02.ოქტომბერი .2019 21:00

წელს 9 თვეში „ოცნების“ მთავრობამ პრივატიზაციიდან უფრო ნაკლები თანხა მიიღო, ვიდრე - შარშან

views 228
უკან

მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ჯამში, 74 251 659 ლარის ღირებულების სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება გაყიდა.

აღნიშნული ინფორმაცია bm.ge-მ ქონების სააგენტოდან გამოითხოვა, რომლის ცნობითვე, სამი კვარტლის მონაცემებით, გაყიდულ ობიექტებზე მოსალოდნელი ინვესტიციის ოდენობა 84 მლნ ლარს აჭარბებს.

საინტერესოა ისიც, რომ 2019 წლის 9 თვის მონაცემებით, ქონების სააგენტომ ვერცერთი სახელმწიფო საწარმოს გაყიდვა ვერ შეძლო. სააგენტოს ბალანსზე ამჟამად 93 სახელმწიფო საწარმოა.

ცნობისთვის: 2018 წლის 9 თვის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 109 803 701 ლარის ქონება გაყიდა; მაშინ გაყიდულ ქონებაზე მოსალოდნელი ინვესტიციის ოდენობად არანაკლებ 64 მლნ ლარი დასახელდა.

შეგახსენებთ: 2019 წლის ბიუჯეტის მიხედვით, წელს არაფინანსური აქტივების კლების მუხლით (პრივატიზაციით) 80 მილიონი ლარის შემოსავლის მობილიზებაა დაგეგმილი.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, 2020 წელს საქართველოს მთავრობა პრივატიზაციის გეგმას დაახლოებით 50%-ით გაზრდის.

როგორც მომავალი წლის ბიუჯეტის პირველ ვარიანტში წერია, 2020 წელს მთავრობა პრივატიზაციიდან 120 მლნ ლარის მობილიზებას ელოდება.