მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Washington Post: ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთი ჩრდილოეთ კორეელ მიგრანტებს მალავს

5da44c435e4aa
მიხეილ ხაჩიძე
14.10.19 17:05
7763

დღეს ჩრდილოეთ კორეა უმკაცრესი საერთაშორისო სანქციების რეჟიმში იმყოფება. ქვეყანა ბირთვული შეიარაღების წარმოების დაფინანსებისთვის საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლით, ფულის გათეთრების და არალეგალური შრომითი მიგრაციის ფართო ქსელს ფლობს. იატაკქვეშა ბიზნესებისა და ოფშორების გავლით მიღებული თანხები ფხენიანში იგზავნება, სადაც ის კომუნისტური რეჟიმის დასაფინანსებლად გამოიყენება.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში, დღესდღეობით, 400-მდე ჩრდილოეთ კორეელი ცხოვრობს და მუშაობს, - ამის შესახებ The Washington Post-ის მიერ გამოქვეყნებული სტატიიდან ხდება ცნობილი. ჩრდილოეთ კორეის მოქალაქეთა აფხაზეთში ყოფნა არალეგალურია, რადგანაც ეს გაერო-ს რეზოლუციის დარღვევას წარმოადგენს. თუმცა, რუსეთის ფედერაცია აღნიშნულ მოთხოვნას უგულებელყოფს. 

"დილას, მზის ამოსვლამდე, ჩრდილოეთ კორეელი მუშების ჯგუფები 1990-იანი წლების კონფლიქტის შედეგად განადგურებული აფხაზეთის ქალაქების ქუჩებში სახლების ასაშენებლად და რკინიგზის გასაყვანად გადიან; ისინი ღამეებს კომუნისტური წარსულის დროს აშენებულ, ლენინის მოზაიკებით გარშემორტყმულ მიტოვებულ სასტუმროებში ათევენ", - ასე აღწერს The Washington Post-ის ჟურნალისტი ემი როტმანი აფხაზეთში ჩრდილოეთ კორეელების ყოველდღიურობას ოკუპირებულ აფხაზეთში. რეპორტიორმა რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონში იმოგზაურა, სადაც კორეელ მუშებს შეხვდა, ფოტო-მასალა გადაიღო და გაესაუბრა კიდეც.




გამოცემის ცნობით, აფხაზეთში მცხოვრები კორეელები ძირითადად მომსახურების სექტორში მუშაობენ. The Washington Post კორეელ მასაჟისტ მეტსახელად "ექიმ კიმზეც" წერს, რომელიც რეგიონში ჩასულ ტურისტებს მასაჟს 7 დოლარად უკეთებს.

"საერთო ჯამში, დაახლოებით, 400 ჩრდილოეთ კორეელი მუშაობს აფხაზეთში",  - აღნიშნავს სტატიის ავტორი და დასძენს, რომ ყველა მათგანი მამაკაცია, რომელთა უმრავლესობამ მეუღლეები და შვილები სამშობლოში დატოვა და ახლა, აფხაზეთში ნაშოვნი ფულით მათ დახმარებას ცდილობენ.  მუშების დიდი ნაწილი სოხუმში ცხოვრობს.




2017 წლის დეკემბერში გაერო-მ დააწესა სანქციები, რომლის თანახმადაც, 2019 წლის ბოლომდე ყველა ქვეყანამ, რომელიც გაერო-ს წევრია, ჩრდილოეთ კორეელი მიგრანტების დეპორტირება უნდა მოახდინოს. რეზოლუციას, ხელი მოაწერეს რუსეთმა და ჩინეთმა, რომლებიც მუშათა მნიშვნელოვან რაოდენობას თავიანთ ქვეყანაში ასაქმებენ. სანქციების მიზანი ფინანსური რესურსის შეზღუდვაა ჩრდილოეთ კორეისთვის, რომელიც უცხოური ვალუტის შემოსავალს სწორედ მიგრანტების წყალობით იღებს. გაერო-ს 2015 წლის ანგარიშის თანახმად, მთელს მსოფლიოში ჩრდილოეთ კორეიდან მინიმუმ 50,000 ასეთი მუშაა და ამით დიქტატორული ქვეყნის შემოსავალი წლიურად $1.2 -2.3 მილიარდი დოლარია.

"ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთის ფედერაციისთვის არის ის სივრცე, სადაც მას ჩრდილოეთ კორეელი მიგრანტების "გადამალვა" შეუძლია", -  როგორც ამერიკული გამოცემა წერს, ეს რუსეთისთვის ერთგვარი სტრატეგიული თამაშია. კრემლი იმედოვნებს, რომ აფხაზეთში გადამალული და დასაქმებული მუშები, ხელს შეუწყობს რუსეთის მიმართ კიმ ჩენ ინის რეჟიმის კიდევ უფრო კეთილგანწყობას, რადგან, როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, პუტინი აზიაში რუსული გავლენის ზრდაზე ზრუნავს. 


სტატიაში ავტორი ყურადღებას ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ მდგომარეობაზეც ამახვილებს. ის წერს, რომ რეგიონი, რომელიც ერთ დროს საბჭოთა კავშირის ყველაზე ელიტურ კურორტად ითვლებოდა, ახლა მოჩვენებათა ქალაქს წარმოადგენს. ჟურნალისტის თქმით, აფხაზებს თავი დამოუკიდებელ რესპუბლიკად წარმოუდგენიათ, თუმცა ეს რეალობას სრულიად მოკლებულია. "ამისთვის სოხუმის ცენტრში გასეირნებაა საკმარისი, სადაც რუსეთის ახლად აშენებული საელჩოა, მზის სხივებით მოფენილი შენობა კარგად აჩვენებს, თუ ვინაა აფხაზეთის ბატონ-პატრონი",  - დასძენს რეპორტიორი.

ამ ეტაპისთვის, რუსეთის მასშტაბით 10,000-ზე ნაკლები ჩრდილოეთ კორეელი იმყოფება. მოსკოვმა პირობა დადო, რომ გაერო-ს მოთხოვნის ფარგლებში, 2019 წლის 22 დეკემბრისთვის, ყველა მათგანს გაადეპორტებს, თუმცა ჯერ კიდევ 2018 წლის ზაფხულში Wall Street Journal-მა დაწერა, რომ მიუხედავად საერთაშორისო სანქციებისა, რუსეთი ჩრდილოეთ კორეელებისთვის ახალი სამუშაო ნებართვების გაცემას აგრძელებს.