მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წამლებზე რეფერენტული ფასები იანვრიდან დაწესდება - რა ინფორმაცია აქვს ბიზნესს?

635d2e58cbd52
ლიკა მეგუთნიშვილი
29.10.22 18:35
1064
ჯანდაცვის სამინისტრო წამლის ფასის რეგულირების მიზნით რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმზე მუშაობს. აღნიშნული, რეფერენტული ქვეყნების სიის განსაზღვრას, მედიკამენტების ფასებზე ინფორმაციის შეგროვებასა და მაქსიმალური ზღვრული ფასების გამოთვლას ითვალისწინებს. შედეგად ჯანდაცვის სამინისტრო წამლებზე მაქსიმალურ ღირებულებას განსაზღვრავს, რომლის გათვალისწინებაც მედიკამენტების რეალიზაციისას სავალდებულო იქნება. პირველ ეტაპზე რეგულაცია 37 დასახელების ნივთიერებას შეეხება. 

როგორც ცნობილია, რეფერენტული ფასები პირველ ეტაპზე ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო პრეპარატებზე დაწესდება. ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის დირექტორმა, ირაკლი მარგველაშვილმა გადაცემა „საქმის კურსში“ განაცხადა, რომ რეფერენტული ფასის დადგენისას, საქართველო ისეთ ევროპულ ქვეყნებს უნდა შეედაროს, რომლებიც ეკონომიკური მდგომარეობითა თუ მოსახლეობის რაოდენობით მსგავსია.

"აღნიშნულ მოდელში შესადარებლად რამდენიმე ევროპული ქვეყნის ფასი იქნება გამოყენებული. ეს იქნება სავარაუდოდ 4-5 ქვეყანა, რომელიც მოსახლეობის რაოდენობით საქართველოს ჰგავს. ასევე მსგავსი იქნება ეკონომიკური პარამეტრებით და ბაზრის სტრუქტურით. ამ ქვეყნებში მედიკამენტების ფასი არის ფიქსირებული. შერჩეულ ქვეყნებში არსებული მედიკამენტების საშუალო არითმეტიკული ფასი იქნება მიღებული, როგორც საქართველოში მაქსიმალური საბითუმო-საკრედიტაციო ფასი“, - აცხადებს ირაკლი მარგველაშვილი.

როგორც ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის დირექტორი ამბობს, ამ ცვლილებით სახელმწიფო მედიკამენტის ღირებულების იმ მაქსიმალურ ზღვარს დაადგენს, რომელზე მაღალ ფასადაც წამლების რეალიზაცია აიკრძალება. პირველ ეტაპზე რეგულაცია 37 დასახელების ნივთიერებას შეეხება.

„მაქსიმალური საბითუმო ფასი დაწესდება საბითუმო ბაზრებზე და ასევე განისაზღვრება, რა მაქსიმალურ ფასადც შეიძლება გაიყიდოს ეს მედიკამენტები საცალო ბაზარზე. პირველ ეტაპზე საუბარია იმ 37 მედიკამენტზე, რომლის შესყიდვასაც სახელმწიფო, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, ქრონიკული დაავადებებისთვის ახორციელებს. ეს არ იქნება მხოლოდ სახელმწიფო სექტორის ფარგლებში, არამედ ამ 37 მედიკამენტის ფასზე დადგენილი მაქსიმალური ზღვარი ყველა აფთიაქში გავრცელდება.

აღსანიშნავია, რომ რეფორმის ამოქმედების მექანიზმები ჯანდაცვის უწყებამ ფარმაცევტული სექტორის წარმომადგენლებს რამდენიმე დღის წინ გააცნეს. მარგველაშვილის თქმით, სექტორი ელოდება, რომ რამდენიმე დღეში სამუშაო პროცესში კერძო სექტორიც ჩაერთვება.

"ეს არ იყო სამუშაო ფორმატი, რადგან ეს იყო პირველი წარდგენა. უამრავი ექსპერტი მონაწილეობდა ამ შეხვედრაში, მათ შორის იყო მსოფლიო ბანკის მისიის ხელმძღვანელი. უახლოეს პერიოდში იგეგმება კერძო სექტორის ჩართვაც - დისტრიბუტორების, მწარმოებლების, იმპორტიორების. პირველი იანვრიდან უნდა გამოქვეყნდეს რეფერენტული ფასები, თუმცა დისტრიბუტორებს თუ იმპორტიორებს გარკვეული დრო მიეცემათ ადაპტაციისთვის. როგორც ჯანდაცვის სამინისტრომ თქვა, ეს იქნება ერთთვიანი პერიოდი“ , - აცხადებს მარგველაშვილი.

ირაკლი მარგველაშვილის თქმით, რეფერნტული ფასწარმოქმნა გარკვეულწილად რისკებთან არის დაკავშირებული, მათი მინიმიზაცია კი მხოლოდ კერძო სექტორის სრული ინფორმირებულობითა და მედიკამენტების ხარისხის მუდმივი მონიტორინგითაა შესაძლებელი.

„სავარაუდოდ ნოემბრის თვეში ინფორმაცია მეტნაკლებად საკმარისი იქნება იმისთვის, რომ დისტრიბუტორებმა და იმპორტიორებმა გააანალიზონ არსებული ფასები. მუდმივი დიალოგი იქნება კერძო სექტორთან, ასევე შეიქმნება სპეციალური მუდმივმოქმედი საბჭოც, რომელიც კომპანიებს აღნიშნულ რეგულაციასთან დაკავშირებით სრულ ინფორმაციას მიაწვდის.

ნებისმიერი ფასთა რეგულაცია, რა თქმა უნდა, კერძო სექტორისთვის ხვდება კითხვის ნიშნის ქვეშ. მე არ მიმაჩნია, რომ ეს რეგულაცია ზიანს მოიტანს, პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს ჯერ მხოლოდ საპილოტე ვერსიაა. თუმცა, რისკების შემთხვევაში, მაგალითად, როგორიცაა ვალუტის კურსის ცვალებადობის დროს, აუცილებლად გადაიხედება დაწესებული ფასი. ფასთა რეგულაცია მსოფლიოში აპრობირებული მოდელია და ჩვენ მისი არ უნდა შეგვეშინდეს. თუმცა, მნიშვნელოვანია, ამის პარალელურად მედიკამენტების ხარისხის კონტროლის მკაცრი მონიტორინგი მუდმივად განხორციელდეს“ , - აცხადებს ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი.

შეგახსენებთ, რომ რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმის განხილვის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრები დაწყებულია და რამდენიმე შეხვედრა როგორც დარგის ექსპერტებთან, ისე სექტორის წარმომადგენლებთან, უკვე გაიმართა.