მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საბიუჯეტო კომიტეტმა 2021 წლის ბიუჯეტის კორექტირებულ ვერსიას მხარი დაუჭირა

61a77fc594508
BM.GE
01.12.21 19:55
881
2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი იცვლება - პარლამენტს ბიუჯეტის კორექტირების კანონპროექტი წინა კვირაში გაეგზავნა. მისი მიხედვით, მთავრობის ხარჯები 297 მილიონი ლარით იზრდება და ის რეკორდულ 19.97 მილიარდ ლარს მიაღწევს.

ბიუჯეტის ზრდა ძირითადად ჯანდაცვის სამინისტროს შეეხება, რაც COVID-19-ის მართვის ხარჯებს უკავშირდება. სამინისტროს დაფინანსება 376 მილიონი ლარით, 6.47 მილიარდ ლარამდე გაიზრდება. კოვიდის მართვასთან ერთად, ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის ზრდა პენსიონერთა ვაქცინაციის წამახალისებელი პროგრამითაც არის გამოწვეული, რადაგანაც 2021 წლის 1 იანვრამდე ყველა აცრილი პენსიონერი სახელმწიფოსგან 200-ლარიან დანამატს იღებს. ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, 60 მილიონი ლარით იზრდება თავდაცვის სამინისტროს დაფინანსებაც.

ბიუჯეტის ცვლილებას დღეს მხარი დაუჭირა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა, სადაც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ცვლილებები წარადგინა. 

განახლებული ბიუჯეტი 10%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა დაგეგმილი, რის შესაბამისადაც 2021 წელს ქვეყნის მშპ-ის ზომა 58.5 მილიარდ ლარს მიაღწევს. 6.9%-დან 6.7%-მდე მცირდება ბიუჯეტის დეფიციტიც, სახელმწიფო ვალი კი 51.1%-მდე ჩამოდის. 

"ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის და მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპი შენარჩუნებულია იგივე დონეზე. დაზუსტებულია მთავრობის ვალი და გათვალისწინებულია 51, 1 პროცენტი ნაცვლად 52, 5 პროცენტისა“,- ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

საბიუჯეტო ცვლილებებთან რამდენიმე შენიშვნა აქვს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, რომელმაც დღეს საკუთარი დასკვნა გამოაქვეყნა. უფრო ვრცლად უწყების დასკვნას შეგიძლიათ გაეცნოთ სტატიაში.