13.სექტემბერი .2021 15:14

მშობლებმა კეთილი ინებონ და აიცრან - ამირან გამყრელიძე

მშობლებმა კეთილი ინებონ და აიცრან - ამირან გამყრელიძე
views 1065
უკან

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, როდესაც სკოლებში დასწრებული სწავლების აღდგენაზეა საუბარი, მოსწავლეების ოჯახის წევრებმა „კეთილი უნდა ინებონ“ და აიცრან. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ უწყებათშორისო საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

NCDC-ის ხელმძღვანელმა განმარტა, რომ სკოლებში დასწრებული სწავლის განახლება მხოლოდ პედაგოგების ვაქცინაციის მაჩვენებელზე არ არის დამოკიდებული.

„მხოლოდ მასწავლებლებზე არ არის საუბარი. როდესაც ვსაუბრობთ, რომ ჩვენმა ბავშვებმა გვინდა სკოლებში იარონ, მშობლებმა კეთილი ინებონ... და ბავშვების ოჯახის წევრები, თუ ერთად ცხოვრობენ ბებია-ბაბუები, აუცილებლად უნდა აიცრან. სწავლის აღდგენა ამ შემთხვევაში განიხილება და სწავლა სკოლებში აუცილებლად უნდა აღდგეს“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მისი ინფორმაციით, საჯარო სკოლების მთლიანი პერსონალის მინიმუმ 55% ერთი დოზითაა აცრილი. სრულად 33%-ია აცრილი. პედაგოგების მინიმუმ ერთი აცრის საშუალო მაჩვენებელი 58%-ია, საიდანაც სრულად აცრილია 36%. ხოლო კერძო სექტორის პედაგოგებიდან მინიმუმ ერთი დოზით 64%-ია, სრულად კი 44%-ია აცრილი, საიდანაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისში - 70%-ია.

„საჯარო და კერძო სკოლებს შორის აცრების მაჩვენებელში სხვაობა მხოლოდ 5-7%-ია. ორივეგან სრულად აცრილთა რაოდენობა 50%-ზე დაბალია. სკოლებში ერთჯერად აცრებზე საშუალოდ მაღალი მაჩვენებელი არ არის. ჩვენი რეკომენდაციაა ამ და მომავალ კვირაში სასურველია, სკოლებში პედაგოგებსა და ადმინისტრაციული პერსონალის აცრის მაჩვენებელი 80% იყოს, რადგან სწავლა სკოლებში აუცილებლად უნდა დაიწყოს და დაავადებათა კონტროლის ცენტრი კომპეტენციის ფარგლებში ადასტურებს თავის მზაობას ყველაფერი გააკეთოს, რომ სწავლა აღდგეს, ამავე დროს ანგარიშგასაწევია ის ფაქტორია, რომ ჩვენ ვითვლით რამდენ ადამიანს აქვს გადატანილი ინფექცია, რადგან ეს საერთო კუმულაციურ იმუნიტეტში და ამის შესაბამისად უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება“, - განმარტა NCDC-ის ხელმძღვანელმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა