მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საგარეო უწყებაც EU-ს დახმარების უარის მიზეზად ვალის შემცირების მიზანს ასახელებს

612f3882b1f28
ინგა მურუსიძე
01.09.21 13:00
737
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალიას განცხადებით, საქართველოს კონსტიტუციასა და სხვა მრავალ დოკუმენტში ნათლად არის ასახული, რომ საქართველოს პრიორიტეტი და აუცილებელი პირობა არის ის, რომ გახდეს ევროპის და ევროატლანტიკური ოჯახის წევრი.

„ჩვენ ძალიან ბევრს ვშრომობთ, ვმუშაობთ და შესაბამისად, ვახორციელებთ იმ პოლიტიკას, რომელიც გვაახლოებს ამ მიზნებთან. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება, რომლის იმპლემენტაციაც არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და ჩვენი რეფორმების ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა. ასოცირების დღის წესრიგი, რომელიც ჩვენ გვაქვს, არის სწორედ ის დოკუმენტი, რომლითაც ჩვენს კანონმდებლობას, ჩვენს რეგულაციებს, ჩვენი ცხოვრების წესს ვაახლოებთ ევროპული ცხოვრების წესთან. სწორედ ეს არის ის, რაც განსაზღვრავს დღევანდელ ჩვენს ქმედებებს, იქნება ეს ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ურთიერთობა თუ სხვა საერთაშორისო აქტორებთან“, - განაცხადა თეიმურაზ ჯანჯალიამ.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკაში არის ძალიან დადებითი ტენდენციები და ქვეყანაში ხდება გარკვეული დამატებითი ფინანსური რესურსების მობილიზება, სწორედ ამიტომ, მიზანშეწონილად ჩაითვალა, ევროკავშირიდან სესხის აღება არ მოხდეს ამ ეტაპისთვის.

„რაც შეეხება ევროკავშირის განცხადებას, ეს არის თემა, რომელსაც უკვე შეეხო საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წევრები. ქვეყნის მიზანია შეამციროს საგარეო ვალი და იყოს ნაკლებად დამოკიდებული იმ ფინანსურს რესურსებზე, რომელიც შემოედინება ქვეყნის გარედან. როგორც ვიცით, ეს შეთანხმება გაფორმებული იქნა რამდენიმე წლის წინათ და მოიცავდა როგორც საგრანტო, ასევე სასესხო პირობებს, პრაქტიკულად ამ ეტაპისთვის საგრანტო პირობები იქნა ამოწურული და მხოლოდ სასესხო პირობები იქნა შენარჩუნებული და შესაბამისად, სწორედ ამიტომ, ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც უარი ითქვა ამ სესხზე, იყო ის, რომ მიზანშეწონილად არ ჩაითვალა დამატებით მიგვეღო გარკვეული ფინანსური რესურსი სესხის სახით", - განაცხადა ჯანჯალიამ.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმითვე, ის ვალდებულებები, რომლებიც ქვეყანამ აიღო კონკრეტულად შარლ მიშელის დოკუმენტის შესაბამისად, აქტიურად ხორციელდება. ჯანჯალიას განმარტებით, განხორციელდა სასამართლო რეფორმის 4 ტალღა და ეს რეფორმები ჯერ არ დასრულებულა და კვლავაც გრძელდება.

„2022 წლის გაზაფხულისთვის ჩვენ უნდა გვქონდეს უკვე სრულყოფილი სისტემა, რომელზეც მოვილაპარაკეთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან და რა ვალდებულებებიც ავიღეთ მათ წინაშე, მათ შორის შარლ მიშელის დოკუმენტის შესაბამისად. ამასთან ერთად, უნდა აღინიშნოს, რომ დღეს მნიშვნელოვანი განცხადება გაკეთდა ასევე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან, იმის თაობაზე, რომ მომავალი კვირიდან მოხდება განხილვა დამატებით იმ საკითხების, რომელიც მოცულია შარლ მიშელის დოკუმენტის ფარგლებში და ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი თემებია, რომლებიც მოიცავს საკონსტიტუციო ცვლილებებსაც და ამისთვის საჭიროა, რომ მობილიზებული იქნას პოლიტიკური სპექტრი", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.