მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"Pfizer, სავარაუდოდ, ივლისში შემოვა" - ვაქცინების რა მარაგი აქვს ქვეყანას?

60b4c4917b79f
ინგა მურუსიძე
31.05.21 15:43
3802
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ივლისის მეორე ნახევარში სავარაუდოდ, საქართველოში „ფაზიერის“ ვაქცინის დიდი პარტია შემოვა. ამის შესახებ მან დღეს მედია-ვებინარზე ჟურნალისტებს განუცხადა. გამყრელიძემ მიმოიხილა ვაქცინების კუთხით ქვეყანაში არსებული ვითარება და მოსალოდნელი მარაგები, რაც ქვეყანამ უნდა მიიღოს.

„ივნისის ბოლოს ველოდებით ნახევარ მლნ დოზა „სინოფარმს“. ასევე მესამე კვარტალზეა გაწერილი „კოვაქსიდან“ მოსაწოდებელი 2 ვაქცინა, ესენია „ნოვავაქსი“ და „ჯონსონ ენდ ჯონსონი“, ორივე ერთად იქნება 900 ათასი დოზა. ველოდებით ასევე „ფაიზერს“, დაახლოებით მლნ დოზას, რომელიც ასევე მესამე კვარტალზეა გაწერილი. ადმინისტრირება უკვე დასრულებულია და ველოდებით „ფაიზერის“ დიდ პარტიას, ალბათ ივლისის მეორე ნახევრიდან. აქედან გამომდინარე, უკვე ივლისში დაგვჭირდება  ვაქცინაციის პროცესის მეტი აქსელერაცია. პანდემიის დასრულება ვაქცინაციაზეა დამოკიდებული. ივლისიდან უნდა შევძლოთ და დღეში 15 ათასამდე აცრა გავაკეთოთ. ამისთვის ქვეყანა ემზადება სხვადასხვა მიმართულებით“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

რაც შეეხება იმას, ცივი შენახვის პირობების გამო, რამდენად იქნება „ფაიზერი“ ხელმისაწვდომი რეგიონებში, გამყრელიძემ უპასუხა, რომ ვაქცინა ყველგან ხელმისაწვდომი იქნება.

„ჩვენ -80 გრადუსიანი სამაცივრე დანადგარები გვაქვს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში, ამავე დროს, თავად „ფაიზერმაც“ შეცვალა „ფაიზერის“ შენახვის პირობების რეკომენდაცია. თუ აქამდე შეიძლებოდა მაცივრიდან გამოღების შემდეგ მხოლოდ 5 დღით შენახვა 2-8 გრადუსის ტემპერატურამდე, დღეს ეს გახანგრძლივებულია 30 გრადუსამდე, ამიტომ ეს ლოჯისტიკის მიმართულებით არის მოსაგვარებელი. მესამე კვარტალში „ფაიზერის“ ვაქცინას შევხვდებით სრულად მომზადებული ლოჯისტიკით“, - განაცხადა გამყრელიძემ.

რაც შეეხება სხვა ვაქცინებს, გამყრელიძის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში დასრულდება „ასტრაზენეკას“ პირველი დოზებით აცრები, რათა დანარჩენი დოზები, რაც არის გადანახული, მათთვის იყოს შენახული მეორე დოზებით აცრისთვის. მისივე თქმით, ამ ეტაპზე „ასტრაზენეკაზე“ ასაკის დაწევა არ იგეგმება.

„სინოფარმით“ აცრის პირველი დოზები მთავრდება უახლოეს დღეებში და მათთვის საკმარისი მეორე დოზაც შენახულია. დავიწყეთ აცრა „სინოვაკით“ და უკვე 5000-სზე მეტი ადამიანი აიცრა. ივნისში სინოვაკზე იქნება აქცენტი და თვის ბოლოს უკვე „სინოფარმის“ დიდი პარტიაც შემოვა, ისევე როგორც სხვა ვაქცინები, რასაც მესამე კვარტალში ველოდებით“, - განმარტა გამყრელიძემ.

NCDC-ს ხელმძღვანელის ინფორმაციით, ვაქცინაციაზე მოთხოვნაც და მიწოდებაც იზრდება.