მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წამლების ფასწარმოქმნის რეგულირების რა მექანიზმი შეიძლება გამოიყენოს საქართველომ? - "კურაციო"

61c340f98ef2b
ელენე გოგბერაშვილი
23.12.21 00:12
1400
ჯანდაცვის სამინისტრო ფარმაცევტული ბაზრის რეგულირების დოკუმენტს ამუშავებს, რომელმაც კომპანიების ბაზარზე თამაშის ახალი წესები უნდა განსაზღვროს. მიზანი მედიკამენტებზე მოქალაქეთა დანახარჯების შემცირება და მასზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა.

ამ პროცესს წინ უძღოდა კონკურენციის სააგენტოს მომზადებული დასკვნაც, რომელმაც ბოლო სამი წლის განმავლობაში ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგი ჩაატარა. გასულ თვეში გამოქვეყნებულ ანგარიშში ფასთწარმოქმნის რეგულირებაზეცაა საუბარი.

საერთაშორისო ფონდ "კურაციოს" შეფასებით, ერთ-ერთი მექანიზმი, რომელიც შეიძლება საქართველოს მთავრობამ მედიკამენტების ფასების რეგულირების მიზნით გამოიყენოს გარე რეფერენტული ფასთწარმოქმნის მექანიზმია, რომელსაც წარმატებით იყენებს როგორც ევროკავშირის წევრი, ისე არაწევრი ქვეყნები. გარე რეფერენტული ფასწარმოქმნა (გრფ) მედიკამენტების ფასების რეგულირების ერთ-ერთი ინსტრუმენტია, რომლის გამოყენების შედეგად შესაძლებელია მედიკამენტები უფრო ხელმისაწვდომი გახდეს მოქალაქეებისთვის, ფასი დაუახლოვდეს მეზობელი ქვეყნების ფასს და დაიზოგოს როგორც ქვეყნის ბიუჯეტის ის ნაწილი, რაც მედიკამენტებზე იხარჯება, ასევე მოსახლეობის მიერ მედიკამენტებზე ჯიბიდან გადახდილი თანხები. ამის შესახებ საერთაშორისო ფონდი "კურაციო" რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ ბლოგში საუბრობს.

აღსანიშნავია, რომ მედიკამენტების ფასების რეგულირების თემაზე "კურაციომ" ჯერ კიდევ 2019 წლის ბოლოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტთან აქტიური თანამშრომლობით მსოფლიო გამოცდილების მიმოხილვის დოკუმენტი მოამზადა მედიკამენტების ფასწარმოქმნის რეგულირების საერთაშორისოდ გავრცელებულ ინსტრუმენტებზე, რომელთა განსახილველად დაინტერესებულ მხარეთა აქტიური მონაწილეობით, ასევე გაიმართა პოლიტიკის დიალოგი. დოკუმენტში მედიკამენტების ფასების რეგულირების განხილულ ინსტრუმენტებს შორის და საქართველოს კონტექსტუალური ფაქტორების გათვალისწინებით დიალოგის მონაწილეებმა გარე რეფერენტულ ფასწარმოქმნას დაუჭირეს მხარი.

„ამ მეთოდის გამოყენების პრინციპი შემდეგია: კონკრეტული ქვეყანა, რომელშიც გრფ ინერგება მედიკამენტების ფასების შესახებ ინფორმაციას იღებს სხვა ქვეყნებიდან და ფასის გამოთვლის მეთოდოლოგიის გამოყენებით ადგენს საკუთარ ბაზარზე კონკრეტული მედიკამენტისთვის კონკრეტულ ფასს. გრფ-ს მეშვეობით სახელმწიფო წინასწარ შერჩეული მედიკამენტების ჯგუფის ანაზღაურებისთვის განსაზღვრავს ზღვრულ ფასს, რომელსაც სახელმწიფო გადამხდელი ან სადაზღვევო კომპანია იყენებს მოსახლეობისთვის მედიკამენტების ანაზღაურებისთვის. გარე რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმს ევროკავშირის თითქმის ყველა წევრი ქვეყანა იყენებს. გრფ პოლიტიკას იყენებს ასევე ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიც – ავსტრალია, კანადა, ბრაზილია, სამხრეთ აფრიკა, იორდანია და ლიბანი. ბოლო წლებია გრფ პოლიტიკის გატარება დაიწყეს ცენტრალური აზიის და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებშიც: ყაზახეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა. სამეცნიერო ლიტერატურა მიუთითებს, რომ გრფ პოლიტიკა მედიკამენტებზე ფასებს ამცირებს და ასევე ამცირებს მოსახლეობის და/ან მთავრობის დანახარჯებს. გრფ პოლიტიკის შედეგად ფასების შემცირების მასშტაბი განსხვავებულია სხვადასხვა ქვეყანაში და მნიშვნელოვნად ვარირებს ქვეყნებს შორის.

