13.ოქტომბერი .2021 12:37

ვთქვით უარი, რადგან იყო რისკი, რომ თანხა ისედაც არ ჩამოირიცხებოდა - კაკაურიძე EU-ს €75 მლნ-ზე

ვთქვით უარი, რადგან იყო რისკი, რომ თანხა ისედაც არ ჩამოირიცხებოდა - კაკაურიძე EU-ს €75 მლნ-ზე
views 2842
უკან

ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილე გიორგი კაკაურიძემ დღეს გამართულ საპარლამენტო მოსმენაზე დეპუტატ სალომე სამადაშვილის კითხვაზე პასუხისას განაცხადა, რომ მთავრობამ ევროკავშირის 75-მილიონიან მაკრო-ფინანსურ დახმარებაზე უარი  ორი მიზეზის გამო განაცხადა -  პირველი იყო ის, რომ თანხა რეფორმების შესრულებაზე იყო მიბმული, მათ შორის იყო სასამართლო რეფორმა, რაზეც არსებობდა ევროკავშირის კრიტიკული პოზიცია, რომ რეფორმა არ იყო შესრულებული, შესაბამისად, არსებობდა რისკი, რომ ევროკავშირი საქართველოს ამ თანხას ისედაც არ ჩაურიცხავდა. მეორე მიზეზად კი ფინანსთა მინისტრის მოადგილე ვალის შემცირების პოლიტიკას ასახელებს.

შესაბამისად, გიორგი კაკაურიძემ, ფაქტობრივად, დაადასტურა, რომ ამ ვალზე უარის თქმის ძირითადი მიზეზი პოლიტიკური იყო.


ამასთან, ფინანსთა მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ ყოფილა შემთხვევები, როდესაც ქვეყანას სხვა რეფორმების შეუსრულებლობის გამო, სესხებთან ერთად, კონკრეტული დონორების გრანტებიც ვერ მიუღია.

გიორგი კაკაურიძე - "უშუალოდ ევროკავშირის 75 მილიონი ევრო, ეს იყო ერთ-ერთი დაფინანსება, რომელიც მოჰყვებოდა რეფორმებს, დაახლოებით, 10-12 მიმართულებით მოიცავდა გასატარებელ რეფორმებს, რომ გავყვეთ თითოეულს, ყველა მათგანი იყო შესრულებული. დარჩა მხოლოდ ერთი ნაწილი [სასამართლო რეფორმა], რომელზეც ადგილობრივი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ შესრულდა ზუსტად ის, რაც ეწერა ამ ხელშეკრულებაში. ევროკავშირის წარმომადგენლობის საჯარო განცხადებები იყო, რომ ეს ვალდებულება არ იყო შესრულებული და გატარებული ცვლილებები შინაარსობრივად არ შეიცავდა იმას, რაც დოკუმენტში შინაარსობრივად იგულისხმებოდა. ევროკავშირის ამ სესხს პირობები ნამდვილად კარგი აქვს, თუმცა არის სესხი და დასაბრუნებელია ეს თანხა, თუმცა პირობების კუთხით ბევრ სესხთან მიმართებაში უკეთესი პირობებითაც არის. ამ რეფორმების განხორციელება ჩვენი ევროკავშირთან დაახლოებისთვის მნიშვნელოვანია, ყველა რეფორმა გარდა ამ სასამართლო რეფორმისა, მათ შორის ეს იყო საწარმოებისთვის გარკვეული კოდექსის შემუშავება და სხვა ცვლილებები, რაც ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს გასატარებელი იყო, მათი ექსპერტების ჩართულობით ყველაფერი განხორციელდა.

დარჩა მხოლოდ სასამართლო რეფორმის ნაწილი, რომელზეც სხვადასხვა პოზიცია არსებობდა აქ ვინც ჩართული იყო იმ მხარესა და ევროკავშირის წარმომადგენლობას შორის; როდესაც დადგა, რომ რაღაცა პრობლემა შეიძლება ამ სესხს ჰქონოდა, შესაბამისად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ რომელ სესხზე ვთქვათ უარი? - ვთქვით ისეთ სესხზე უარი, რომელზეც რისკი არსებობდა, რომ არ ჩამოირიცხებოდა.

ზოგადად, რეფორმებზე დაფუძნებული ფინანსური ხელშეკრულებები, ნაწილობრივ გრანტი და ნაწილობრივ სესხი, არის ძალიან მნიშვნელოვანი. სამწუხაროდ, ყოფილა მანამდეც, რომ გრანტის ნაწილიც ვერ მიგვიღია მანამდე გარკვეული რეფორმების გაუტარებლობის გამო, გრანტი შედარებით ცოტა არის ხოლმე, მაგრამ ყოფილა წინა წლებში როდესაც 5; 7; 10 მილიონი ვერ მივიღეთ იმიტომ რომ გარკვეული რეფორმები ვერ გავატარეთ. ეს რა თქმა უნდა არაა კარგი, რადგან არამხოლოდ გრანტი დავკარგეთ, არამედ რეფორმაც ვერ მივიყვანეთ ბოლომდე."

სალომე სამადაშვილი: დავაზუსტებ  ანუ თქვენ ადასტურებთ, რომ მაკრო-ფინანსურ დახმარებაზე უარი თქვით იმიტომ, რომ იცოდით, ისედაც ვერ მიიღებდით ამ დახმარებას?

გიორგი კაკაურიძე: "კიდევ ერთხელ გავიმეორებ, შინაარსი არის ის, რომ რამდენიმე სესხზე უარი უნდა გვეთქვა და წელს უფრო ნაკლები სესხები აგვეღო, შესაბამისად, ვთქვით იმაზე უარი, რომელზეც რისკი იყო, რომ შეიძლება არ ჩამორიცხულიყო."

2021 წლის 31 აგვისტოს საქართველოს მთავრობამ “ვალის შემცირების” მოტივით “უარი თქვა” ევროკავშირის მაკრო-ფინანსური დახმარების მეორე პაკეტზე, რომლითაც ქვეყანას 75 მილიონი ევროს 15-წლიანი შეღავათიანი კრედიტი (0.12%-ის განაკვეთით) უნდა მიეღო. მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ეს ვალი წინაპირობიანი იყო და მის მისაღებად საქართველოს სასამართლო სისტემის ძირეული რეფორმები უნდა გაეტარებინა, ამავე ვალდებულებას ითვალისწინებდა ე.წ. “შარლ მიშელის შეთანხმებაც”, თუმცა საქართველოს მთავრობამ ივლისში ამ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებაზე უარი თქვა და მისგან გავიდა. იმის გამო, რომ საგარეო ვალით გათვალისწინებული რეფორმები არ შესრულდა აღნიშნულ მაკრო-ფინანსურ დახმარებას საქართველო ისედაც ვერ მიიღებდა, რაც 31 აგვისტოსვე ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებითაც ნათლად დადასტურდა. ამ რეფორმის განუხორციელებლობის გამო საქართველოს მთავრობა 75 მილიონი ევროს დახმარებას ვერ მიიღებდა, მაგრამ მთავრობამ აღნიშნულ ფინანსებზე “უარი თქვა”, რაზეც ვალის შემცირების მოტივი დაასახელა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა