაკავშირებით კომუნიკაციების კომისიაში, სანდრო ცირეკიძე ამბობს, რომ პრობლემას ის ქმნის, რომ მსხვილ ოპერატორებს დროებით ქსელზე დაშვების ვალდებულება არ აქვთ; პლუს ოფიციალურად ქსელზე დაშვებაზე უარს არავინ ამბობს, უბრალოდ შესაბამის ნაბიჯებს არ დგამენ და პროცესიც ჭიანურდება.

ფაქტი ისაა, რომ ამ დრომდე ქვეყანაში არცერთი ვირტუალური მობილური ოპერატორი არ ფუნქციონირებს. თუ მოლაპარაკებები ვერ შედგა, კომუნიკაციების კომისია ძველ რეგულაციას დააბრუნებს, რომელიც პროცესში მარეგულირებლის ჩართვას და ვირტუალური მობილური ოპერატორების მსხვილი კომპანიების ქსელებზე სავალდებულო დაშვებას გულისხმობს. ამას კი "მაგთიც", "სილქნეტიცა" და "ბილაინიც" ეწინააღმდეგებიან.