ლარის გაუფასურების მიზეზებზე ბიზნესმენი თემურ ჭყონია bm.ge-სთან საუბრობს და აღნიშნავს, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ეროვნული ვალუტა სწრაფად უფასურდება. ის თვლის, რომ ლარის გაუფასურება ხელისუფლების არასწორი მართვის შედეგია და მეტი ყურადღება კრიზისულ პერიოდში მოქნილ და ყოველდღიურ მართვაზე უნდა გაკეთდეს.
„სამწუხაროდ, პროგნოზირება ძალიან რთულია იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ დღევანდელი სამთავრობო პროგრამა არ ვიცით. იმის დეკლარირება, რომ 5-6-7-წლიან პროგრამებს ვაკეთებთ, ჩემი აზრით, სწორი არ არის. იმ ექსტრემალურ სიტუაციაში, რომელშიც დღეს ჩვენი და მსოფლიო ეკონომიკა პანდემიის გამო იმყოფება, ყოველკვირეული მართვის სისტემების გადალაგება უნდა ხდებოდეს. სიტუაცია ასე მოითხოვს. გრძელვადიანი პროგრამების გაკეთება აუცილებელია, მაგრამ ყოველდღიური მართვაა საჭირო.
ლარის კურსის ასეთი ცვალებადობა იმის შედეგია, რომ წინა პერიოდში რაღაც არასწორ ვადებში გაკეთდა. მაგალითად, როდესაც დაიწყეს სახელმწიფო საწარმოების პრივატიზაცია, ამაზე ვსაუბრობდით ძალიან დიდხანს. ჩვენ ძირითადად ვსაუბრობთ იმ თემებზე, რომელიც ლარს აჯანსაღებს, მაგრამ საუბრით საქმე არ კეთდება“, - განაცხადა თემურ ჭყონიამ.
ცნობისთვის: 30 მარტის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით 2.72 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.4118 ლარი გახდა.