17.აგვისტო .2022 19:59

წალენჯიხაში ნიკო კვარაცხელიას სახელობის IT სკოლა მონაწილეთა მეორე ნაკადის მიღებას იწყებს

წალენჯიხაში ნიკო კვარაცხელიას სახელობის IT სკოლა მონაწილეთა მეორე ნაკადის მიღებას იწყებს
views 562
უკან

წალენჯიხაში ნიკო კვარაცხელიას სახელობის IT სკოლა-აკადემია სტუდენტთა მეორე ნაკადის მიღებას იწყებს. განაცხადების მიღება დღეს დაიწყება და ორ კვირას გასტანს. მსურველებმა განაცხადები ონლაინ უნდა გაგზავნონ. მეორე ტური მე-8, მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებისთვის ცხადდება.

IT სკოლაში მათ შესაძლებლობა ექნებათ შეისწავლონ Front-End Development-ი (ვებ-გვერდების და ვებ-აპლიკაციების შექმნა HTML/CSS და JavaScript გამოყენებით) და Python Programming-ი.

როგორც Bm.ge-ის სკოლის დირექტორმა ზურაბ გეთიამ განუცხადა, განაცხადების გადარჩევის შემდეგ, აპლიკანტები გასაუბრებასაც გაივლიან. საბოლოო ჯამში კი დაახლოებით 40 მონაწილეს აირჩევენ.

მეორე და მესამე ნაკადის კურსის დასრულების შემდეგ ყველა ნაკადის კურსდამთავრებულებისთვის უფრო მაღალი საფეხურის კურსი დაანონსდება და სამომავლოდ კიდევ მესამე - ყველაზე რთული დონის კურსი.

„ახლა მიმდინარეობს კურსის შესავალი. სამი ნაკადის კურსდამთავრებულებისგან გადაირჩევა მეორე ეტაპის სტუდენტები, შემდეგ კი იქნება მესამე საფეხურის კურსი. მსურველმა, სანამ ის სპეციალისტი გახდება, უნდა გაიაროს სამივე დონის კურსი“, - აღნიშნა IT სკოლის დირექტორმა.

პირველი დონის კურსი 2,5 თვეს გრძელდება და 40 საათს მოიცავს. კურსების მასწავლებლები თიბისი აკადემიის პროფესორები არიან, რომლებიც ონლაინ ლექციებს ატარებენ. თუმცა, ზურაბ გეთიას თქმით, შემდეგი კურსიდან მოსწავლეებს მეცადინეობაში ერთი მასწავლებელი თავად აკადემიაში რეალურ რეჟიმში დაეხმარება.

„სტუდენტები სკოლაშივე მეცადინეობენ, ამიტომაც ამ პროცესისთვის ცალკე მასწავლებელი მომზადდა, რომელიც დაეხმარება სტუდენტებს“, - აღნიშნა მან.

ცნობისთვის, წალენჯიხის ნიკო კვარაცხელიას სახელობის IT-აკადემიის პირველი ნაკადის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები დღეს გადაეცათ. პროფესიული განათლების კურსი 28 ახალგაზრდამ წარმატებით გაიარა.

შეგახსენებთ, “ლელოს” დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძის დაფინანსებით, წალენჯიხაში ნიკო კვარაცხელიას სახელობის უფასო IT სკოლა მაისში გაიხსნა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა