მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა სექტორები აინტერესებთ იტალიელ ინვესტორებს საქართველოში? – ელჩის პასუხი

5f5fbace9ef1f
თამთა ჯიჯავაძე
14.09.20 22:43
1286
საქართველოს ბიზნეს გარემო ვაფასებ დადებითად და ეს არ არის მხოლოდ ჩემი შეფასება, – ამის შესახებ იტალიის ელჩმა საქართველოში ენრიკო ვალვომ გადაცემა The Checkpoints-ში განაცხადა. მისივე თქმით, არსებობს ცალკეული პრობლემები ამ კუთხით, თუმცა, საქართველოს აქვს საკმაოდ ბევრი აქტივი.

„თუ გადახედავთ Doing business-ის რეიტინგს, ნახავთ რომ საქართველო საკმაოდ კარგ პოზიციაზეა. ასევე ვფიქრობ, თქვენ გაქვთ არაერთი აქტივი. მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რაც კარს უხსნის დიდ ბაზრებს. გარდა ამისა, მდებარეობაც მნიშვნელოვანია კავშირებისთვის. ეს სურათის ერთი მხარეა. მეორე მხარე კი არის ის, რომ ინფრასტრუქტურა ზოგჯერ ხელს უშლის იმ პოტენციალს, რაც თქვენ გაქვთ“, – განაცხადა ელჩმა.

მისივე თქმით, ის ხელისშემშლელი ფაქტორები, რის გამოც იტალიელი ინვესტორები შეიძლება აქ არ ჩამოდიოდნენ, არის არასრულფასოვანი ინფრასტრუქტურა და ასევე კონკრეტული უნარების მქონე სამუშაო ძალის პოვნის სირთულე.

რაც შეეხება The Checkpoints-ის შეკითხვას, თუ რა შეიძლება აინტერესებდეთ იტალიელ ინვესტორებს საქართველოში, ელჩმა უპასუხა, რომ ეს შეიძლება იყოს სოფლის მეურნეობა, და ამ კუთხით ყველაზე მსხვილი იტალიელი ინვესტორი საქართველოში „ფერეროა“.

„მათ 17 მლნ-ზე მეტი ევროს ინვესტიცია განახორციელეს უკვე საქართველოში“, – აღნიშნა ელჩმა.

ელჩის თქმითვე, იტალიელი ინვესტორებისთვის ასევე საინტერესოა განახლებადი ენერგიის მიმართულება და სხვა სფეროებიც.

„არის სსფეროები, სადაც ჩვენ ორმხრივი სარგებლის მიღება შეგვიძლია, იტალიურმა კომპანიებს შეუძლიათ ითამაშონ თავიანთი როლი ხელი შეუწყონ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას, ამ შემთხვევაში ინფრასტრუქტურის კუთხით. იტალიური კომპანიები ამ მიმართულებით მუშაობენ უკვე“, - განაცხადა იტალიის ელჩმა საქართველოში.

მისივე თქმით, საქართველო იტალიელი ინვესტორებისთვის მიმზიდველია როგორც სამომხმარებლო ბაზარიც.