მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა აქტი, რომელიც საქართველოსთვის დახმარების 15%-ის შეჩერების შესაძლებლობას ქმნის

5f1bf06a2cf56
შოთა ტყეშელაშვილი
25.07.20 12:38
3519

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ 224 ხმით, 189 ხმის წინააღმდეგ ენჭი უყარა სახელმწიფო დეპარტამენტისა და საგარეო ოპერაციების $259.5-მილიარდიანი ბიუჯეტი. დოკუმენტში საუბარია საქართველოსთვის დახმარების სახით $132,025,000 გამოყოფის შესახებ, თუმცა სხვა წლებისგან განსხვავებით, ამჟამად დოკუმენტს წინაპირობა ახლავს, რომლის მიხედვით, ამ დახმარების გაცემის 15% უნდა შეჩერდეს იქამდე, სანამ სახელმწიფო დეპარტამენტი არ დაადგენს, რომ საქართველოში ინსტიტუტების დამოუკიდებლობა, დემოკრატიული გარემო და ბიზნესგარემო არ გაუმჯობესდა, ამასთანავე, არ შემცირდება კორუფციის დონე და განმტკიცდება ანტიკორუფციული რეგულაციები. 

კანონპროექტს ამჟამად სენატის კენჭისყრა ესაჭიროება. 

კანონპროექტში წერია:

"დახმარება - 
ამ აქტის მესამე და მეოთხე თავების თანახმად, საქართველოსთვის გამოყოფილ იქნას არანაკლებ $132,025,000-ის მოცულობის დახმარება.

სახსრების შეჩერებ
ა - განსაზღვრული დახმარება, არ იქნეს გამოყოფილი, სანამ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი არ დაადგენს და კომიტეტებს არ წარუდგენს მტკიცებულებებს, რომ საქართველოს მთავრობა დგამს ეფექტურ ნაბიჯებს, რათა:

A) განამყაროს მისი დემოკრატიული ინსტიტუტები;

B) ებრძოლოს კორუფციას მთავრობაში, მათ შორის განამტკიცოს ანტიკორუფციული კანონმდებლობა და რეგულაციები;

C) უზრუნველყოს, რომ კერძო სექტორისთვის კანონის უზენაესობა შეესაბამებოდეს საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს, მათ შორის დაცული იყოს უცხოელი ბიზნესმენების უფლებები, მათი ფინანსური ინტერესები და ინვესტიციები.

გამონაკლისები - დახმარების შეჩერების პარაგრაფით განსაზღვრული შეჩერება არ შეეხოს იმ პროგრამებს, რომლებიც საქართველოში დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, სამოქალაქო საზოგადოებას და მედიის თავისუფლებას უჭერს მხარს. ასევე, მიმართულია გენდერული ძალადობის მსხვერპლთა და მოწყვლადი მოსახლეობის დასახმარებლად,"- ნათქვამია კანონპროექტში.

კანონპროექტში ასევე ნათქვამია, რომ შეჩერება შეიძლება არ მოხდეს, თუ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი დაადგენს და კომიტეტს განუცხადებს, რომ ეს მნიშვნელოვანია აშშ-ს სახელმწიფო ინტერესებისათვის.

შესაბამისად, კანონპროექტის შეჩერებით გათვალისწინებული მუხლით, საქართველოს $19.8 მილიონი დოლარის დახმარების მიღება შეიძლება შეუჩერდეს.

კანონპროექტის თანმდევ დოკუმენტში, (The Bill Report) წერია:

საქართველოსთვის გამოსაყოფი დაფინანსება ამგვარად განაწილდეს:

  • ევროპისა და ცენტრალური აზიისთვის გამოსაყოფი დახმარების ბიუჯეტიდან საქართველოსთვის მიიმართოს - $88,025,000 აშშ დოლარი;
  • საერთაშორისო ნარკოტიკული კონტროლისთვის - $5,700,000 აშშ დოლარი;
  • ანტი-ტერორისტული პროგრამების მხარდაჭერისთვის - $1,100,000 აშშ დოლარი;
  • საერთაშორისო სამხედრო განათლებისა და ტრენინგისთვის - $2,200,000 აშშ დოლარი;
  • საერთაშორისო სამხედრო დაფინანსების პროგრამისთვის - $35,000,000 აშშ დოლარი. 

კომიტეტი სახელმწიფო მდივანსა და USAID-ის ადმინისტრატორს მოუწოდებს პრიორიტეტი მიანიჭონ პროგრამებს, რომლებიც მიმართულია კანონის უზენაესობის განმტკიცების, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისა და გამჭვირვალობისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობისთვის. რუსეთის ფედერაციის მხრიდან მომდინარე საფრთხეები დამატებით უსვამს ხაზს თუ რამდენად მნიშვნელოვანია აშშ-ის საგარეო მხარდაჭერა ყოფილი კომუნისტური ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, რათა ხელი შეეწყოს ამ ქვეყნების მისწრაფებას დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განმტკიცების პროცესში. 

ევროპისა და ცენტრალური აზიისთვის გამოსაყოფი დახმარების ბიუჯეტიდან საქართველოსთვის გამოსაყოფი დაფინანსების 15% არ იყოს გაცემული, სანამ სახელმწიფო მდივანი არ დაადგენს და საბიუჯეტო კომიტეტს არ წარუდგენს ინფორმაციას, რომ საქართველოს მთავრობა დგამს ეფექტურ ნაბიჯებს, რათა გააძლიეროს დემოკრატიული ინსტიტუტები, ებრძოლოს კორუფციას და განამტკიცოს კანონის უზენაესობა კერძო სექტორისთვის. კომიტეტის აღნიშნავს და მხარს უჭერს საქართველოს მიერ 29 ივნისს მიღებულ საკონსიტუციო ცვლილებებს, რაც საქართველოს ძირითად პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმების შედეგად იქნა მიღწეული. 

კანონით გათვალისწინებული პუნქტების შესრულების პროგრესის შესაფასებლად, სახელმწიფო მდივანმა იხელმძღვანელოს იმით თუ რამდენად ეფექტურ ნაბიჯებს დგამს საქართველოს მთავრობა, რათა გააძლიეროს ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტები. ამ შეფასების დროს გაითვალისწინოს დგამს თუ არა საქართველოს მთავრობა ნაბიჯებს:

(1) რათა ეფექტურად მოხდეს საარჩევნო რეფორმის იმპლემენტაცია;
(2) იცავს სასამართლოს დამოუკიდებლობას, მათ შორის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისგანაც;
(3) ეფექტურად ახორციელებს აუცილებელ პოლიტიკას, რათა უზრუნველყოს ანგარიშვალდებულება და გამჭირვალეობა, საჯარო ინფორმაციის შეუზღუდავი ხელმისაწვდომობის ჩათვლით;
(4) იცავს სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების უფლებებს და მედიის დამოუკიდებლობას;
(5) ზღუდავს ოლიგარქთა არაფორმალურ გავლენას, როგორც ხელისუფლების ფუნქციებზე, ასევე  კანონებისა და რეგულაციების გამოყენებაზე,"- ნათქვამია დოკუმენტში.