მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წარმოების ტემპისა და პროდუქტზე ფასების შენარჩუნება - რა გამოწვევების წინაშეა ჰაიდელბერგცემენტი

5e947db340b17
ვიქტორია მღებრიშვილი
12.04.20 16:30
1215
ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას“ გაყიდვები 40%-ით შემცირდა" - BMG-ისთან საუბარში ამბობს კომპანიის რეალიზაციისა და მარკეტინგის დირექტორი ირაკლი მახარობლიძე.

ირაკლი მახარობლიძის თქმით, COVID-19-ის გავლენით ქვეყანაში შექმნილმა არასტაბილურმა ეკონომიკურმა გარემომ, ეროვნული ვალუტის რყევამ და შემცირებულმა გაყიდვებმა ქვეყანაში ცემენტის მწარამოებელი კომპანია გამოწვევების წინაშე დააყენა. მისი შეფასებით, კომპანია გაყიდვებს სამი მიმართულებით ახორციელებს, აქედან საცალო ბაზარზე და მშენებლობის სექტორში რეალიზაცია მკვეთრად არის შემცირებული.

„დღემდე შემცირებული მოთხოვნის მიუხედავად, ცემენტის წარმოება არ შეგვიმცირებია, თუმცა აუცილებლად მოგვიწევს, რადგან ცემენტის მარაგების შენახვის ტექნიკურ საშუალებებსაც აქვს თავისი ლიმიტი და არსაკმარისი რეალიზაციის პირობებში იძულებული ვიქნებით გავჩერდეთ, სავარაუდოდ პირველ რიგში ცემენტის დაფქვის ნაწილის შეჩერება მოგვიწევს. იმ შემთხვევაში თუ სიტუაცია შემდეგი ერთი თვის ვადაში არ გაუმჯობესდა, მაშინ კლინკერის ღუმელების გაჩერების საკითხიც დადგება.
ეს საკითხი დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ განვითარდება სამუშაო ნებართვების გაცემის პროცესი. ამასთან მინდა აღვნიშნო, რომ სამშენებლო კომპანიების აბსოლუტური უმრავლესობა არის მოტივირებული და აქვთ ძალიან დიდი სურვილი გააგრძელონ მუშაობა“, - ამბობს „ჰაიდელბერგცემენტის“ რეალიზაციისა და მარკეტინგის დირექტორი.

ხსენებული სირთულეების მიუხედავად, კომპანია მათ პროდუქტებზე ფასებისა და დასაქმებული თანამშრომლების შენარჩუნებას მაქსიმალურად ცდილობს.

„შევეცდებით ბოლომდე შევინარჩუნოთ ჩვენს კომპანიაში დასაქმებული პროფესიონალი და გამოცდილი კადრები, ძალისხმევას არ დავიშურებთ რომ კომპანიამ მაქსიმალურად მცირედი ზაიანით დააღწიოს თავი ამ კრიზისულ პერიოდს, თუმცა შემცირებული რეალიზაცია, დოლარის და ლარის გაცვლითი კურსის შედეგად გამოწვეული ცვლილებები ძალიან მძიმედ აწვება წარმოებას და ზრდის საბოლოო პროდუქციის თვითღირებულებას. „ჰაიდელბერგცემენტის“ დანახარჯებს თუ შევხედავთ, ჩვენი ხარჯების დაახლოებით 65-70% მოდის ენერგო მატარებლებზე - აქ იგულისხემბა ნახშირი, გაზი და ელექტროენერგია, რომელიც ჩვენს შემთხვევაში სამწუხაროდ 100%-ით დოლარშია გამოხატული, შესაბამისად ნებისმიერი რყევა მძიმედ ურტყამს პროდუქციის თვითღირებულებას.

მიუხედავად ამისა, საფასო პოლიტიკა არ შეგვიცვლია. იმედს ვიტოვებთ, რომ ლარი მოკლე ვადაში იპოვის წონასწორობის წერტილს და მეტნაკლებად დასტაბილურდება, რათა მოგვეცეს საშუალება გარკვეული გათვლები ვაკეთოთ. საკმაოდ დიდ დანახარჯებზე ვსაუბრობთ, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ „ჰაიდელბერგცემენს“ ამ ეტაპზე არ შეუცვლია სარეალიზაციო ფასები და ესეც ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილად შეიძლება ჩაითვალოს.

იმ შემთხვევაში თუ ეს პროცესი დიდხანს გაგრძელდა და არსებული კურსიც შენარჩუნდა ცვლილებების განხორციელება გარდაუვალი იქნება“ - ამბობს ირაკლი მახარობლიძე.