მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვთვლი, რომ ცვლილებები დაგვიანებული არაა - სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი საბანკო რეგულაციებზე

5e71d5aeba3e3
შოთა ტყეშელაშვილი
18.03.20 15:30
915
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა აცხადებს, რომ მისი შეფასებით, ფიზიკური პირების დაკრედიტების წესში შესული ცვლილება დაგვიანებული არაა. გადაცემა "საქმიან დილაში" სტუმრობისას ლეჟავამ განაცხადა, რომ ეროვნული ბანკი მთელი გასული წლის განმავლობაში აკვირდებოდა ამ რეგულაციის მოქმედებას და მის გასაუმჯობესებლად მუშაობდა.

"კითხვაზე დაგვიანებული ხომ არ იყო ეს ცვლილებები, მე ვთვლი რომ არა. იქიდან გამომდინარე, რომ ამ დებულების ხშირი ცვლილება არ იქნებოდა კარგად აღქმული არც ბაზრის მიერ, არც ბანკების მიერ და არც საერთასორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ, ამიტომ ჯობდა ეს ერთიანად დაგვეგროვებინა და ერთიანად შეგვეტანა ცვლილებები.

შარშან მთელი წლის განმავლობაში ვამბობდით რომ ვაკვირდებით მოვლენებს, ვაგროვებთ შენიშვნებსა და რეკომენდაციებს ამ რეგულაციებთან დაკავშირებით და როცა ჩავთვლით საჭიროდ მასში ამ ყველაფერს დავაკონსოლიდირებთ და ერთიანად შევცვლიდით. არ გვინდოდა, რომ ეს რეგულაცია გამხდარიყო ხშირი ცვლილების საგანი და ამიტომ გარკვეული პერიოდი დაველოდეთ რომ დაგვეგროვებინა ბევრი ცვლილება ერთად და ერთად გაგვეკეთებინა. დეკემბერში ბანკებთან შეხვედრის შემდეგ დავაანონსეთ რომ ამ ცვლილებებს გავაკეთებდით და მარტიდან ავამოქმედებდით. შესაბამისად, ამ გეგმას მივყვებით კიდევაც,"- ამბობს პაპუნა ლეჟავა.

17 მარტს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფიზიკური პირების დაკრედიტების წესში შესული ცვლილებების შესახებ გააკეთა განცხადება. დებულებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება შემოსავლების დადასტურების წესს და საშემოსავლო კატეგორიებს ეხება. წარსულში მოქმედი 4 საშემოსავლო ლიმიტის ნაცვლად ორი საშემოსავლო კატეგორია იარსებებს. ამასთანავე, იცვლება ლარში იპოთეკური სესხის მაქსიმალური ვადიანობა და ის 15 წლის ნაცვლად, კვლავ 20 წლით განისაზღვრება. ცვლილებები 2020 წლის 15 აპრილიდან შედის ძალაში.


7 ძირითადი ცვლილება, რაც "ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ” დებულებაში შევიდა:

1. იცვლება მსესხებლის შემოსავლის შესწავლის წესი: მსესხებლის შემოსავლების შესწავლა კვლავ სავალდებულოა, თუმცა შემოსავლის დადგენის პრაქტიკა აღარ იქნება წესად გაწერილი (მაგ. არაფორმალური დასაქმებისას ადგილზე ვიზიტი) და ფინანსურ ინსტიტუტს შეეძლება თავად, შიდა პროცედურებით განსაზღვროს შემოსავლის დადგენის წესი..
2. უქმდება სესხის მომსახურები კოეფიციენტის (PTI) ლიმიტი: PTI დაითვლება იმ მაქსიმალურ პერიოდზე, რომელზეც კონტრაქტით შეიძლება სესხის ვადის გაგრძელება.
3. სესხის მომსახურების კოეფიციენტების ზღვრების რაოდენობა, ქვემოთ მოცემული ცხრილი N1-ის მიხედვით, ოთხიდან ორამდე მცირდება. ამავე დროს, სესხის მომსახურების კოეფიციენტი განსხვავებული რჩება უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხებისთვის, რაც მიზნად ისახავს მსესხებლისა და ფინანსური სისტემის უცხოური ვალუტის გაცვლითი კურსის მერყეობის რისკებისაგან დაცვას:



4. იზრდება იპოთეკური სესხების ვადიანობა: ლარში გაცემულ იპოთეკური სესხებისათვის მაქსიმალური ვადიანობა 15-დან 20 წლამდე იზრდება.
5. საზღვარგარეთიდან შემოსავლის შემთხვევაში, ბინის შეძენისას სესხის უზრუნველყოფის (LTV) კოეფიციენტზე მოთხოვნა მსუბუქდება 60%-დან 70%-მდე.
6. რეგულაცია აღარ ვრცელდება იმ პირებზე, რომელთა სესხის მოცულობა 1 მილიონ ლარზე მეტია (ნაცვლად 2 მილიონი ლარისა) ან რომლებიც აკმაყოფილებს გათვითცნობიერებული ინვესტორის კრიტერიუმებს ("ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად).
7. რისკების ფუნქციის გაძლიერების მიზნით, კომერციული ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისათვის შემოდის კორპორაციულ მართვის მოთხოვნები, რომლის მიხედვითაც, რისკების მართვის ჩარჩო უნდა მოიცავდეს აღნიშნული დებულების დაცვის უზრუნველყოფას, როლების და პასუხისმგებლობების განაწილებას "დაცვის სამი ხაზის“ (ბიზნესის ხაზი, რისკების მართვის ფუნქცია და შიდა აუდიტი) პრინციპის გამოყენებით.