21.იანვარი .2021 19:00

“ვთქვი ის, რისი თქმაც საჭირო იყო” - სუბარი გაურბის კითხვას - უნდა აშენდეს თუ არა “ნენსკრაჰესი"

“ვთქვი ის, რისი თქმაც საჭირო იყო” - სუბარი გაურბის კითხვას - უნდა აშენდეს თუ არა “ნენსკრაჰესი"
views 1116
უკან

“მე ვთქვი ის, რისი თქმაც საჭირო იყო,” - პარლამენტის წევრი სოზარ სუბარი BMG-ის კითხვას, უნდა აშენდეს თუ არა “ნენსკრაჰესი”, თავს არიდებს. თვითმმართველობის და რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ის კარგად იცნობს იმ ადამიანებს, რომლებიც ამ პროექტის განხორციელებას ემხრობიან და ეწინააღმდეგებიან. სუბარის თქმითვე, "ნენკრაჰესს “ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს”, თუმცა არ აზუსტებს იმას, თავად უჭერს თუ არა ამ პროექტის მშენებლობას მხარს.

“ნენსკრას შესახებ, რა თქმა უნდა, უკეთ ვიცი, რადგან ეს არის უშუალოდ ჩემს სოფელში. ყველა ის ადამიანი, ვინც არის მომხრე და მოწინააღმდეგე ყველა არის ჩემი მეზობელი, კლასელი, ბიძაშვილი. ეს არის ჰესი, რომელსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

- უნდა აშენდეს თუ არა ეს ჰესი?

მე ვთქვი ის, რისი თქმაც საჭირო იყო,”- აცხადებს სუბარი.

BMG-ის კითხვაზე პასუხისას სუბარმა განაცხადა, რომ სიმართლეს არ შეესაბამება შეფასება, თითქოს სვანეთში ახალი ჰიდროელექტროსადგურები არ შენდება, რის მაგალითადაც სუბარს მცირე ზომის სადგურები მოჰყავს. თუმცა, ამასთანავე ფაქტია, რომ რეგიონში დაგეგმილი ორი უმსხვილესი პროექტი - “ხუდონჰესი” და “ნენსკრაჰესი”, ფაქტობრივად, გაჩერებულია.

“ალბათ არ იცით, მაგრამ მხოლოდ გასულ წელს 14 ჰესის მშენებლობა მიმდინარეობდა მესტიის რაიონში. 14 დიდი თუ მცირე ჰესის მშენებლობა, დიდ ჰესში ვგულისხმობ 50-მეგავატიანსაც, ხოლო პატარები არის 7-მეგავატიანი, 8-მეგავატიანი და 10-მეგავატიანი. ბევრი მათგანი შარშან წლის ბოლოს დამთავრდა და მათი ნაწილი წელს უნდა დამთავრდეს. აბსოლუტურად ყოველგვარი პრობლემის გარეშე შენდება ისინი. პრობლემები, რაც ჩნდება ხოლმე, ისინი ზოგჯერ არის ძალიან სერიოზული, ზოგჯერ კი - ყოფითი. მაგალითად, როცა უნდა გაიაროს ვიღაცის ეზოზე ან საკარმიდამოზე მაღალი ძაბვის ხაზებმა, იქ იწყება საუბარი იმაზე, რომ ითხოვენ უფრო მეტს, ვიდრე კომპენსაციაა. მოსახლეობასთან მოლაპარაკებები, რა თქმა უნდა, ყოველთვის მიმდინარეობს. ვიღაცა აქციას მოაწყობს და ასე შემდეგ; ასე რომ, ეს პრობლემები არის და ისინი გადაიჭრება.

ხშირ შემთხვევაში ხარვეზები არ არის და მაინც იწყება საუბარი, რომ ხარვეზები არის. ეს ზოგჯერ მოდის პოლიტიკური ძალებისგან ან კონკრეტული NGO-სგან, ზოგჯერ მართლა არის ხარვეზები და ეს არის გამოსწორებადი. მაგალითად, ლენტეხში "ხელედულა ჰესი" შენდებოდა, რომელიც 50-მეგავატიანი იყო. იყო ხარვეზები, როგორც პროექტის პირველ ეტაპზე, ასევე ხარვეზები იყო მოსახლეობასთან ურთიერთობის კუთხით. დღესაც მიმაჩნია, რომ საჭირო და კარგი ჰესი იყო საქართველოსთვის, თუმცა იმ ხარვეზების გამო, რომელიც იქნა დაშვებული, მოსახლეობაშიც გარკვეული რადიკალიზაცია მოხდა და ამის შემდეგ ძალიან ძნელი გახდა მათთან დალაპარაკება. ამასობაში ინვესტორმაც ეკონომიკური კრიზისის გამო შეწყვიტა ეს პროექტი და სამწუხაროდ, საქართველომ ამ ეტაპზე დაკარგა ძალიან კარგი ჰესის აშენების შესაძლებლობა, დაკარგა ძალიან კარგი ინვესტორი, სხვათა შორის და ძალიან კარგი პირობებით იყო ხელშეკრულება დადებული... მომავალში თუ გაგრძელდება ეს პროექტი, ინვესტორიც გაითვალისწინებს მოსახლეობასთან როგორი უნდა იყოს მიდგომა და ჩვენც ვისწავლეთ ბევრი რამ" - აცხადებს სუბარი.