მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს ფარმასექტორისთვის GMP/GDP სტანდარტი ამოქმედდება - რა გამოწვევები აქვს ბიზნესს?

61cc386490ca5
ელენე გოგბერაშვილი
01.01.22 12:00
1541
საქართველოს ბაზარზე მოქმედი ფარმაცევტული საწარმოებისთვის და სადისტრიბუციო კომპანიებისთვის მიმდინარე წელს ხარისხის ახალი - GMP/ GDP სტანდარტი ამოქმედდება. ეკატერინე ტიკარაძის მინისტრობის დროს მიღებული გადაწყვეტილებით, ბიზნესს ახალი მოთხოვნების დაკმაყოფილების ვალდებულება 2022 წლის იმ კონკრეტული თვიდან წარმოეშობათ, როდესაც ფარმაცევტული პროდუქტის წარმოების ნებართვა აქვთ მიღებული.

ამავე დროს, დამატებითი შეღავათი განესაზღვრათ იმ მწარმოებლებს, რომლებსაც წარმოების ნებართვის ვადა ივნისის თვემდე აქვთ მიღებული. მათ ხარისხის სერტიფიკატი 30 ივნისამდე უნდა მოიპოვონ.

როგორც ჩანს, ახალ რეგულაციებზე მოსარგებად კერძო სექტორისთვის დაწესებული გარდამავალი პერიოდი საკმარისი მაინც არ არის. საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ფარმაბიზნესში მოქმედი 700 ოპერატორიდან შესაბამისი განაცხადი მხოლოდ 15 სადისტრიბუციო კომპანიას აქვს წარდგენილი, კარგი საწარმოო პრაქტიკის ხარისხობრივი სტანდარტი კი, მათი ინფორმაციით, დღეს ქვეყანაში მხოლოდ ერთ საწარმოს აქვს და სხვა განაცხადი ჯერ სამინისტროში არ შესულა.

ლევან გოგიბერიძე იმედოვნებს, რომ ჯანდაცვის ახალი მინისტრის პირობებში, ბიზნესსა და სამინისტროს შორის კომუნიკაცია გაგრძელდება. ასოციაცია კონსესუსის სივრცესაც ხედავს.

„დადგენილების არსებული პროექტის მიხედვით, ტექნიკურად რეგულაციები 1-ელი ივნისიდან შევა ძალაში, თუცა ჩვენი სურვილია, ჩამკეტ ვადად განისაზღვროს 2022 წლის დეკემბერი, რათა ყველა ბიზნესოპერატორი იყოს თანაბარ პირობებში. ასევე გვაქვს ინფორმაცია, რომ იმ ბიზნესებს, რომელთაც პროდუქცია გააქვთ ექსპორტზე, მომდევნო 5 წლის განმავლობაში ცვლილები არ შეეხებათ“, - აცხადებს გოგიბერიძე.

მისი თქმით, რამდენიმე კომპანია მზად იყო ახალ სტანდარტზე ეტაპობრივად გადასვლის გეგმები შეეთანხმებინა სამინისტროსთვის, თუმცა ამაზე შეთანხმება ვერ შედგა. „ზოგადად, ბაზარზე 5-6 კომპანიაა ასეთი, დისტრიბუტორები - უფრო მეტი“, - აცხადებს გოგიბერიძე.

მისივე თქმით, ასოციაციამ უკვე გაუგზავნა წერილი ჯანდაცვის ახალ მინისტრს, სადაც სექტორი არსებულ გამოწვევებზე საუბრობს და შეხვედრას ითხოვს.

ლევან გოგიბერიძე იმედს გამოთქვამს, რომ საახალწლო დღესასწაულების შემდეგ ჯანდაცვის ზურაბ აზარაშვილი ფარმაბიზნესს შეხვდება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაცია საკმაოდ მსხვილი ბიზნესგაერთიანებაა. ის 22 მწარმოებელ და სადისტრიბუციო კომპანიას აერთიანებს.