მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ გაძვირდა ავიაბილეთები?

62d7bc485a8d5
ლუკა ლეკვეიშვილი
21.07.22 00:00
1586
ავიაინდუსტრია, თანდათანობით, პანდემიამდელ რეჟიმს უბრუნდება; ადამიანებმა ისევ დაიწყეს მსოფლიოს მასშტაბით მოგზაურობა, თუმცა ბევრი მოგზაური გაძვირებული ავიაბილეთების, დაგვიანებული ან სულაც გაუქმებული ფრენების წინაშე აღმოჩნდა.

ბოლო 2 წლის განმავლობაში, პანდემიის დაწყების შემდეგ, ავიაინდუსტრიამ ჯამურად $200 მილიარდ დოლარზე მეტით იზარალა, თუმცა წელს ინდუსტრია მოგებიანობას უბრუნდება. მოგზაურებმა საზღვრებს შიდა და გარე ფრენების ბილეთების შეძენა განაახლეს. წინასწარი გამოთვლებით, 2022 წელს ავიაფრენები 3,4 მილიარდ მგზავრს მოემსახურება, რაც პანდემიამდელი (2019 წლის) მაჩვენებლის 75%-ს შეადგენს, ხოლო წინა წელთან შედარებით 50%-ით მეტია.



2022 წლის პირველ ნახევარში, საქართველოს აეროპორტები 1.7 მილიონ მგზავრს მოემსახურნენ, რაც 2019 წლის მონაცემების აღდგენის 69%-იანი მაჩვენებელია და 181%-ით მეტია 2021 წლის მონაცემებთან შედარებით.

საგულისხმოა, რომ ფრენების ფასები შესამჩნევად გაზრდილია. წინა წელთან შედარებით, ავიაბილეთების ფასმა 50%-ით მოიმატა, ხოლო წლის დასაწყისიდან დღემდე ფასები 40%-ითაა გაზრდილი. მასტერქარდის ეკონომიკის ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, 2019 წლის აპრილთან შედარებით, აშშ-დან სინგაპურის მიმართულებით მიმავალი ფრენის ფასმა 27%-ით მოიმატა; ავსტრალიის მიმართულებისკენ კი - 20%-ით. მაისში ამერიკის ავიახაზების ტარიფის ინდექსმა ისტორიულ მაქსიმუმს, 336-ს მიაღწია - ეს მაჩვენებელი 25%-ით მეტია 2019 წლის და 38%-ით მეტია წინა წლის მაისის მაჩვენებლებთან შედარებით. ეს აგრეთვე 1989 წლის შემდეგ დაფიქსირებული ყველაზე მკვეთრი ნახტომია.





ავიაბილეთების გაძვირებაში უმნიშვნელოვანეს როლს თვითმფრინავის საწვავის გაძვირება თამაშობს. თებერვალში, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ნავთობის და საწვავის ფასი მკვეთრად გაიზარდა. თვითმფრინავის საწვავი, ნავთთან შედარებითაც უფრო გაძვირდა. IATA-ს სტატისტიკის მიხედვით, გასულ ერთ წელში თვითმფრინავის საწვავის ფასი 150%-ითაა გაზრდილი.




დღესდღეობით, საშუალოდ, საწვავი ფრენის ღირებულების 38%-ს შეადგენს და ეს მაჩვენებელი, შესაძლოა, ბიუჯეტური ავიახაზების შემთხვევაში 50%-მდეც ავიდეს. შედარებისთვის, 2019 წელს ფრენის ღირებულების საერთო მოცულობაში საწვავის წილი 27%-ს შეადგენდა. იმ პერიოდში, როდესაც აშშ 40-წლიან პერიოდში ყველაზე მაღალი ინფლაციურ სტატისტიკას აქვეყნებს და როცა ევროკავშირიც და თურქეთიც იგივე პრობლემებს ებრძვიან, საწვავის ფასების ზრდის ტენდენცია ყველა სხვა ინფლაციურ მაჩვენებელზე მაღალია.

როდესაც პანდემიამ აიძულა ავიაკომპანიებს შეეჩერებინათ მუშაობა, ბევრმა კომპანიამ არჩია, რომ თავიანთი თვითმფრინავები რეისებიდან მოეხსნათ. მუშაობის აღდგენის მიუხედავად, კომპანიები ჯერ კიდევ არჩევენ, რომ ყველაზე დიდი თვითმფრინავების მაგივრად, უფრო პატარა და ეკონომიური საფრენი აპარატები გამოიყენონ. ნაკლები რაოდენობითა და უფრო პატარა თვითმფრინავებით ფრენა შედარებით ნაკლებ ტევადობას და ადგილს ნიშნავს, რაც ბილეთებზე ფასების ზრდას განაპირობებს.

იმის მიუხედავად, რომ ავიაბილეთები ასეთი გაძვირებულია, მოთხოვნა მაინც მაღალია. ფრენამონატრებული კლიენტი თანახმაა, მაღალი ფასი გადაიხადოს, რომ საზღვარგარეთ გამგზავრება ისევ შეძლოს. “ეგრეთწოდებული შურისმაძიებელი მგზავრი არის ინდივიდი, რომელიც ემოციურად დაღლილია პანდემიის ჩაკეტვებისგან და ოცნებობს მგზავრობაზე“, - ამბობს ჰერმიონ ჯოი, Google-ის ანალიტიკოსი. აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, ავიაკომპანიებს ბაზარზე გაძლიერებული მოთხოვნით სარგებლობის და ბილეთების ფასების ზრდის შესაძლებლობა მიეცათ.

გარდა ამისა, ავიაკომპანიები მომსახურე პერსონალის, თანამშრომლების და პილოტების დეფიციტსაც განიცდიან. პანდემიის დროს, ავიაინდუსტრიაში დასაქმებული ბევრი თანამშრომელი ნაადრევ პენსიაზე გავიდა ან საქმიანობა შეიცვალა.

ვინაიდან, ამ ინდუსტრიაში მუშაობა სპეციფიკურ ცოდნასა და უნარებს მოითხოვს, რთულია ვაკანსიების შევსება და ახალი პერსონალის მოზიდვა. მაგალითად, სინგაპურის აეროპორტმა მაისში 6,600 ახალი ვაკანსია გამოაცხადა. დიდი ბრიტანეთის აეროპორტებში პერსონალის დეფიციტის გამო გაუვალი რიგები დგება, რამაც ბევრი ფრენის გაუქმება გამოიწვია. „ასეთი პრობლემები ჩვენი კლიენტების მხოლოდ 3-დან 5%-მდეს ხვდებოდა, ახლა კი ამ პრობლემის წინაშე მოგზაურთა 20-25 პროცენტია“, - განაცხადა Embark Beyond-ის დამფუძნებელმა, ჯეკ ეზონმა.

მუშახელის დეფიციტის საპასუხოდ, ავიახაზებმა ნაკლებმოთხოვნადი ფრენების შემცირება დაიწყეს, რათა განრიგში მეტი თავისუფლება ჰქონდეთ, სანამ პილოტების და პერსონალის პრობლემებს მოაგვარებენ. აღნიშნული მოვლენა ფრენების საერთო რაოდენობის შემცირებას გულისხმობს, ფრენების შემცირება კი, საბოლოო ჯამში, ფასების ზრდას უწყობს ხელს.

"ფასის მომატება მხოლოდ დროებითი და მოკლევადიანია. იმედი დავიტოვოთ, რომ ფასები მალე შემცირდება. ამაში დარწმუნებული ვარ“, - ამბობს სტივენ ტრეისი, Milieu Insight-ის მთავარი საოპერაციო ოფიცერი.