მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს, ახალი დაცული ტერიტორიების დაარსებას ვგეგმავთ - მინისტრი

62a5ab7379cb7
თამთა ჯიჯავაძე
12.06.22 15:20
1114
წელს ახალი დაცული ტერიტორიების დაარსებას, ხოლო არსებულის 100 000 ჰექტრით გაზრდას ვგეგმავთ, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ განაცხადა. მისი თქმით, ახალი დაცული ტერიტორიების დაარსებას სჭირდება დაფინანსება, რათა მოეწყოს ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა, ვიზიტორთა ცენტრები, ჩვენი რეინჯერები აღიჭურვონ შესაბამისი მოწყობილობებით.

„აქედან გამომდინარე, სათანადო ფინანსური მხარდაჭერის მოპოვება არის უაღრესად მნიშვნელოვანი. გერმანიის მთავრობა წლებია მხარს გვიჭერს დაცული ტერიტორიების განვითარების კუთხით. გვაქვს მიმდინარე პროექტიც; დღეს კი, ხელი მოვაწერეთ ახალ საგრანტო ხელშეკრულებას, რომელიც სწორედ დაცული ტერიტორიების განვითარებას მოხმარდება. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გერმანიის მთავრობას და გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს აღნიშნული მხარდაჭერისთვის დიდი მადლობა გადავუხადო “, - აღნიშნა მინისტრმა.

ცნობისთვის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკთან (KfW) საგრანტო ხელშეკრულება გააფორმა, რომლის მიხედვითაც, დაცული ტერიტორიების სააგენტო, ახალი დაცული ტერიტორიების შექმნისა და განვითარებისთვის, მომდევნო 6 წლის განმავლობაში, 16,250 მილიონი ევროს ღირებულების გრანტს მიიღებს.

დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკს (KfW) შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, ასევე გათვალისწინებულია მართვის ეფექტიანობისა და ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის გაუმჯობესება, კონსერვაციის უზრუნველყოფა, პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება, ეკოტურიზმის განვითარება.