მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"Wafer Cup" ბაზარზე ერთ კვირაში გამოჩნდება - სად შეძლებთ ქართული ნუგბარის შეძენას?

5e26c2bf74eb8
ვიქტორია მღებრიშვილი
21.01.20 15:14
5082
ქართული შოკოლადიანი ვაფლის ჭიქები - „Wafercup“ ბაზარზე ერთ კვირაში გამოჩნდება, - ამის შესახებ BM.GE-ის შოკოლადიანი ვაფლის ჭიქების მწარმოებელი კომპანიის Wafercup-ის დამფუძნებელმა და დირექტორმა ირაკლი ყურაშვილმა განუცხადა.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი ყვება, იდეა ევროასოცირების მოთხოვნების გაცნობისას გაუჩნდა და გადაწყვიტა საკუთარი ინვესტიციებით ქართული პროდუქტი შეექმნა, რომელიც პლასტმასის ჭიქებს ჩაანაცვლებდა.

„იდეა წარმოვიდა ევროკავშირის მოთხოვნებიდან გამომდინარე, რომლის თანახმად, დაახლოებით, 2020 წლის მეორე კვარტალში პლასტმასის ჭიქები უნდა ამოვარდეს ხმარებიდან. ასეთი პროდუქტი ამერიკაშიც არის. ჩვენ გამოვიკვლიეთ რა შეიძლება გაკეთდეს და შემდეგ შევეცადეთ, რომ საქართველოშიც განგვეხორციელებინა ჩვენი იდეა.

პროექტზე მუშაობა გასული წლის მაისში დავიწყეთ და ერთი კვირის წინ ვაფლის  პირველი ჭიქებიც ვაწარმოეთ, რომლებიც სატესტო ნიმუშებად სასტუმროებში, რესტორნებში, კაფეებსა და მაღაზიებში დაიგზავნა“, - ამბობს კომპანიის დირექტორი.

ირაკლი ყურაშვილის თქმით, ბიზნესის ასამოქმედებლად 20 000 დოლარის ინვესტირება განახორციელა, თუმცა ამაზე გაჩერებას არ აპირებს.

„ბიზნესის ასამოქმედებლად 20 000 დოლარის ინვესტიცია განვახორციელეთ, მაგრამ შემდგომი განვითარების მიზნით, გარკვეული შედეგების მიღების შემდეგ, თიბისი ბანკთან გვაქვს მოლაპარაკებები. საწარმო ქალაქ თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში მდებარეობს. ჩინეთიდან ჩამოვიტანეთ ვაფლის ჭიქის მწარმოებელი დანადგარი, ხოლო შოკოლადის დანადგარი საქართველოში დავამზადებინეთ.

თავდაპირველად მზადდება ვაფლის ჭიქა, შემდეგ კონვეირზე განლაგებულ ჭიქებში ისხმევა შოკოლადი. საწარმოში, ჯერჯერობით, 2 ადამიანია დასაქმებული. ჩვენ ყოველდღიურად 5 000 ჭიქის წარმოება შეგვიძლია. ამ დროისთვის ვითვლით წარმოების თვითღირებულებას, იმიტომ რომ ჩვენ ვამატებთ მოსარევ ჩხირებს, რკინის კოვზით ამის მორევა არ შეიძლება",  - უთხრა BM.GE-ის Wafercup-ის დამფუძნებელმა.

რაც შეეხება საზოგადოების ინფორმირებას, ირაკლი ყურაშვილი ამბობს, რომ ერთ კვირაში დაიწყებენ აქტიურ საინფორმაციო კამპანიას, მას შემდეგ რაც რამდენიმე კომპანიასთან მოლაპარაკებები დასრულდება.

„ამ ეტაპისთვის ჩვენი პარტნიორი სადისტრიბუციო კომპანია "Georgian Distribution" სუპერმარკეტ „ნიკორასთან“ და საკონდიტრო ნაწარმის რეალიზატორ „გაგრა +“-თან მოლაპარაკებებს აწარმოებს. პირველი სატესტო ვაფლის ჭიქები ზესტაფონში გავუშვით და იქიდანაც გვაქვს მოთხოვნა.  ჩვენ გვინდა გავაგებინოთ ჩვენს მომხმარებელს, რომ ჩვენი პროდუქტი არის ვაფლის ჭიქა შოკოლადის შიგთავსით, რომლითაც თქვენ შეგიძლიათ დალიოთ ყავა და დესერტის სახით მიაყოლოთ ვაფლის შოკოლადიანი ჭიქა. ასევე ბავშვებს შეგიძლიათ ჩაუსხათ თბილი რძე ან კაკაო და დააგემოვნონ შოკოლადიანი ჭიქა. ხალხი ჯერ გარკვეული არ არის როგორ არ უნდა დადნეს შოკოლადი ჭიქაში, რომლის შესაჭმელად რეკომენდირებულია 10 წუთი“, - ამბობს Wafercup-ის დამფუძნებელი.