მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წალენჯიხაში ნიკო კვარაცხელიას სახელობის, უფასო IT სკოლა გაიხსნა

628b9807b1502
მარიამ ვარადაშვილი
23.05.22 18:26
2530
“ლელოს” დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძის დაფინანსებით, წალენჯიხაში ნიკო კვარაცხელიას სახელობის უფასო IT სკოლა გაიხსნა.

“დღეს მსოფლიოში IT დეველოპერების დეფიციტია. დაახლოებით, 4.5 მლნ ადამიანია, რომელიც დღეს მსოფლიო ბაზარს სჭირდება. დარწმუნებული ვარ, აქ მარგალიტებს აღმოვაჩენთ,” - განაცხადა სკოლის გახსნისას მამუკა ხაზარაძემ.

სკოლაში სასწავლო კურსზე, ჯამში, 300 ადამიანი დარეგისტრირდა. როგორც bm.ge-ს წალენჯიხის IT სკოლა აკადემიის დირექტორმა ზურაბ გეთიამ განუცხადა, მათგან პირველი ტურის ფარგლებში, 90-მა უკვე მიიღო მონაწილეობა ტესტირებასა და გასაუბრებაში, რომელთაგან ჩამოყალიბდება პირველი ორი ჯგუფი, სადაც 15-15 მოსწავლე ისწავლის.

„ერთი ჯგუფი შეისწავლის შესავალ Front-End Development-ში (ვებ-გვერდების და ვებ-აპლიკაციების შექმნა HTML/CSS და JavaScript გამოყენებით); მეორე ჯგუფი კი - შესავალს Python Programming-ში. ორივე შესავალი კურსი, დაახლოებით, 2.5-თვიანია.

აღსანიშნია, რომ გარდა პროგრამირების კურსებისა, ჯგუფის წევრები უფასოდ ისწავლიან ინგლისურს, Lingwing-ის მონაწილეობით, რომელიც სკოლის პარტნიორია“, - განმარტა ზურაბ გეთიამ.

მისივე თქმით, სკოლა მუდმივად განახორციელებს ახალ ტურებს და ახალი ჯგუფების დამატებას. ასევე მოეწყობა სპეციალური კურსები სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისთვის.

„მათთვის, ვინც გაივლის შესავალ კურსებს, დაემატება მოწინავე დონის კურსები რამდენიმე ეტაპად, რათა გააძლიერონ თავიანთი ცოდნა და უნარები შერჩეული მიმართულებებისთვის“, - დასძინა მან.

ინფორმაციისთვის: ნიკო კვარაცხელია სახელობის IT სკოლა-აკადემიის გახსნა მამუკა ხაზარაძემ BMG-ის ეთერში დააანონსა:

"ეს იქნება ჩემ მიერ დაფინანსებული უფასო IT სკოლა, სადაც რამდენიმე თვეში ამ ახალგაზრდებისგან შევქმნით სერტიფიცირებულ დეველოპერებს, რომელთა დიდი დეფიციტია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ - მსოფლიოში. იდეაც ეს არის. პანდემიამ მთლიანად შეცვალა ყველაფერი - არაა საჭირო ოფისში სიარული. მითუმეტეს IT ინდუსტრია ონლაინ მუშაობს. ამდენად, რამდენიმე თვეში ჩვენ გვეყოლება ახალგაზრდების გარკვეული ჯგუფი, რომელთაც ექნებათ შანსი, მოიძიონ მაღალანაზღაურებადი სამსახური".

„ლელოს“ლიდერის თქმითვე, მუშაობს ამერიკულ აკადემიასთან, რათა წალენჯიხაში გაიხსნას საზაფხულო სკოლა, სადაც ინგლისურის და სხვა უცხო ენების ინტენსიური სწავლება მოხდება.