25.ოქტომბერი .2021 14:30

ვთვლი, რომ ამ ეტაპზე სავალდებულო ვაქცინაცია არ გვესაჭიროება - ტიკარაძე

ვთვლი, რომ ამ ეტაპზე სავალდებულო ვაქცინაცია არ გვესაჭიროება - ტიკარაძე
views 406
უკან

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამ ეტაპზე სავალდებულო ვაქცინაციის საჭიროებას ვერ ხედავს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ვაქცინაციის საკითხზე მოსახლეობასთან კომუნიკაცია უნდა გააქტიურდეს.

“არაერთხელ აღვნიშნე, რომ მნიშვნელოვანია გააქტიურდეს კომუნიკაცია ყველა დონეზე, რათა მაქსიმალურად ავუხსნათ მოსახლეობის თითოეულ რგოლს თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ვაქცინაცია; წავახალისოთ ისინი, რომ აიცრან და მაქსიმალურად შევიკავოთ თავი ნებისმიერი იძულებითი ღონისძიებისგან. ეს არის ჯანდაცვის სამინისტროს პოზიცია, რომელიც არაერთხელ გაჟღერებულა,” - აცხადებს ტიკარაძე.

მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია გაიგონ თუ რატომ ამბობენ მოქალაქეები აცრაზე უარს.

ამასთან, ჟურნალისტების დამაზუსტებელ კითხვაზე, რომელიც სავალდებულო ვაქცინაციის საკითხზე მთავრობის მეთაურისა და მინისტრისგან განსხვავებით, NCDC-ის დირექტორის განსხვავებულ პოზიციას შეეხებოდა <ამირან გამყრელიძე სავალდებულო ვაქცინაციის ალბათობას უშვებს>, ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ საკოორდინაციო საბჭოში არანაირი დაპირისპირება არ არსებობს.

“ვთვლი, რომ ამ ეტაპისთვის ჩვენ სავალდებულო ვაქცინაცია არ გვესაჭიროება. მნიშვნელოვანია, გამოკვლეული იყოს თითოელი მიზეზი თუ რატომ ამბობს მოაქალაქე უარს ვაქცინაციაზე, განემარტოთ მათ ვაქცინაციის სარგებელი და შესაბამისად, მოხდეს მოქალაქეების დაყოლიება ამ პროცესზე,” - განაცხადა ტიკარაძემ.

შეგახსენებთ: გუშინ, 24 ოქტომბერს, პრემიერმა განაცხადა, რომ ქვეყანაში სავალდებულო ვაქცინაციას არ დაუშვებს.  "მე, როგორც საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე და პრემიერმინისტრი, არ დავუშვებ სავალდებულო ვაქცინაციას. მოქალაქეებს აქვს თავისუფალი არჩევანის უფლება. მე ყველაფერი გავაკეთე, რომ ჩამომეტანა მილიონობით ვაქცინა ქვეყანაში. ყველანაირი ვაქცინა ჩამოვიტანეთ და ჩვენ უნდა დავარწმუნოთ და არა ვაიძულოთ მოქალქეები, რომ ეს არის უალტერნატივო საშუალება", - განაცხადა ღარიბაშვილმა."

საქართველოში ბოლო 24 საათში 1877 ადამიანი აიცრა. 25 ოქტომბრის მდგომარეობით, ქვეყანაში სრულად აცრილი მილიონი ადამიანიც არ არის. ორი დოზით აცრილია 925 169 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 32.4%-ია. ჯამში, ჩატარებულია 1 950 693 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 024 769 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 36.1%-ს შეადგენს.