მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სტანდარტული შეფუთვა და თანამედროვე რეგულირება - BAG-მა თამბაქოს შესახებ კანონპროექტი წარადგინა

60c0ded1c6ec7
BM.GE
09.06.21 19:39
1112
საქართველოს ბიზნესასოციაციამ (BAG) საქართველოს პარლამენტს თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის მიზნით ახალი საკანონმდებლო წინადადება წარუდგინა. დოკუმენტი თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციის თვალსაზრისით არსებულ რეგულაციაში გარკვეული ცვლილებების შეტანას ისახავს მიზნად. საკანონმდებლო წინადადებაში ნათქვამია, რომ საქართველოში უკანასკნელ წლებში თამბაქოს ნაწარმის რეგულირების სფეროში მიღებული ნორმები არაერთ შემთხვევაში ევროკავშირში მოქმედ კანონმდებლობასთან შედარებით უფრო მკაცრია.

საკანონმდებლო წინადადების განმარტებითი ბარათის თანახმად, საქართველოში მოქმედებს გაცილებით უფრო მკაცრი მოთხოვნები სიგარეტის ალტერნატიული და არაწვადი პროდუქტების მიმართ, ვიდრე ამას ევროდირექტივა ითვალისწინებს. წარდგენილი ნორმის მიხედვით, ერთმანეთისგან განსხვავებული რეგულირება იმოქმედებს თამბაქოს ახალი თაობის პროდუქტების ბაზარზე განთავსების და რეალიზაციასთან მიმართებით, რომელიც ამჟამად ჩვეულებრივი სიგარეტის ანალოგიურია. მსოფლიოს არაერთი ქვეყანა, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნებიც სულ უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებენ თამბაქოს ზიანის შემცირების პოლიტიკას, რომელიც არაწვადი და ალტერნატიული პროდუქტების მეშვეობით თამბაქოს ჯანმრთელობის ტვირთის შემცირებას ისახავს მიზნად.

კანონმდებლობის კიდევ ერთი ნაწილი “სტანდარტიზებული შეფუთვის” საკითხებს ეხება. “სტანდარტიზებული შეფუთვა” არის მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში მოქმედი ნორმა, რომლის შედეგადაც ბაზარზე არსებული ყველა დასახელების თამბაქოს ნაწარმის შეფუთვა ხდება ბრენდის ნიშნების გარეშე და ყველა კატეგორიის პროდუქტი ერთნაირად არის შეფუთული. საქართველოში ეს ნორმა 2022 წლის 31 დეკემბრიდან უნდა ამოქმედდეს, თუმცა BAG-ის მიერ შემუშავებული კანონპროექტით, მისი 2025 წლის პირველ იანვრამდე გადავადება არის განსაზღვრული.

კანონპროექტის თანახმად:

გასახურებელი თამბაქოს მოხმარებისათვის განკუთვნილი მოწყობილობის განთავსება შიდა ხილვადობასთან დაკავშირებული შეზღუდვების გარეშე

“შიდა ხილვადობასთან დაკავშირებული აკრძალვა არ ეხება თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილ მოწყობილობას; აღნიშნულის გარდა, ნორმის ახალი რედაქციის მიხედვით შიდა ხილვადობის აკრძალვისაგან გამონაკლისი შეეხება არა მხოლოდ აეროპორტში საბაჟო ტერიტორიის თავისუფალ ზონაში რეალიზაციისა და განლაგების შემთხვევებს, არამედ ნებისმიერი (მათ შორის სახმელეთო) საბაჟო ტერიტორიის თავისუფალ ზონაში რეალიზაციისა და განლაგების შემთხვევებსაც.”

გასახურებელი თამბაქოს ნაწარმის მომხმარებელთან პირდაპირ პერსონალურ კომუნიკაციაზე შეზღუდვის მოხსნა პროდუქტთან დაკავშირებული ტექნიკური ინფორმაციის მიწოდების მიზნებისათვის:

“ახალი რედაქციით ზუსტდება, რომ პირდაპირ პერსონალურ კომუნიკაციასთან დაკავშირებული აკრძალვები არ ეხება შემთხვევებს, როდესაც პროდუქტის რეალიზატორი მომხმარებელს/შემძენს აწვდის საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ განსაზღვრულ (პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი, მუხლი 12), სავალდებულო ინფორმაციას, კერძოდ:
ა) პროდუქტის დასახელება და სახე;
ბ) პროდუქტის დამამზადებლის საფირმო სახელწოდება და მისამართი, იმ ქვეყნის დასახელება, სადაც დამზადებულია პროდუქტი;
გ) შესაბამის შემთხვევაში − იმ პროდუქტის ვარგისობის ვადა (პროდუქტის გამოყენების ბოლო თარიღი ან დამზადების თარიღი და შენახვის ვადა), რომლის სამომხმარებლო თვისებები დროთა განმავლობაში უარესდება;
დ) შესაბამის შემთხვევაში − პროდუქტის წონა ან/და მოცულობა;
ე) შესაბამის შემთხვევაში − პროდუქტის ძირითადი სამომხმარებლო თვისებების ნუსხა;
ვ) შესაბამის შემთხვევაში − პროდუქტის შედეგიანი და უსაფრთხო გამოყენების წესები და პირობები, აგრეთვე შენახვის სპეციალური პირობები;
ზ) მწარმოებლის/დისტრიბუტორის მიერ დათქმის შემთხვევაში − საგარანტიო ვადა ან/და სხვა ვალდებულებები;
თ) პროდუქტის ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ მომხმარებლის მიერ განსახორციელებელი მოქმედებები და მათი განუხორციელებლობის შემთხვევაში მოსალოდნელი შედეგები.”