მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საქართველოს ძალიან ძლიერი ეროვნული ბრენდის შექმნა შეუძლია“ - მარტინ ლინდსტრომი

62b85ef7447d0
თამთა ჯიჯავაძე
26.06.22 23:00
2743
„მე ვფიქრობ, რომ საქართველოს აქვს უდიდესი პოტენციალი, ეროვნული ბრენდის შექმნის, ისეთივესი, როგორიც აქვს საფრანგეთს, დიდ ბრიტანეთს, გერმანიას თუ შვეიცარიას, თუმცა ვფიქრობ, ამისთვის კრეატიულობის გამოთავისუფლებაა საჭირო და ვიმედოვნებ, რომ ეს მალე მოხდება“, - ამის შესახებ Lindstrom Company-ს აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, კულტურისა და ბრენდის ექსპერტმა მარტინ ლინდსტრომმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველომ უნდა იფიქროს საკუთარი ეროვნული ბრენდის შექმნაზე, ვინაიდან ამის ყველანაირი რესურსი და პოტენციალი აქვს.

„ქართველი ხალხი არის უნიკალური და ამის თქმისას არ ვხუმრობ. თქვენ გყავთ საოცრად კრეატიული ხალხი, თქვენზე გადიოდა აბრეშუმის გზა, ამან ყველაფერმა შექმნა ძალიან მდიდარი კულტურა. თუმცა ეს ყველაფერი საქართველოს გარეთ ჯერ კიდევ უცნობია“, - განაცხადა მარტინ ლინდსტრომმა.

მან პარალელი გაავლო წამყვან კომპანიებთან, რომლებმაც შექმნეს ძლიერი ბრენდი.

„მაგალითად, სიტყვა „ძიებაზე“ რომელი კომპანია გახსენდებათ? Google-ი? დიახ. ერთი სიტყვა - ძიება და ასოციაცია Google-ს. მრავალმა წელმა, თქვენ გიბიძგათ ასე გეფიქრათ. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ Google-ი არაა მსოფლიოში საუკეთესო საძიებო პლატფორმა. ჩვენ კი ვფიქრობთ, რომ ისინი საუკეთესოები არიან. აიღეთ სხვა კომპანიები, მაგალითად, „ვოლვო“ და უსაფრთხოება; ჯადოქრობა, ეს „დისნეია“. რა არის ასეთი სიტყვა საქართველოსთვის? ეს არის ბრენდინგის ნომერ პირველი საკითხი. მეორე საკითხია, როგორ მოერგებიან მომხმარებლები ამას? მაგალითად, ტაილანდი არის ღიმილის ქვეყანა. მესამე საკითხია ტრანსფორმაცია, როგორ გარდაქმნი ამ ბრენდს, კულტურას და სერვისს. ზოგიერთმა ქვეყანამ ეს შეძლო, ხოლო რუსეთი გაყინულად დგას. არიან ქვეყნები, რომლებიც ძალიან პროგრესულები არიან ამ მხრივ, მაგალითად სამხრეთ კორეა. შესაბამისად, კულტურა, ტრანსფორმაცია და ბრენდინგი, ერთმანეთში კარგად ჯდება“, - განაცხადა მან.