მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წარმოადგენს თურქი ინვესტორი საფრთხეს? რა თქმა უნდა, არა - ნათია თურნავა

6042340a90c87
ინგა მურუსიძე
05.03.21 17:54
439
რატომ აშენებს ჰესს უცხოელი ინვესტორი და არა - სახელმწიფო? ინვესტორი ქართველი უნდა იყოს, თუ - უცხოელი? - ამ და მსგავს შეკითხვებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ცაგერში ადგილობრივ მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე, გარემოს დაცვის მინისტრ ლევან დავითაშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად უპასუხა.

როგორც bm.ge-ს ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, მთავრობის წარმომადგენლები ცაგერში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, „ნამახვანიჰესის“ პროექტთან დაკავშირებით მოსახლეობასთან შესახვედრად იმყოფებოდნენ.

როგორც ეკონომიკის მინისტრმა შეხვედრის დროს აღნიშნა, არსებობს რთული ჰესები, სადაც მაღალი კაშხლებია და სადაც მეტი კომუნიკაციაა საჭირო ადგილობრივ მოსახლეობასთან, რომლებიც დიდ ტერიტორიაზეა გაშლილი და ასეთ დროს, სამომავლოდ შეიძლება განხილული იყოს, რომ მსგავსი ობიექტების მშენებლობისას ლიდერის პოზიცია სახელმწიფომ იტვირთოს. ნათია თურნავას შეფასებით, ასეთი ჰესები აუცილებლად იქნება ასაშენებელი, მაგრამ სახელმწიფოს ჩართულობა, როგორც მესაკუთრისა და ინვესტორის, ალბათ იმისთვისაც იქნება უფრო მეტად მნიშვნელოვანი, რომ მსგავსი შეკითხვები არ დაისვას.

„წარმოადგენს თუ არა უცხოელი ინვესტორი, „ნამახვანის“ შემთხვევაში, კონკრეტულად, თურქი ინვესტორი საფრთხეს? რა თქმა უნდა, არა. ჩვენ საკუთარი რესურსებით, საკუთარი ფინანსებით უცხოური ინვესტიციების გარეშე ეკონომიკას ვერ განვავითარებთ. მე მგონი, ამის მტკიცება თანამედროვე საქართველოში საჭირო არც არის. ჩვენი ეკონომიკა რომ განვითარდეს, ევროკავშირის ქვეყანა გავხდეთ და ევროპული ცხოვრების დონეზე ავიდეთ, ეს მარტო ჩვენი რესურსით შეუძლებელია. ამიტომაც გვეამაყება, როდესაც სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგში საქართველო სახელდება ერთ-ერთი ყველაზე გახსნილ ქვეყნად უცხოელი ინვესტორების მიმართ“ - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, უცხოელ ინვესტორებს მოაქვთ ის სიკეთე, რომ ფულს დებენ საქართველოში, აქ აფუძნებენ და ავითარებენ კომპანიებს, რომლებიც საქართველოში იხდიან გადასახადებს და აქვე ასაქმებენ ადამიანებს.

„ენერგეტიკაში ჰესის მშენებლობის ალტერნატივაა ის, რომ რომელიმე ქვეყანაში გავიდეს ჩვენი ფული, ჩვენი ვალუტა და იქიდან შემოვიტანოთ არა ინვესტიცია, რომელიც აქ ჩვენს სასარგებლოდ იმუშავებს, არამედ - დენი, თანაც იმ პირობით, რასაც გვიკარნახებენ“ - განაცხადა ნათია თურნავამ.