მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„წელს არც ერთი თეთრის სესხი არ აგვიღია“ - როგორ განმარტავს პრემიერის ამ განცხადებას თურნავა?

60fe7a0569d58
ვიქტორია მღებრიშვილი
26.07.21 13:30
836
პრემიერ-მინისტრის მტკიცებით, საქართველოს მთავრობას მიმდინარე წელს არც ერთი თეთრის სესხი არ აუღია. უფრო მეტიც, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ეკონომიკის ზრდის მაღალი ტემპის ხარჯზე ფინანსთა სამინისტრომ 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების 1 მლრდ ლარზე მეტით ზრდა შეძლო. განცხადება პრემიერმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყების წინ გააკეთა. სხდომის შემდეგ კი, bm.ge შეეცადა, ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავასთან დაეზუსტებინა, რა იგულისხმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რადგან 2021 წლის ბიუჯეტი ვალის ზრდას ითვალისწინებს.

ნათია თურნავას განმარტებით, "მიმდინარე წელს საქართველოს მთავრობას ვალის ახალი ხელშეკრულების გაფორმების საჭიროება არ ჰქონია".

„არის გრძელვადიანი ხელმოწერილი დოკუმენტები, რომლის ფარგლებში გარკვეული თანხები წელსაც ირიცხება, მაგრამ ახალი ხელშეკრულებები წელს არ დადებულა მარტივი მიზეზის გამო - პანდემიის გამო ქვეყანამ გამოუვალი მდგომარეობიდან გამომდინარე, საკმაოდ დიდი ვალდებულება აიღო. მთელ მსოფლიოში ბევრი ქვეყანა იღებდა ვალს და თუ შევხედავთ, საგარეო ვალის აგრეგირებული მოცულობა საკმაოდ გაიზარდა. იგივე მოხდა საქართველოშიც. ჩვენ ფისკალური ვალდებულებების თვალსაზრისით, პრაქტიკულად, ზღვარზე ვართ - მეტს ბიუჯეტი არ და ვერ აიღებს, მაგრამ ამის აუცილებლობაც არ არის; როდესაც ქვეყანში 2 მლნ დოზა ვაქცინა გვაქვს და კიდევ ერთი მილიონი დოზა პრაქტიკულად გზაშია, რა საჭიროა, დავამძიმოთ ბიუჯეტი, ჩვენი მოსახლეობა დამატებითი სესხით. აქედან გამომდინარე, მინდა მოვუწოდო ყველას, შეგნებულად მიუდგეს ამ საკითხს და  ვაქცინაცია ჩაიტაროს“, - განაცხადა მინისტრმა.

BM.GE-ის რეპლიკას - თუ საქართველოს მთავრობას წელს ახალი ვალი არ აუღია, მაშინ რას ნიშნავს 10 ივნისს საფრანგეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან გაფორმებული 483-მილიონევროიანი ხელშეკრულება, მინისტრმა ასეთი პასუხი გასცა:

„ეს არ ეხება გადაუდებელ საბიუჯეტო პროგრამებს, რომლებიც ჩვენ გასული წლის სესხით დავაფინანსეთ; მაგალითად, პანდემიის გამო გაჩენილი სესხის გამო უნდა აგვეღო დამატებითი სესხი; ეს არის განვითარების გრძელვადიანი შეთანხმებები. ამასთან დაკავშირებით ადრე იყო გაფორმებული მემორანდუმები და იმის ფარგლებში კონკრეტული პროგრამებისთვის დონორები, ამ შემთხვევაში მცირე ბიზნესის ხელშეწყობისთვის გვეხმარებიან. ეს ცალკე მიმართულებაა, რომელსაც ჩვენი დონორები გვიფინანსებენ და არ ეხება იმ გადაუდებელ აუცილებლობას, რის გამოც გასულ წელს დაწოლა ბიუჯეტზე სერიოზულად გაიზარდა“, - თქვა ნათია თურნავამ.