მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს დსთ-ის წილი ექსპორტში იმაზე დიდია, ვიდრე დსთ-ის წევრობის დროს იყო

64181dca797a5
შოთა ტყეშელაშვილი
20.03.23 12:49
1731
2023 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ დსთ-ს ქვეყნებში 532 მილიონი დოლარის საქონელი გაიტანა ექსპორტზე, რაც მთლიანად ექსპორტის 58%-ს შეადგენდა. წინა წელთან შედარებით ამ ორგანიზაციის წევრ ქვეყნებში ექსპორტი 202 მილიონი დოლარით არის გაზრდილი. მნიშვნელოვანია გარემოება, რომ დსთ ამჟამად საქართველოს მთავარი საექსპორტო გაერთიანებაა. შედარებისთვის, ევროკავშირში ექსპორტი წელს მხოლოდ 115 მილიონი დოლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 27%-ით ნაკლებია, ხოლო EU-ს წილი მთლიან ექსპორტში გასულ წელს არსებული 21%-დან 12.6%-მდე არის შემცირებული. 

საქართველო დსთ-ს წევრი ქვეყანა 1993-2009 წლებში იყო. ეს ორგანიზაცია რუსეთის ინიციატივით 1991 წლის დეკემბერში დაფუძნდა და ის პოსტ-საბჭოთა სივრცეზე რუსეთის ეკონომიკური და პოლიტიკური კონტროლისთვის შეიქმნა. მნიშვნელოვანია გარემოება, რომ დსთ-ს წილი საქართველოს ექსპორტში არასოდეს ყოფილა ასეთი მაღალი (იანვარ-თებერვლის მონაკვეთში). 

ექსპორტში დსთ-ს წილის ზრდა სავარაუდოდ, რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულ ომს უკავშირდება, რის გამოც საქართველოს მეშვეობით საქონლის ექსპორტი გაიზარდა როგორც რუსეთში, ასევე სხვა პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში. 

ცვლილებები აისახა საექსპორტო ქვეყნების გეოგრაფიაზეც, ექსპორტში პირველ ადგილს სომხეთი იკავებს, სადაც წელს $133 მილიონი დოლარის საქონელი გავიდა, რაც წინა წელთან შედარებით 192%-ით მეტია. ექსპორტის ასეთი მატება ამ ქვეყანაში მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის მკვეთრმა ზრდამ განაპირობა. საექსპორტო ქვეყნების რეიტინგში მეორე ადგილს რუსეთის ფედერაცია იკავებს, სადაც ექსპორტი 38%-ით, 128 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.


მთავარი საექსპორტო ქვეყნების რეიტინგი ასე ნაწილდება:

1. სომხეთი - $133 მილიონი, ზრდა 192%;
2. რუსეთის ფედერაცია - $128 მილიონი, ზრდა 38%;
3. ჩინეთი - $112 მილიონი, ზრდა 18%;
4. აზერბაიჯანი - $111 მილიონი, ზრდა 20.5%;
5. ყაზახეთი - $78 მილიონი, ზრდა 393%;
6. თურქეთი - $69 მილიონი, ზრდა 10%;
7. ყირგიზეთი - $45 მილიონი, ზრდა 994%;
8. ბულგარეთი - $34.6 მილიონი, კლება 59%;
9. ესპანეთი - $21 მილიონი, ზრდა 658%;
10. პერუ - $17 მილიონი, კლება 6%.

რაც შეეხება საექსპორტო საქონლის რეიტინგს, პირველ ადგილს მსუბუქი ავტომობილები (237 მილიონი დოლარი); სპილენძის მადნები (143 მილიონი დოლარი) და ფეროშენადნობები (72 მილიონი დოლარი) იკავებს.