მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელი ძალიან რთული იყო, მაგრამ ბევრი ვიშრომეთ - "ბეკოს" გენდირექტორი 2019 წელს აფასებს

5e09b4fe7a1cd
ვიქტორია მღებრიშვილი
30.12.19 21:15
1576
2019 წელს საბანკო სფეროში ამოქმედებული პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეგულაციები, წლის განმავლობაში ეროვნული ვალუტის გაუფასურება - ტექნიკის მაღაზიათა ქსელის "ბეკოს" გენერალური დირექტორის მეჰმედ მელექის შეფასებით, ეს ის ფაქტორებია, რომელმაც კომპანიის გაყიდვებზე მნიშვნელოვნად იმოქმედა, თუმცა მიუხედავად ამისა, კომპანიის მიერ განხორციელებულმა სიახლეებმა, მათი გაყიდვები არა თუ შეამცირა, არამედ გაზარდა კიდეც.

"წელი კი ძალიან რთული იყო, მაგრამ ბევრი ვიშრომეთ", - ასე აფასებს BM.GE-სთან საუბრისას 2019 წელს "ბეკოს" გენერალური დირექტორი.

მეჰმედ მელექის თქმით, 2019 წლის მეორე ნახევარში, რეგულაციების გათვალისწინებით, გაყიდვებში მაინც ზრდა დაფიქსირდა და ეს კომპანიის სწორი სტრატეგიის შედეგია.

"2019 წელი ამოქმედებული რეგულაციების გამო, საკმაოდ რთულად დაიწყო. პირველ ნახევარში ცუდი რეალიზაცია გვქონდა, მაგრამ მეორე ნახევრიდან უკვე კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით - ბათუმსა და ქუთაისში ახალი მაღაზიები, მომსახურების ცენტრები და საწყობები გავხსენით, რაშიც 5 მლნ ლარამდე ინვესტიცია ჩავდეთ და 40-მდე თანამშრომელი დავამატეთ", - აღნიშნა "ბეკოს" გენერალურმა დირექტორმა.

ამასთან, მეჰმედ მელექის ინფორმაციით, იმისთვის, რომ კომპანიას არსებული გამოწვევები დაეძლია, მათ ბაზარზე ორი ახალი ბრენდიც შემოიტანეს.

"წლის მეორე ნახევარში ორი ახალი ბრენდი შემოვიტანეთ - "ალტუსი" და საქართველოში ჩვენი თანამშრომლების მიერ შექმნილი დაბალბიუჯეტური ბრენდი - "მილენი". ეს არის ჩვენ მიერ შექმნილი ექსკლუზიური ბრენდი, რომელიც ჩინეთში იწარმოება და დაბალ სეგმენტზე არის გათვლილი", - განაცხადა მელექმა.

"ბეკოს" გენერალური დირექტორის შეფასებით, წლის დასაწყისში საბანკო სფეროში ამოქმედებულმა რეგულაციებმა გაყიდვები მნიშვნელოვნად შეამცირა, თუმცა წლის ბოლოს გაყიდვები, წინა წელთან შედარებით, გაზრდილია.

"იანვრიდან-ივნისამდე განვადებით გაყიდული პროდუქციის რაოდენობა 60-დან 20%-მდე შემცირდა, ანუ ჩვენი გაყიდვების 60% განვადებაზე მოდიოდა, ხოლო ამ პერიოდში 20%-მდე შემცირდა, 80% იყო ნაღდი ანგარიშსწორება. წლის მეორე ნახევარში, მას შემედეგ რაც ბანკებმა რეგულაციები შეარბილეს, ეს რა თქმა უნდა გასწორდა... 60%-მდე არ ასულა, მაგრამ განვადებით გაყიდვების წილი წლის მეორე ნახევარში 40-45%-მდე გაიზარდა. შარშანდელ მთლიან წელთან შედარებით 22%-იანი ზრდა გვაქვს, ეს არის ძალიან კარგი შედეგი. შედარებისთვის გეტყვით, რომ 2018 წელს გაყიდვები 2017 წელთან შედარებით 28%-ით იყო გაზრდილი", - განაცხადა მეჰმედ მელექმა.

მისივე შეფასებით, წლის განმავლობაში გაუფასურებული ეროვნული ვალუტა კიდევ ერთი ფაქტორია, რის გამოც კომპანიამ ფასები გაზარდა.

"2.48 იყო წლის დასაწყისში, თუ არ ვცდები და ახლა რაღაც პერიოდი 1 დოლარის ღირებულება 2.98 ლარი იყო. კარგია, რომ მე-12 თვეში ლარი გამყარდა. ეს შემცირება პირდაპირ აისახა მომხმარებელზე, ჩვენ მათ შევთავაზეთ კარგი აქციები, კარგი ფასდაკლებები.

წლის დასაწყისიდან მე-11 თვემდე ლარის კურსის ვარდნა უარყოფითად აისახა კომპანიაზე. ჩვენ იძულებულები ვიყავით ფასები 5-6%-მდე გაგვეზარდა, ცოტა ჩვენი მარჟიდან (მოგებიდან) დავაკელით, ცოტა გავზარდეთ, მაგრამ ახლა რადგან კურსი შემცირდა, ფასდაკლებებიც გვაქვს და კარგი საჩუქრებიც.

იმ შემთხვევაში თუ კურსი დასტაბილურდა, ჩვენს პროდუქციაზე ფასებს დავწევ", - ამბობს მეჰმედ მელექი.