მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წარჩინებული პირველკურსელები 300-ლარიან სტიპენდიას მიიღებენ - სამინისტრომ „გალფთან“ მემორანდუმი გააფორმა

62fddc4bdc560
BM.GE
18.08.22 10:44
2745
სტუდენტთა მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და კომპანია „გალფს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის თანახმად წარჩინებული პირველკურსელები 2022-2023 სასწავლო წლის განმავლობაში 300-ლარიან სტიპენდიას მიიღებენ.

მემორანდუმს ხელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა და „გალფის“ გენერალურმა დირექტორმა ქრეიგ სთივენ ქრამერმა მოაწერეს.

დოკუმენტის თანახმად, კომპანია „გალფი“ 100 სტუდენტისთვის, რომლებმაც 2022 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში საუკეთესო შედეგი აჩვენეს, ერთი სასწავლო წლის განმავლობაში უზრუნველყოფს სტიპენდიის ჩარიცხვას ყოველთვიურად 300 ლარის ოდენობით.

სტიპენდია გაიცემა, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, სტუდენტობის კანდიდატთა შორის უმაღლესი შედეგის მქონე 100 აბიტურიენტზე.

როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, „გალფის“ ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს, თანაბრად ხელმისაწვდომი სასწავლო გარემოს შექმნის მხარდაჭერის გზით, ახალგაზრდა თაობის ხელშეწყობა წარმოადგენს. შესაბამისად, ამ მიმართულებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და კომპანია „გალფი“ მომავალშიც აქტიურად გააგრძელებენ ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას.

აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აგრძელებს კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობას. ბოლო წლებში, კერძო კომპანიებთან პარტნიორობის ფარგლებში, განათლების სხვადასხვა საფეხურზე, როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე, სტუდენტებისა და ახალგაზრდა მეცნიერებისთვის არაერთი მხარდამჭერი პროგრამა შემუშავდა.