მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წალენჯიხაში “იუვენტუსის“ ფეხბურთის ბავშვთა აკადემია გაიხსნება

635242d4796b2
BM.GE
21.10.22 10:55
1305
წალენჯიხის მხარდამჭერთა ჯგუფმა, მამუკა ხაზარაძის ხელმძღვანელობით, წალენჯიხაში საფეხბურთო კლუბ ტურინის იუვენტუსის რეგიონულ მენეჯერს უმასპინძლა.

იტალიური კლუბის წარმომადგენელი წალენჯიხაში არსებული ვითარების გასაცნობად და პროექტის დეტალების ადგილზე შესასწავლად ჩამოვიდა. მამუკა ხაზარაძემ, წალენჯიხის მერმა გია ხარჩილავამ და მისმა მოადგილემ თამარ ბელქანიამ სტუმრებს ქალაქში არსებული სპორტული ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინეს.

ახლადრეაბილიტირებული ორი საფეხბურთო მოედანი და დამხმარე ინფრასტრუქტურა იუვენტუსის ბავშვთა აკადემიის სტანდარტზე უნდა მოდერნიზდეს, შესაბამისი სამუშაოები კი აქტიურ ფაზაშია, იტალიურ გრანდს თავისი მოთხოვნები აქვს, ყველა კომპონენტი მსოფლიო სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდეს.

ფეხბურთის აკადემია, როგორც წალენჯიხიდან, ასევე მთელი საქართველოდან მიიღებს მოზარდებს. მოლაპარაკებები მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბთან, პროექტის განხორციელებაზე, უკვე 3 თვეზე მეტია მიმდინარეობს. კონტრაქტზე ხელმოწერა, ყველა დეტალის შეთანხმების შემდეგ, უახლოეს მომავალში იგეგმება.

“მაქსიმალურს გავაკეთებ, რომ „იუვენტუსთან“ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდეს. დარწმუნებული ვარ, მუნიციპალიტეტი გია ხარჩილავას ხელმძღვანელობით, ძალ-ღონეს არ დაიშურებს, რომ იუვენტუსის ბავშვთა აკადემია წალენჯიხაში გაიხსნას. „იუვენტუსი“ წალენჯიხაში იქნება საუკუნის პროექტი. ეს ყველაფერი რეგიონის ბავშვებს და არამხოლოდ მათ, მისცემს უდიდეს საშუალებას გზა გაიკვალონ მსოფლიო ფეხბურთში და ქვეყანას მოუტანონ წარმატება”, - აცხადებს იდეის ავტორი, მამუკა ხაზარაძე.

“ეს იქნება ახალი ეტაპი ქართული სპორტის ისტორიაში. ეს პროექტი კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ წალენჯიხის მეგობართა ჯგუფი და მამუკა ხაზარაძე, რასაც ამბობს ყველაფერს აკეთებს. ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ის მწვერვალები, რაც ქართულ სპორტს ჰქონდა, ინვესტირება მომავალ თაობაში არის ყველაზე სწორი გზა განვითარებისთვის”, - ამბობს წალენჯიხის მერი, გია ხარჩილავა.

აღსანიშნავია, რომ „იუვენტუსის“ საფეხბურთო აკადემიის რეგიონული მენეჯერი მარკო დეგორტესი დღეს საქართველოში იტალიის ელჩს შეხვდება და ამით მისი სამუშაო ვიზიტი საქართველოში დასრულდება.

უახლოეს მომავალში იგეგმება საქართველოს დელეგაციის ჩასვლა ტურინში. მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, წალენჯიხაში გაიხსნება რეგიონში პირველი საერთაშორისო დონის საფეხბურთო აკადემია, რომელიც ახალგაზრდა სპორტსმენებს და ფეხბურთის მოყვარულებს საშუალებას მისცემს პროფესიულ დონეზე განვითარდნენ, მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო აკადემიაში.