მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წამლის მწარმოებლები ტიკარაძის უწყებას GMP სტანდარტის დასანერგად დამატებით დროს სთხოვენ

5f20286d47844
ელენე გოგბერაშვილი
28.07.20 20:41
1185
2022 წლიდან შესაძლოა ფარმაცევტული კომპანიების ნაწილმა საქმიანობა შეაჩეროს. ეს ის იმ შემთხვევაში, თუ წარმოებები GMP-ს (კარგი საწარმოო პრაქტიკის) ევროპული სტანდარტის დანერგვას დათქმულ ვადებში ვერ შეძლებენ. როგორც ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციაში ამბობენ, GMP-ს დანერგვა კომპანიებისთვის სოლიდურ ფინანსურ რესურსს საჭიროებს, შესაბამისად 2022 წლიდან მოსალოდნელია, რომ მედიკამენტებზე ფასები მოიმატებს. დარგი ჯანდაცვის სამინისტროს სტანდარტის დასანერგად დროის გადავადების თხოვნით მიმართავს.

ამ ეტაპზე ფარმაცევტული ბიზნესი კონსულტაციების რეჟიმშია ჯანდაცვის სამინისტროსთან, რათა მათ GMP-ს დასანერგად დამატებითი დრო მიეცეთ. ამ ფორმატში სექტორი უწყებასთან მხოლოდ მას შემდეგ გადავიდა, რაც ბიზნესმა და  ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს საბჭომ ეს საკითხი ინვესტორთა საბჭოზე რამდენჯერმე დასვა. პრემიერის დავალებით კი სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელშიც ბიზნესის გარდა, შედიან ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებიც.

ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი კაჭარავა BM.GE-თან ამბობს, რომ ჯერ კიდევ არ არსებობს GMP-ს სტანდარტზე გადასვლის სამოქმედო გეგმა და დოკუმენტიც, რომლითაც ქართველმა მწარმოებლებმა უნდა იხელმძღვანელონ, და რომელიც ქართულად არც კია ნათარგმნი. კაჭარავა ამბობს, რომ ბიზნესი მზად არის სტანდარტების დასანერგად, თუმცა, კერძო სექტორს სჭირდება დამატებითი დრო და სამინისტროსთან შეთანხმებული გაიდლაინები, რათა მათი გაწეული ხარჯი ბოლოს წყალში გადაყრილი არ აღმოჩნდეს.

"ამ ეტაპზე არ არის GMP-ის სტანდარტზე გადასვლის სამოქმედო გეგმა, ეს გულისხმობს, რომ მთავრობასა და ბიზნეს სექტორს შორის უნდა იყოს შეთანხმებული თამაშის წესები, რომელიც განსაზღვრავს თუ როგორ ხდება გადასვლა. თითოეულ კომპანიას სჭირდება 4-5 წელი სტანდარტების დაკმაყოფილებისთვის. გვაქვს საუბარი მაღალის სტანდარტის ევროპულ GMP-ზე, რაც ურთულესია. თავად ევროპულ კომპანიებსაც უჭირთ.

მაგალითისთვის გეტყვით, რომ საუბარია ევროპული ხარისხის დენისა და წყალის მიწოდებაზე. თავად თუ ვსაუბრობთ 2022 წელზე, შეიძლება ეს სერვისები ფიზიკურად მიწოდებული არ იყოს. ეს ნიშნავს, რომ მთავრობამ წინასწარ უნდა შეითანხმოს და დასტური მისცეს კომპანიას, რომ თუ ამ გზით წავა, მისი ჩადებული ინვესტიცია არ იქნება წყალში გადაყრილი. დაახლოებით 70 მლნ ლარზეა საუბარი ქართული ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან, რომლებიც ხვალიდანვე დაიწყებენ ამ ფულის დაბანდებას თუ მთავრობასთან მოხდება შეთანხმების მიღწევა“, - აცხადებს გიორგი კაჭარავა.

კაჭარავა აღნიშნავს იმასაც, რომ ადგილობრივი ფარმაცევტული კომპანიები იმპორტიორებთან შედარებით დისკრიმინაციულ მდგომარეობაში არიან, რადგან 2019 წლის 1 ივლისიდან ახალი წამლის რეგისტრაციის ან/და ახალი საწარმოო ხაზის გაშვების შემთხვევაში, მათ ვალდებულება აქვთ GMP დანერგონ, მაშინ, როცა მსგავსი მოთხოვნა ჩვენს ქვეყანას არ აქვს იმპორტიორებთან მიმართებაში. ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს მიაჩნია, რომ თუ სექტორთან შეთანხმებული სამოქმედო გეგმა არ იქნება, ქვეყანა რთული რეალობის წინაშე აღმოჩნდება.

თუ შევინარჩუნებთ არსებულ სტატუს–კვოს, ეს ნიშნავს 2022 წლიდან წამლების გაძვირებას, სამუშაო ადგილების დაკარგვას და ნაწილი წარმოების გასვლას საზღვარგარეთ. მოსაფიქრებელია კომპრომისული ოქროს შუალედი, რაც მისცემს შესაძლებლობას დარგს და არ გააჩერებს და კარგი იქნება ქვეყნისთვის. გვაქვს მოლოდინი, რომ კონსულტაციები მალე დამთავრდება და ერთობლივად იქნება მიღებული ის კომპრომისული გადაწყვეტილება, რაც კარგი იქნება დარგისთვის და ქვეყნისთვის. დარწმუნებული ვარ, არავის აწყობს ინვესტიციების შეფერხება, თუნდაც ამ 70 მილიონის და სამუშაო ადგილების დაკარგვა“-აცხადებს გიორგი კაჭარავა.

BM.GE-ს კითხვაზე, რატომ არ დაიჭირეს აქამდე თადარიგი ფარმაცევტულმა კომპანიებმა, რათა სტანდარტების დანერგვისთვის დამატებითი დრო არ გამხდარიყო საჭირო, კაჭარავა გვპასუხობს, რომ ამ ნაწილშიც სათანადო კომუნიკაცია არ ჰქონდა ჯანდაცვის სამინისტროს დარგთან. თავად ეკატერინე ტიკარაძის უწყებაში ამ თემასთან დაკავშირებით დღეს კომენტარი არ გაკეთებულა, თუმცა ხვალისთვის დაგვპირდნენ, რომ ჩვენს კითხვებს უპასუხებენ.

ჯერ კიდევ ღიად რჩება საკითხი, მისცემს თუ არა ჯანდაცვის სამინისტრო ფარმაცევტულ საწრამოებს GMP-ს სტანდარტზე გადასასვლელად საჭირო დროს. მინისტრმა მიმდინარე წლის დასაწყისში აღნიშნა, რომ GMP სტანდარტზე გადასასვლელად ფარმაცევტულ კომპანიებს ინფორმაცია გააჩნიათ უკვე წლებია და თუ სამინისტრო წელს GMP სტანდარტზე გადასვლის გადაწყვეტილებას მიიღებს, ვადის გადაწევაზე საუბარი აღარ იქნება.