მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს, 26 მაისის აღნიშვნა ბიუჯეტს ჯამში 3.7 მლნ ლარი დაუჯდება - სად რა იგეგმება?

628270186152b
ანუკა ჯოხაძე
19.05.22 11:50
3464

დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიების ორგანიზებაზე სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების მხრიდან ჯამში 10 გამარტივებული შესყიდვა გამოცხადდა, რომელთა ჯამური ღირებულება 3 704 821 ლარია.

ჩაშლილად 26 მაისის ღონისძიებებზე ისეთი სახელმწიფო უწყებები ხარჯავენ ფულს როგორებიცაა:

დაცული ტერიტორიების სააგენტო - სააგენტოს მთავრობის დადგენილებით 26 მაისისთვის შესაბამისი ღონისძიებების ორგანიზება ქალაქ თელავში დაევალა. ღონისძიება ჯამში 258 025 ლარი დაჯდება, კონტაქტორი კომპანია კი შპს “ვანილა ივენთი”-ია.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია - 26 მაისისთვის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია შესაბამის ღონისძიებებს მესტიასა და თბილისში ჩაატარებს, რაშიც ჯამში 527 095 ლარს დახარჯავს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო - დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად შესაბამისი ღონისძიებების შესყიდვას განათლების სამინისტრო ქალაქ თბილისსა და ქალაქ ახალციხეში უზრუნველყოფს. გამარტივებული შესყიდვის ღირებულება 400 517 ლარია.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო - შსს 26 მაისის ღონისძიებაზე 242 330 ლარის ღირებულების გამარტივებულ ტენდერს აცხადებს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მის დაქვემდებარებაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიული პირებს (სსიპ-ები), სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსა და საქართველოს სასაზღვრო პოლიციას 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამართვის უზრუნველყოფა ქ. მცხეთაში დაევალა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაევალა განახორციელოს 26 მაისთან დაკავშირებული ღონისძიებები ქვეყნის მასშტაბით 14 მუნიციპალიტეტის (მესტია, თელავი, მცხეთა, ოზურგეთი, ახალციხე, ახალქალაქი, ამბროლაური, მარნეული, ფოთი, გორი, ქუთაისი,ზუგდიდი, რუსთავი,ჭიათურა) საზეიმოდ მორთვის უზრუნველყოფა დროშებითა და ბანერებით. გამარტივებული ტენდერის ღირებულება ამ შემთხვევაში 271 880 ლარია.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - 26 მაისის კონცეფციის შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტროს ქ. ოზურგეთში შემეცნებითი/ისტორიული პავილიონების მოწყობა; საბავშვო გასართობი კუთხეების მოწყობა; ინსტალაციებისა და დეკორაციების უზრუნველყოფა დაევალა. გამარტივებული შესყიდვის ღირებულება 210 000 ლარია.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო- სამინისტროს დაევალა ქალაქ ქუთაისსა და თბილისში შესაბამისი სივრცეების მოწყობა. უფრო კონკრეტულად ქუთაისში საგარეო საქმეთა სამინისტრო მოაწყობს თემატურ პავილიონებს, 
საბავშვო გასართობი სივრცეებს,  მცირე მეწარმეებისა და კვების ზონებს, მუსიკალური სივრცეებს და ა.შ. თბილისში სამინისტროს დაევალა შემეცნებითი და საგამოფენო ინტერაქციული სივრცეების მოწყობის უზრუნველყოფა; მცირე მეწარმეების სივრცის მოწყობის უზრუნველყოფა; ტერიტორიის გაფორმება; უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისთვის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიება და შესაბამისი საინფორმაციო კამპანია. ჯამურად სამინისტრო 26 მაისის ღონისძიებაში 727 079 ლარს ხარჯავს. 

თბილისის მერია - ქალაქ თბილისში, შოთა რუსთაველის გამზირზე, განთავსდება თემატური ინსტალაციები, ფოტოგადაღების კუთხეები, საგამოფენო პავილიონები, 26 მაისის კონცეფციის შესაბამისი საინფორმაციო სტენდები და კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცეები. ჩატარდება საბავშვო კონცერტები და მრავალფეროვანი საბავშვო-გასართობი აქტივობები. მოეწყობა სამეწარმეო ბაზრობა. ამ მომსახურებების შესყიდვაზე თბილისის მერია 740 000 ლარის ღირებულების გამარტივებულ ტენდერს აცხადებს.

სოფლის განვითარების სააგენტო - სოფლის განვითარების სააგენტოს დაევალა ქ. გორში ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა/ბაზრობის მოწყობა, ღვინის დეგუსტაციის კუთხის მოწყობა, მოსასვენებელი და ბავშვთა გასართობი სივრცეების მოწყობა, თემატური ფოტოსტენდების მოწყობა, 26 მაისის ლოგოს ინსტალაცია, კოსტიუმირებული მსვლელობების მოწყობა, საბავშვო კონცერტის მოწყობა და საზეიმო აღნიშვნა. სააგენტო დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაში 245 000 ლარს დახარჯავს.

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო - ქ.თბილისში, რუსთაველის გამზირზე საინფორმაციო, ტექნოლოგიური, გასართობი სივრცის მოწყობისა და ინტერაქციული კუთხეების უზრუნველყოფა, შემეცნებითი საგამოფენო პავილიონის მოწყობა. სამოქმედო გეგმის შესრულების მიზნით, სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო გეგმავს შეიძინოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს კომპლექსი, სივრცეებით მოწყობის ღონისძიების ორგანიზების მომსახურება, რაშიც ჯამურად 62 877 ლარი დაიხარჯება.