მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს 5 ახალი დაცული ტერიტორია შეიქმნა - სააგენტო

63abdf432c6e1
BM.GE
28.12.22 23:27
644
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, წელს 5 ახალი დაცული ტერიტორია შეიქმნა. მათ შორაა „ნუგზარ ზაზანაშვილის სახელობის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია“, რომელიც პირველი სახელობითი ტერიტორიაა საქართველოში და ამავდროულად IUCN-ის ბუნების კონსერვაციის საერთაშორისო კავშირის მეექვსე კატეგორია, რომელიც პირველად დაარსდა საქართველოში. 

როგორც სააგენტოს საქმიანობის წლიური ანგარიშის წარდგენისას ითქვა 2022 წელს დაცული ტერიტორიების ფართობი რეკორდულად, 116 720 ჰექტარითაა გაზრდილი. 

"შეხვედრაზე ასევე აღინიშნა მიღწეული შედეგები ბუნების დაცვის მიმართულებით, რაც მოიცავს ტყის აღდგენის და მავნებლებთან ბრძოლის ღონისძიებებს. საუბარი შეეხო ტყის ინვენტარიზაციას, რომელმაც წელს 33 665 ჰექტარ ფართობზე მეტი მოიცვა, ასევე ტყის მართვის გეგმების შემუშავებას და დამტკიცებას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე SMART პატრულირების სისტემის დანერგვას, რომელიც 2022 წლის ერთ-ერთი მთავარი მიღწევაა. SMART პატრულირებისა და მონიტორინგის სისტემა კიდევ უფრო ოპერატიულსა და ეფექტიანს ხდის რეინჯერთა პატრულირებას.

"2022 წელი გამორჩეულია ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხითაც - გაიხსნა წალკის კანიონის უნიკალური ეკოტურისტული სივრცე, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს და არაერთი საერთაშორისო მედიასაშუალების ყურადღების ცენტრშია; გაიხსნა ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის საერთაშორისო სტანდარტის ვიზიტორთა ცენტრი, ნავენახევის მღვიმე; მაჭახელას ეროვნულ პარკში მოეწყო ახალი საგამოფენო სივრცე, მტირალას ეროვნულ პარკში - ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა; მოეწყო 900 კილომეტრამდე ბილიკების ქსელი, მათ შორის, ვაშლოვანის ეროვნულ პარკში, არწივის ხეობაში, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე, ნინოსხევის ჩანჩქერის ახალი ბილიკი და სხვა", - ნათქვამია დაცული სააგენტოს პრესსამსახურის ინფორმაციაში.

შემაჯამებელ შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები, იური ნოზაძე და სოლომონ პავლიაშვილი, ასევე დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელები და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.