მედიკამენტების ფასების და დანახარჯების შემცირება დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორებზე, უმთავრესად კი გრფ პოლიტიკისთვის შერჩეული ქვეყნების რაოდენობასა და შემადგენლობაზე, ფასის გამოთვლის მეთოდოლოგიაზე, რეფერენტულ ქვეყნებში მედიკამენტების შესახებ ფასების მოძიების და განახლების სიხშირეზე და ასევე, იმაზე თუ როგორია ქვეყანაში ფარმაცევტული სფეროს რეგულირება ანუ გრფ პოლიტიკასთან ერთად სხვა მექანიზმებიც გამოიყენება თუ არა ფასების რეგულირებისთვის. მაგალითად, ბულგარეთში 2012 წელს გრფ დიზაინში შეტანილი ცვლილების შემდეგ, კერძოდ, მას შემდეგ რაც რეფერენტული ქვეყნების ნუსხა 8-დან 12-მდე გაიზარდა და რეფერენტულ ქვეყნებში მედიკამენტებზე ფასების შესახებ ინფორმაციის განახლებას ყოველწლიური ხასიათი მიეცა ანაზღაურებადი მედიკამენტების ფასები შემცირდა 4-დან 75.4%-მდე.

საერთაშორისო გამოცდილება მოწმობს, რომ რეფერენტული ფასწარმოქმნის პოლიტიკის გავლენა მოსახლეობის მიერ მედიკამენტების მოხმარებაზე არც ისე დიდია, ანუ საერთო ჯამში გრფ მედიკამენტების მოხმარების შემცირებასთან არ ასოცირდება. მისი მოქმედების მექანიზმი მდგომარეობს იმაში, რომ მოსახლეობა უფრო მეტად იყენებს რეფერენტულ ჯგუფში შემავალ მედიკამენტებს და ნაკლებად ხდება არა-რეფერენტული მედიკამენტების გამოყენება. ანუ ერთი ტიპის მედიკამენტების ჩანაცვლება ხდება მეორე ტიპის მედიკამენტებით, რომლებიც მოსახლეობისთვის უფრო ხელმისაწვდომია“-ნათქვამია "კურაციოს" ბლოგში.

როგორც საერთაშორისო ფონდის მკვლევარი, ლელა სულაბერიძე bm.ge-სთან აცხადებს, ეს მოდელი ნამდვილად იმსახურებს განხილვას, რა მიზნითაც მომავალ კვირაში "კურაციო" პარლამენტისა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან დიალოგის გამართვას აპირებს.

„რაც გვინდა რომ გათვალისწინებული იყოს, სამომავლო პოლიტიკის გადაწყვეტილებებში არის ის, რომ ამ მეთოდსაც ჰქონდეს განხილვის შესაძლებლობა. დაანონსებულია რეფორმების კასკადი და ეს მეთოდი იმსახურებს განხილვას და მსჯელობას, თუ რამდენად რელევანტური იქნება ეს მოდელი საქართველოსთვის და რა შედეგებს მიაღწევს საქართველოს კონტექსტის გათვალისწინებით“, - აცხადებს სულაბერიძე.

აღსანიშნავია, რომ ფარმაბაზრის რეგულირების დოკუმენტი ჯერ საჯარო არ არის. მასზე ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს და როგორც პრემიერმა დააანონსა, მისი ინიცირება საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე თვეში უნდა მოხდეს.