მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Webometrics-მა უნივერსიტეტების რეიტინგი შეადგინა - რომელ ადგილს იკავებენ ქართული უნივერსიტეტები?

6422eae3f3267
მარიამ იზორია
29.03.23 00:05
6066
უნივერსიტეტთა რანჟირების საერთაშორისო ქსელმა, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების გლობალური რეიტინგი შეადგინა, რომელიც უნივერსიტეტები გავლენის, ღია წვდომისა და წარმატების მაჩვენებლებით არის შეფასებული. კვლევაში საქართველოდან 64 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება მონაწილეობდა. რეიტინგში ქართული სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტები, რეგიონში კარგი შედეგების მიუხედავად, მსოფლიოს მასშტაბით წამყვან პოზიციებს ვერ იკავებენ.

სამხრეთ კავკასიის უნივერსიტეტების რანჟირებული სიის მიხედვით, რეგიონში პირველ, მეორე და მესამე პოზიციებს ქართული სახელმწიფო უნივერსიტეტები ინაწილებენ. აღმოჩნდა, რომ რეგიონში საუკეთესო უნივერსიტეტი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტია. მას მოსდევს რეგიონში მეორე ადგილოსანი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, რეგიონში საუკეთესო უნივერსიტეტების სამეულს კი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ავსებს. აზერბაიჯანსა და სომხეთში მდებარე უნივერსიტეტების შემდგომ, რეიტინგში მეშვიდე პოზიცია აქვს - საქართველოს უნივერსიტეტს.

რაც შეეხება მსოფლიო რეიტინგს, Webometrics-ის 2023 წლის მონაცემების მიხედვით, მსოფლიო საუკეთესო სასწავლებლების რეიტინგში შედარებით კარგი შედეგი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს აქვს. საქართველოში ყველაზე დიდ და საუკეთესო უნივერსიტეტად მიჩნეული სახელმწიფო სასწავლებელი თსუ, მსოფლიო რეიტინგში 1467-ე ადგილზეა. 35 038 უნივერსიტეტს შორის 1745-ე ადგილზეა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. რეგიონის თითქმის საუკეთესო, მეორე ადგილოსანი ილიაუნი მსოფლიოში მხოლოდ 1912-ეა.

ქართულ კერძო სასწავლებლებს შორის მსოფლიო რეიტინგში საუკეთესო შედეგი საქართველოს უნივერსიტეტმა აჩვენა. უნივერსიტეტის საუკეთესო შედეგად 3980-ე ადგილი განისაზღვრა. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი მსოფლიოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის 4618-ე ადგილზეა. რაც შეეხება საქართველოში ლიდერ სამედიცინო უნივერსიტეტს, ის მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებს შორის 5 229-ე ადგილს იკავებს. Webometrics-ის მიხედვით, ქართულ უნივერსიტეტებს შორის, ყველაზე ცუდი შედეგი წმინდა თამარ მეფის უნივერსიტეტმა აჩვენა. კერძოდ, თამარ მეფის უნივერსიტეტი 35 038 სასწავლებელს შორის 30 735-ე ადგილზეა.

საქართველოს უნივერსიტეტებს შორის რეიტინგის ლიდერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების სიაში უსწრებენ ჩვენი მეზობელი ქვეყნების, თურქეთისა და რუსეთის რამდენიმე უნივერსიტეტი. მაგალითად, თურქეთში მდებარე საქარას, სეჩენოვის სახელობის მოსკოვის პირველი სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, რუსეთის ეკონომიკის უნივერსიტეტი. რაც შეეხება, სომხეთსა და აზერბაიჯანს, ამ ორ ქვეყანას უნივერსიტეტების რეიტინგში ქართული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები უსწრებენ.