მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„წალენჯიხის განვითარების ჯგუფის“ ინვესტიციები უკვე ₾2 მლნ-ს აღწევს - გია ხარჩილავა

635e66504bd5c
თელარა გელანტია
30.10.22 17:34
997
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში „წალენჯიხის განვითარების ჯგუფის“ ინვესტიციები 2 მლნ ლარს აღწევს. ამის შესახებ bm.ge-ს მუნიციპალიტეტის მერმა გია ხარჩილავამ განუცხადა.

„დღესდღეობით, 2 მლნ ლარამდე ბიუჯეტგარეშე სახსრებია მოზიდული წალენჯიხაში და ყველა განათლებასა და კულტურაში ჩაიდო, რადგან გრძელვადიან პერსპექტივაში სწორედ ამ მიმართულებით ჩადებული ინვესტიცია მოიტანს განვითარებას“, - ამბობს გია ხარჩილავა bm.ge-სთან.

მისივე ინფორმაციით, „წალენჯიხის განვითარების ჯგუფის“ სახელით განხორციელებული ინვესტიციების უკან, ძირითადად, „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე და „ფორმულა ჯგუფი“ დგანან, თუმცა მუნიციპალიტეტში სხვადასხვა პროექტის მხარდაჭერის ინტერესს სხვა ბიზნესჯგუფებიც გამოთქვამენ.

„წალენჯიხის განვითარების ჯგუფის“, კერძოდ, მამუკა ხაზარაძის სახელს კი მუნიციპალიტეტში უკავშირდება ისეთი პროექტები, როგორებიცაა: ნიკო კვარაცხელიას სახელობის IT სკოლა, მთავარი ბიბლიოთეკის ინვენტარით აღჭურვა და წიგნის ფონდის განახლება, წალენჯიხის სამხატვრო გალერეის რეაბილიტაცია და ასევე, მულტიფუნქციური კულტურის ცენტრის მშენებლობა, რომელიც მუნიციპალიტეტში ყოფილი პირველი მაისის კოლმეურნეობის ადმინისტრაციული შენობის ადგილას განთავსდება. აღსანიშნია, რომ ლეო ქიაჩელის ქუჩაზე მდებარე 10682.00 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული N1, N2 და N3 შენობა-ნაგებობები მამუკა ხაზარაძემ რამდენიმე თვის წინ საჯარო აუქციონზე 267 000 ლარად შეიძინა.

გარდა ამისა, „წალენჯიხის განვითარების ჯგუფშია“ „ფორმულა ჯგუფი“, რომელმაც სხვადასხვა პროექტში 1 მლნ ლარი ჩაიდო - კერძოდ, თანამედროვე საფარით მოეწყო ქალაქ ჯვარის ცენტრალური სტადიონი; ასევე, იწყება ჭადრაკის სახლის რეაბილიტაციაც. ამასთან, დაახლოებით, 30 000 ლარით დააფინანსა „ფორმულა ჯგუფმა“ ტერენტი გრანელის ნახატების წიგნის გამოცემა.

აღსანიშნია, წალენჯიხაში საქართველოს უნივერსიტეტის როლიც, რომელმაც სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გამო სტატუსშეჩერებულ 18 სტუდენტს სწავლა დაუფინანსა.

„წალენჯიხელებს ძალიან კარგად ახსოვთ ასევე ახალი წლის ჯადოსნური დეკორაციები და ნაძვის ხე „კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ მფლობელისგან, თემურ ჭყონიასგან“, - დასძინა გია ხარჩილავამ.

ინფორმაციისთვის: წალენჯიხის 2022 წლის ბიუჯეტი 11 მლნ ლარია, საიდანაც 10.8 მლნ ლარამდე ქალაქის საკუთარი შემოსავლებია, დანარჩენი კი, სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერებია.